Accessibility links

logo-print

როგორ გეგმავდა ერაყი რადიო თავისუფლებაზე თავდასხმას


რადიო თავისუფლების ძველი შტაბბინა პრაღაში

რადიო თავისუფლების ძველი შტაბბინა პრაღაში

ჩეხეთის დაზვერვის სამსახურმა ორშაბათს გაამხილა მისთვის ცნობილი ძველი საქმე: ერაყის მთავრობა 2000 წელს, როცა სადამ ჰუსეინი მართავდა ამ ქვეყანას, რადიო თავისუფლებაზე, პრაღაში, თავდასხმას ამზადებდა. უშიშროების უწყებამ ტერაქტი აღკვეთა.

ვინც პარაღაში ბოლო ცხრა-ათი წლის მანძილზე ყოფილა, ცენტრში, ვაცლავის ძეგლის მიმდებარე არეალში, იხილავდა უსახურ შენობას, რომელშიც რადიო თავისუფალი ევროპა /რადიო თავისუფლება იყო განთავსებული, და შეკითხვას დასვამდა, რატომ არის ბეტონის ზღუდეებით შემოფარგლული, რატომ ვერ მიეკარები ახლოს შენობას და რატომ არის გადაკეტილი მის წინ გამავალი გზა, რომელიც ასე აღიზიანებდა პრაღელებს, განსაკუთრებით მძღოლებს. - იმიტომ, რომ ჩვენი რადიოს შენობაზე პოტენციური თავდასხმა არ იყო გამორიცხული. მაშინ, 2000-იანი წლების დასაწყისში, ვიცოდით, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. ერაყული სამსახური რადიოში 1998 წელს გაიხსნა და სადამ ჰუსეინი მას მტრულ მედიად აღიქვამდა. ახლა ჩეხეთის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ, რომ თავდასხმა მზადდებოდა, გაგვახსენა მაშინდელი ამბავი, ცნობა, რომ პრაღაში ერაყის საელჩოს თანამშრომლები შეხვდნენ მოჰამად ატას, რომელიც ნიუ- იორკში 2001 წლის 11 სექტემბერს მოწყობილი ტერაქტების უკან იდგა. 30 ნოემბერს ჩეხეთის რესპუბლიკის დაზვერვის უწყების წარმომადგენელმა, იან შუბერტმა, თქვა, რომ აქ დაგეგმილი თავდასხმის შესახებ უშიშროებას ერაყის საელჩოდან მისმა წყარომ შეატყობინა. შუბერტის თქმით, სადამ ჰუსეინმა გასცა საიდუმლო განკარგულება, ძალით შეეჩერებინათ რადიო თავისუფლების ერაყული სამსახურის მუშაობა და ამისთვის ფინანსებიც გამოყო.

აშშ-მა ჩეხეთის დაზვერვის ინფორმაციას კომენტარი არ გაუკეთა, შეკითხვა კი გაააჩინა: რატომ დუმდა აქამდე ჩეხეთის დაზვერვა, რატომ არ მოიშველია ეს ამბავი ვაშინგტონმა ერთ-ერთ მიზეზად, როცა 2003 წელს ერაყში შეჭრისთვის ემზადებოდა? დია ალ დაბასი, რომელიც ახლა პრაღაში ერაყის ელჩად მუშაობს, ჰუსეინის დროს კი, როგორც ოპოზიციონერი, ემიგრაციაში იმყოფებოდა, ამბობს, რომ ჰუსეინის მთავრობას ძალიან აწუხებდა ჩვენი რადიოს შესაძლო ზემოქმედება ერაყზე:
„ჩვენ დავადასტურეთ ინფორმაცია, რომ წინა რეჟიმი სერიოზულად ცდილობდა თავდასხმა მოეწყო პრაღაში რადიო თავისუფლებაზე თავისი საელჩოს ჯაშუშების მეშვეობით. აქაური საელჩო ერაყის საიდუმლო სამსახურის მნიშვნელოვანი შტაბბინა იყო. სადამ ჰუსეინი ცდილობდა თავდასხმა მოეწყო ამ რადიოზე, რომელიც მის შეშფოთებას იწვევდა.“

შუბერტის თანახმად, ერაყელები გეგმავდნენ თავდასხმას ჩვენს რადიოზე მის წინ გამავალი მაგისტრალის - უილსონის ქუჩის - გადაღმა მდებარე შენობიდან. იგივე წყარო იუწყება, რომ თავდასხმის იარაღი - რუსული მოდელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბართმტყორცნი, „ერ-პე-გე- 7“, ავტომატები და ტყვიები - ჩეხეთში მალულად შემოიტანეს დიპლომატიური მანქანით და საელჩოში შეინახეს.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი ჯეფ გედმინი ამბობს:

„ვფიქრობ, ეს ის შემთხვევაა, რომელიც ძალიან ცხადად და მტკივნეულად უსვამს ხაზს, თუ რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა ზოგიერთებს, – მოდით, ვთქვათ, რამდენად მომაკვდინებლად შორს შეუძლიათ წასვლა ზოგიერთებს, – რომ გზა გადაუჭრან იმას, რაც ჩვენთვის ყველასთვის თავისთავად ცხად რამეს წარმოადგენს - ეს არის სანდო ინფორმაციის თავისუფალი დინება.“

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, როგორც ითქვა, უარი თქვეს ამ ძველი შემთხვევის კომენტირებაზე. ის პირველად ჩეხეთის კერძო ტელეარხმა „ნოვამ“ გამოაქვეყნა. ჩეხეთის ოფიციალურმა პირებმა, ჩანს, ერაყელებს ამცნეს, რომ ინფორმირებულნი იყვნენ 2000 წლის გეგმის თაობაზე. 2001 წელს პრაღამ ქვეყნიდან გააძევა აჰმედ ხალილ იბრაჰიმ სამირ ალ ანი, რომელიც უთვალთვალებდა რადიო თავისუფლების შენობას და ფოტოებს უღებდა. 2003 წელს, აშშ-ის არმიის ერაყში შეჭრამდე, პრაღიდან კიდევ 5 დიპლომატი გააძევეს. სადამ ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ, ერაყის ახლანდელი ელჩის ინფორმაციით, საელჩოში მიკვლეული იარაღი - ყუმბართმტყორცნი, ავტომატები, პისტოლეტები და ამუნიცია - ჩეხეთის ხელისუფალთ გადასცეს.

მოგვიანებით აშშ-ისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ ჩვენი რადიო უფრო უსაფრთხო ახალ შენობაში გადასულიყო, რაც აღსრულდა კიდეც წელს.
XS
SM
MD
LG