Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიტყვები და შეფასებები ნატოს მინისტერიალის წინ


ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა “წარმატების ფართო სტრატეგია” უწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, გადაწყვეტილებას ავღანეთში დამატებითი ამერიკული ძალების გაგზავნის თაობაზე. ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც წინ უძღვის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრას, ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ სოლიდური კონტინგენტის გაგზავნას ავღანეთში და კვლავ გაიმეორა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიური შეხვედრა ბრიუსელში დეკემბრის პირველ კვირაში იმართება და, ბოლო წლების ტრადიციით, განსახილველი საკითხებიც ერთმანეთს წააგავს: ავღანეთში ნატოს უსაფრთხოების მხარდამჭერი ოპერაციის მიმდინარეობა, ალიანსის როლი ევროპულ უსაფრთხოებაში, ბალკანეთი და რუსეთთან ურთიერთობა, რაც ბოლო წლებში წინააღმდეგობრივად ვითარდება, განსაკუთრებით საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - ოკუპაციისა და მათი ცალმხრივად ცნობის შემდეგ. თუმცა, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი აპირებს უხელმძღვანელოს ნატო-რუსეთის კომისიის სხდომას, რომელიც ერთობლივი საფრთხეების დადგენას და მათი დაძლევის გზებზე მსჯელობას შეეხება:

„ჩემი, როგორც ნატო-რუსეთის საბჭოს თავმჯდომარის მიზანია, შევძლოთ შეთანხმება 21-ე საუკუნის საფრთხეებისა და გამოწვევების ერთობლივ გადასინჯვაზე, შევიმუშაოთ კონკრეტული სამუშაო გეგმა, რათა ერთად მეტის გაკეთება შევძლოთ ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად, რაც მომგებიანი იქნება ნატო-რუსეთის საბჭოში შემავალი ყველა ქვეყნისთვის.“
ამ საფრთხეებში იგულისხმება ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების მხარდამჭერი ოპერაცია, რომლის წარმატებაში ალიანსს რუსეთის ლოგისტიკური და სატრანსპორტო მხარდაჭერის იმედიც აქვს. თუმცა რუსეთის საგანგებო წარმომადგენელმა ნატოში დმიტრი როგოზინმა ალიანსის დამოკიდებულებას ეგოისტური უწოდა:

“ნატო ჯიუტად ამბობს უარს რუსეთის მიწვევაზე იმ შიდა ფორმატებში, რომლებიც ავღანეთის მომავალს შეეხება. თანაც, ყოველ ჯერზე, ელჩების ყველა სხდომაზე, რომელიმე ელჩი დგება და გვეკითხება, თუ კიდევ რისი შეთავაზება შეუძლია რუსეთს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციის ზურგისა და ლოგისტიკური მხარდაჭერისათვის.”

ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს რუსეთის წარმომადგენლის ამ კრიტიკაზე რეაგირება არ მოუხდენია. სამაგიეროდ, ალიანსის ხელმძღვანელი გამოეხმაურა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს და „მნიშვნელოვანი“ უწოდა ქართული კონტინგენტის ავღანეთში გაგზავნას.

“მე მსურს განსაკუთრებით გამოვყო საქართველო იმ სოლიდური კონტინგენტისათვის, რომელსაც იგი გზავნის ავღანეთში.”

ანდერს ფოგ რასმუსენმა გაიმეორა, რომ ალიანსი ერთგულია ნატოს ბუქარესტის სამიტზე 2008 წლის აპრილში მიღებული მემორანდუმისა, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, თუკი ეს ქვეყნები დააკმაყოფილებენ შესაბამის სტანდარტებს.

“საქართველო-ნატოს საბჭოს სხდომაზე ჩვენ ვიმსჯელებთ რეფორმების პროგრესზე, რომლის მხარდაჭერაც ნატოს მხრიდან გაგრძელდებაო”, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა 2 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. საქართველო-ნატოს მუდმივმოქმედი საბჭო 2008 წლის სექტემბერს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ დაარსდა და ამ ფორმატში წელიწადში რამდენჯერმე ხდება საქართველოს მიერ ალიანსის წინაშე ნაკისრი ვადებულებების შესრულების განხილვა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG