Accessibility links

logo-print
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერსპექტივა და საარჩევნო გარემო კვლავაც რჩება პრესის ერთ-ერთ მთავარ თემად.

”რეზონანსი” ”საქართველოს გზის” ლიდერ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ის ამბობს: ”ოპოზიციამ ხელახლა უნდა მოიფიქროს სტრატეგია, რომ ხელისუფლებას არ დაუტოვოს არჩევანი. სასურველია ერთი კანდიდატი ჰყავდეს ოპოზიციას, ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ოპოზიცია არის ერთიანი და შეუძლია კრიზისის გადალახვა. შესაძლოა, სააკაშვილმა გამოიყენოს ჟორდანიას სცენარი - ეს არის რუსეთის გამოწვევა შემოტევაზე და ამის შემდეგ ის შეიძლება წავიდეს უცხოეთში, როგორც პოლიტიკურად დევნილი და თან წაიღოს თავისი ფული და მიიღოს ხელშეუხებლობა.”
არჩევნების თემაზე ”რეზონანსშივე” წაიკითხავთ მოსაზრებას.

”თუ ისევ გააქტიურდება ”ნაცადი თბილისელი” ლევან გაჩეჩილაძე, მალულად აღარ შეხვდება მიხეილ სააკაშვილს და მთლიანად ალასანიას მხარდაჭერაზე გადაერთვება ადგილობრივ არჩევნებამდე, ხელისუფლებას შეიძლება ოხრად დაურჩეს ის ”თავისი” 30 პროცენტი (ან, ცოტა მეტი), რადგან ალასანია, ალბათ, უფრო მეტი ხმის მოგროვებას შეძლებს (თუკი მისი გუნდი გონივრულ საარჩევნო ტაქტიკას მიმართავს ამ ურთულეს პირობებში”, - წერს ”რეზონანსში” გამოქვეყნებული მოსაზრების ავტორი.

”ახალი თაობის” შეკითხვას - ”30 პროცენტიან საარჩევნო ბარიერს დათანხმდებით?” - ირაკლი ალასანია პასუხობს: ”ამის შეცვლისთვის ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. ჯერ არ არის ყველაფერი გადაწყვეტილი. საკანონმდებლო პროცესი ჯერ არ არის დასრულებული. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება თავის სიტყვას იტყვის. თბილისელები იტყვიან თავიანთ სიტყვას, თუ როგორი ლეგიტიმურობის მერი სჭირდება თბილისს”, - ამბობს ალასანია. მას ”ახალი თაობა” ესაუბრა.

”ობიექტური არჩევნებიც რომ ჩატარდეს, ოპოზიცია ისეა დაქუცმაცებული, უგულავას გარდა ვერავინ მოიგებს”, - ამბობს ირინა სარიშვილი. მასთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი ”ვერსია”.

ამავე გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში კობა დავითაშვილი საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გაქრობის, აგრეთვე ოპოზიციის ერთიანობის საჭიროებას უსვამს ხაზს: ”სამწუხაროდ, ახლა ეს ერთობა სასურველზე ნაკლებია, მაგრამ ტენდენციები ერთიანობისკენ არის და, რაც მთავარია, ეს ხალხის მოთხოვნაა.”

”24 საათის” ავტორი კავკასიაში რუსეთის პოლიტიკაზე წერს და ცდილობს გააანალიზოს ის, თუ რას გულისხმობს აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება, მთიანი ყარაბახის ძალით დაბრუნება არ არის გამორიცხულიო. ”სომხურ-თურქული ურთიერთობების დათბობა კრემლს არათუ აღიზიანებს, აიძულებს კარდინალურად შეცვალოს თავისი პოლიტიკა. აზერბაიჯანისა და სომხეთის ომი ყველაზე მომგებიანი ”პროექტი” იქნებოდა კრემლისთვის. ჯერ ერთი, რუსეთი ”დაეხმარება” ორივე მხარეს, რომ ომი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. შემდეგ, ახალი სამხედრო დოქტრინის თანახმად, რუსული ჯარები ორივე სახელმწიფოს დაიკავებენ და, ალბათ, ყველაზე მთავარი, უკვე ”შემოვლითი გზით” საქართველოზეც გზა ხსნილი იქნება”, - წერს ”24 საათის” ავტორი, რომელიც არ არის დარწმუნებული, რომ, როგორც თავად წერს, ”ამ რუსულ ”ოცნებას” ასრულება უწერია”, მაგრამ თვლის, რომ ”მსოფლიოს თანამეგობრობას გაათმაგებული ძალისხმევა მოუწევს საფრთხის თავიდან ასაცილებლად.”

”საქართველოს რესპუბლიკა” საქართველოში პენსიის საკითხზე წერს სტატიაში, სათაურით ”ასე მწარედ დამიბერდი?!” ”საქართველოში უკიდურესად საგანგაშოა პენსიონერთა და დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობათა თანაფარდობა. ეს თანაფარდობა ოპტიმალურია, როდესაც ყოველ 100 პენსიონერზე არანკლებ 280-300 დაქირავებით დასაქმებული მოდის. საქართველოში დღეისთვის 572,5 ათასი დაქირავებით დასაქმებულია, ანუ ყოველ 100 პენსიონერზე მხოლოდ 68 დასაქმებული - ოპტიმალურ დონესთან შედარებით, დაახლოებით, 4,4 და ოცი წლის წინანდელ დონესთან შედარებით - 3,9-ჯერ ნაკლები”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი.
XS
SM
MD
LG