Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის თვალით დანახული უსაფრთხოება ევროპაში


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი
რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი
კრემლმა გამოაქვეყნა უსაფრთხოების შესახებ ახალი შეთანხმების პროექტი. საქმე ეხება ხელშეკრულებას, რომელიც, კრემლის წარმოდგენით, უნდა ჩაენაცვლოს ცივი ომის დროინდელ ისეთ გაერთიანებებს, როგორიც არის, მაგალითად, ნატო. წელიწადზე მეტია, მოსკოვი უსაფრთხოების საკითხზე ახალი ხელშეკრულების აუცილებლობაზე ლაპარაკობს, თუმცა დასავლეთი განსაკუთრებული ინტერესით არ ხვდება მის ინიციატივას.

ევროპაში უსაფრთხოების შესახებ ახალი ხელშეკრულება, რომლის პროექტიც კრემლმა გამოაქვეყნა, ნატოსა და ეუთოს უნდა ჩაენაცვლოს. ასე მიიჩნევენ მიზანშეწონილად კრემლში, რომლის ვებსაიტზეც კვირას გამოჩნდა დოკუმენტის პროექტი. ეს მოხდა თითქმის წელიწადნახევარში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა პირველად წამოჭრა უსაფრთხოების ახალი სისტემის საკითხი საერთაშორისო სარბიელზე, კერძოდ გასული წლის ივნისში, ბერლინში ვიზიტის დროს.

მედვედევმა გამოთქვა რწმენა, რომ „ევროპის პრობლემები ვერ მოგვარდება მანამდე, სანამ არ იქნება მიღწეული მისი ყველა შემადგენელი ნაწილის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის იდენტურობა, ორგანული ერთიანობა“.

მედვედევმა შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და რუსეთს „ევროპული ცივილიზაციის სამი განშტოება“ უწოდა. არადა, დასავლეთში მის კონცეფციას, ძირითადად, უგულებელყოფენ. ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლის ინიციატივა (გარდა იმისა, რომ არარეალისტურია) ემსახურება, უწინარეს ყოვლისა, მოსკოვის როლის გაძლიერებას საერთაშორისო სარბიელზე, ნატოსა და ეუთოს დასუსტების ხარჯზე.

შარშან ბერლინში გამოსვლისას, მედვედევმა ნატოს შესახებ განაცხადა - ცივი ომის შემდეგ, დღემდე ვერ უპოვია ახალი ფუნქციაო. „ახლა მის პოვნას ცდილობენ ალიანსის მისიის გლობალიზაციის საფუძველზე, მათ შორის გაეროს პრეროგატივების საზიანოდ“, განაცხადა მედვედევმა და დასძინა, „ახალი ფუნქციის“ პოვნას ასევე ცდილობენ მის „ნატოში ახალი წევრების მიზიდვის ხარჯზე, მაგრამ აშკარაა, რომ ეს მაინც ვერ აგვარებს დასახულ ამოცანას“.

კრემლის ვებსაიტზე კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპაში უსაფრთხოების ახალი ხელშეკრულება დაეფუძნება პრინციპს, რომ „არც ერთ სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას არა აქვს უფლება, საკუთარი უსაფთრხოება განიმტკიცოს სხვა სახელმწიფოების ან ორგანიზაციების ხარჯზე“. ამ მოწოდებით გამოდის ქვეყანა, რომელსაც დასავლეთთან ურთიერთობა დაეძაბა მეზობელ საქართველოში სამხედრო ინტერვენციის გამო. საყურადღებოა, რომ რუსეთმა ეს ინტერვენცია განახორციელა ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ახალი სისტემის ინიციატივით გამოვიდა.

ნატოს გენერალურ მდივან, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ალიანსი ამ ინიციატივასთან დაკავშირებით საპასუხო განცხადების გაკეთებას აპირებს.

პოლიტოლოგ ანდრეი პიონტკოვსკის აზრით, მოსკოვის მიზნად დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი არ უნდა მივიჩნიოთ. „ჩემი აზრით, ეს არის ერთგვარი პროპაგანდა, ძველისძველი საბჭოთა სამშვიდობო ინიციატივების სტილში. არა მგონია, მოსკოვს სერიოზულად ჰქონდეს იმის იმედი, რომ ამ დოკუმენტს ოდესმე ხელს მოაწერენ“, ამბობს პიონტკოვსკი. ის აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების პროექტი შეიცავს მხოლოდ ზოგად განცხადებას, რომ ქვეყნები ერთმანეთისადმი „მეგობრულად“ განწყობილი იქნებიან და რომ ისიც კი არ არის ნათელი, ვინ უნდა მოაწეროს ხელი დოკუმენტს. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ხელმომწერები უფლებამოსილი იქნებიან, მათზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, “განიხილონ შეიარაღებული თავდასხმის შესაძლებლობა ნებისმიერი მხარის წინააღმდეგ“. მაგრამ ნატოს მე-5 მუხლისაგან განსხვავებით, რუსეთის წინადადება არ ავალდებულებს ახალ ხელშეკრულებაზე ხელმომწერებს, სამხედრო დახმარება გაუწიონ ხელშეკრულების სხვა წევრს მასზე თავდასხმის შემთხვევაში. ამდენად, პიონტკოვსკი დასავლეთისაგან კრემლის ინიციატივაზე ზოგად, თავაზიან გამოხმაურებას მოელის და არა საკითხის სერიოზულ განხილვას.

უკვე ცნობილია საქართველოს ხელისუფლების გამოხმაურება. ის უკვე არსებული მექანიზმების აღრევის მცდელობად აფასებს ევროპული უსაფრთხოების ახალი ხელშეკრულების პროექტს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციაზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს განაცხადა, რომ რუსეთს სურს თამაშის წესების განმსაზღვრელად და გადაწყვეტილებების მიღების მინიმუმ თანამონწილედ იქცეს.
XS
SM
MD
LG