Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 30 000 ჯარისკაცი გაიგზავნება


აშშ პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ავღანეთში თალიბანისა და ალ-ყაიდის მეომრებთან საბრძოლველად დამატებით 30 ათასი ამერიკელი სამხედროს გაგზავნა გადაწყვიტა. დამატებითი ძალების ჩაყვანა სულ მალე დაიწყება და მომავალი წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს. ამით ამერიკელ ჯარისკაცთა რაოდენობა ავღანეთში თითქმის ასი ათასს მიაღწევს. სამშაბათს საღამოს ვესტ პოინტში სამხედრო აკადემიაში გამოსვლისას ობამამ აგრეთვე განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ეცდებიან რაც შეიძლება მალე დატოვონ ავღანეთი. ეს, სავარაუდოდ 2011 წლის ივლისი, ან წელიწადნახევარი მას შემდეგ, რაც ავღანეთის ძალები აიღებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ობამას არ დაუსახელებია ავღანეთში მისიის დასრულების ზუსტი თარიღი. ობამამ განაცხადა, რომ ავღანეთში ვითარება კიდეც გაუარესდა, რადგან თალიბანი დღეს თავისუფლად გრძნობს თავს პაკისტანის საზღვრის ახლოს მდებარე ტერიტორიაზე. ”ეს საერთაშორისო ოპერაციაა და მე ვთხოვე ჩვენს მოკავშირეებს შემოუერთდნენ ჩვენს გადაწყვეტილებას. ზოგიერთმა უკვე გაგზავნა დამატებითი ჯარები და გვჯერა, რომ მომავალ დღეებსა და კვირებში ეს კიდევ მოხდება. ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდით იბრძოდნენ, სისხლს ღვრიდნენ და იღუპებოდნენ ავღანეთში. ახლა უნდა დავდგეთ ერთად, რომ წარმატებით დავასრულოთ ეს ომი. ახლა სასწორზე დევს არა მხოლოდ ნატოს სანდოობა, არამედ - ჩვენი მოკავშირეებისა და ზოგადად - მსოფლიოს უსაფრთხოება”, - აცხადებს აშშ პრეზიდენტი. ”მოძალადე ექსტრემისტებთან ბრძოლა იოლი არ იქნება და სწრაფად არ დასრულდება და ეს ბრძოლა ავღანეთსა და პაკისტანის ფარგლებს ცდება. ეს იქნება ჩვენი თავისუფალი საზოგადოებისა და მსოფლიოში ჩვენი ლიდერობის ხანგრძლივი გამოცდა და მეოცე საუკუნისგან განსხვავებით, რომელიც დიდ ძალაუფლებებს შორის კონფლიქტითა და მკაფიო გამყოფი ხაზებით ხასიათდებიდა, ჩვენი ბრძოლა გულისხმობს არეულ რეგიონებში მტრის გაუვნებელყოფას”. ბარაკ ობამას შეფასებით, ავღანეთში არადმგრადი ვითარებაა: ”კვლავაც უდიდესი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ავღანეთი არ არის დაკარგული, მაგრამ რამდენიმე წლის მანძილზე უკუსვლა შეინიშნება. არ არსებობს ავღანეთის მთავრობის ჩამოგდების უშუალო საფრთხე, თუმცა, თალიბანმა ისარგებლა მდგომარეობით. ალ ყაიდა ისეთივე მასშტაბით არ მოქმედებს ავღანეთში, როგორც ეს 2001 11 სექტემბრამდე იყო, მაგრამ ისინი უსაფრთხოდ გრძნობენ თავს საზღვრისპირა რეგიონში. ჩვენს ძალებს არ გააჩნიათ საკმარისი მხარდაჭერა ავღანეთის უშიშროების ძალების ეფექტიანად გაწვრთნისა და ხელშეწყობისთვის, მოსახლეობის უკეთესად დაცვისთვის. ავღანეთში ჩვენი ახალი სარდალი - გენერალი მაკკრისტალი აცახდებს, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა ბევრად სერიოზულია, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ: სტატუს კვო არ არის მდგრადი”.
XS
SM
MD
LG