Accessibility links

logo-print

ცხინვალმა ორ მოზარდს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა


დაკავებული არასრულწლოვნები

დაკავებული არასრულწლოვნები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და კომუნიკაციების სამინისტროს სააგენტო ”რეს”-ის ინფორმაციით ცხინვალში ოთხი ტირძნისელი მოზარდის სასამართლო პროცესი დასრულდა. სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასამართლო პროცესზე ეჭვმიტანილმა მოზარდებმა ნაწილობრივ აღიარეს დანაშაული.

სააგენტო იუწყება, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ ნელი თიბილოვმა გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმადაც ვიქტორ ბუჩუკურსა (16 წლის) და ლევან ხმიადაშვილს (17 წლის) მიესაჯათ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ამ სასჯელს ისინი საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდიან. დანარჩენ ორ ქართველ მოზარდს - ალეკო ცაბაძესა (14 წლის) და გიორგი რომელაშვილს (14 წლის) ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა და ისინი გაათავისუფლეს სასამართლოს დარბაზიდან.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პოსტკონფლიქტური საკითხების დარეგულირების სამსახურის აპარატის ინფორმაციით, ევროსაბჭოს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგი ცხინვალში აგრძელებს მოლაპარაკებებს და იგი მანამდე არ აპირებს ქალაქის დატოვებას, სანამ დღევანდელი სასამართლო პროცესის ყველა მონაწილეს არ გაათავისუფლებენ, - იუწყება სააგენტო ”რეს”.

ქართველი მოზარდების ახლობლები ჯერ კიდევ ერგნეთის საგუშაგოსთან არიან და ელოდებიან თომას ჰამარბერგს, რომელიც, სავარაუდოდ, გიორგი რომელაშვილსა და ალეკო ცაბაძეს ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოიყვანს.

გორის რაიონის სოფელ ტირძნისის მცხოვრები ოთხი არასრულწლოვანი გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი ოსმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმი მათ ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში სდებს ბრალს. ბავშვები 29-ე დღეა ტყვეობაში არიან.
XS
SM
MD
LG