Accessibility links

logo-print

რუსმა სამხედროებმა მგზავრები დააკავეს


რუსი სამხედროების საგუშაგო გალში

რუსი სამხედროების საგუშაგო გალში

დღეს დილით, ხუთ საათზე, რუსმა სამხედროებმა, რომლებიც სამეგრელო-აფხაზეთის საზღვარს აკონტროლებენ, ზუგდიდიდან გალის რაიონში მიმავალი მიკროავტობუსი დააკავეს. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის უფროსის თორნიკე კილანავას ინფორმაციით, მძღოლს მერაბ შარიას და თხუთმეტივე მგზავრს წესრიგში ჰქონდა ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის ყველა სათანადო დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, ისინი დააკავეს და გალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სხვა ინფორმაცია მგზავრების ადგილსამყოფელის შესახებ დევნილ მთავრობას არ მოეპოვება.

ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით სოფელ თაგილონის მიკროავტობუსის მძღოლი მერაბ შარია რუსმა სამხედროებმა უკვე მეორედ დააკავეს. რამდენიმე კვირის წინ შარიამ რუსეთის სასაზღვრო ჯარების გალის სამმართველოში ჯარიმა გადაიხადა, რის შემდეგაც გაათავისუფლეს, - ამბობს თორნიკე კილანავა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მგზავრების დაკავებას ადასტურებს თაგილონელი მამაკაციც. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მგზავრები, რომლებიც თავს შეუძლოდ გრძნობდნენ - გაუშვეს, დანარჩენები კი გალში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ - პირველ დეკემბერს რუსმა სამხედროებმა სამეგრელო-აფხაზეთის საზღვართან გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მიმავალი ავტობუსის ექვსი მგზავრი დააკავეს. აფხაზეთის დევნილი მთავრობის ინფორმაციით, ისინი ამ დრომდე გალის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან.
XS
SM
MD
LG