Accessibility links

2 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა და ევროსაბჭოს დემოკრატიისა და პოლიტიკურ ურთიერთობათა მიმართულების დირექტორმა ჟან ლუი ლორანმა საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხები განიხილეს. საუბარი იყო საქართველოში რელიგიურ უმცირესობათა უფლებებისა და ე.წ. თურქი მესხების დაბრუნების შესახებაც.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილისა და ევროსაბჭოს დემოკრატიისა და პოლიტიკურ ურთიერთობათა მიმართულების დირექტორის ჟან ლუი ლორანის შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ამ ტერიტორიებზე განსახორციელებელი სახელმწიფო სტრატეგია იყო, რომლის გარშემოც კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან უკვე მიმდინარეობს. თემურ იაკობაშვილი 2 დეკემბერს ოთხი ქვეყნის ელჩებსაც შეხვდა. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩებს, ასევე საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების მოადგილეებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, თავად თემურ იაკობაშვილმა კი აღნიშნა, რომ აქტიური დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს დღეს განსაკუთრებით სჭირდება:

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ აქტიური დიპლომატია საჭიროა იმისათვის, რომ არ მოხდეს ეროზია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, რუსეთი საკმაოდ აქტიურად მუშაობს ჩვენი ტერიტორიების სხვა სახელმწიფოთა მიერ აღიარების საკითხთან დაკავშირებით და საქართველომაც, თავის მხრივ, მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ყველა ქვეყანას.“

რას გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებზე? - ვკითხეთ ინტეგრაციის მინისტრს.

” რას აპირებს საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, როგორ ვურთიერთობთ ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან, რას ვაკეთებთ მათ დოკუმენტებთან მიმართებაში, მაგალითად, იმავე დაბადების მოწმობებთან მიმართებაში. რაღაც მექანიზმია აქაც გამოსაგონებელი, რადგან იურიდიული დოკუმენტი ის არ არის. როგორ უნდა ხდებოდეს მოსახლეობის გადაადგილება, იგივე განათლების საკითხები. ძალიან ბევრი ისეთი საკითხია, რომელსაც სჭირდება პასუხი და ეს სტრატეგია იქნება პასუხი ამ კითხვებზე.”

სტრატეგიის პირველი ვერსიის განხილვა 11 დეკემბერსაა დაგეგმილი. თბილისში ამ დროისათვის ოთხივე ქვეყნის დელეგაციას ელიან.

რაც შეეხება მინისტრის ერთსაათიან შეხვედრას ჟან ლუი ლორანთან, აღნიშნული სტრატეგიის გარდა, მათ საქართველოს იმ ვალდებულებების შესახებაც ისაუბრეს, რაც ქვეყანას ევროსაბჭოს წინაშე აქვს აღებული:

ჟან ლუი ლორანი: ”ბატონ იაკობაშვილთან ინტეგრაციის სტრატეგია განვიხილეთ. ვისაუბრეთ მისი განხორციელების შესაძლო დახმარებაზეც ევროსაბჭოს მხრიდან იმ ტერიტორიებზე, სადაც ევროსაბჭოს კომპეტენცია ვრცელდება. ასევე ვისაუბრეთ საქართველოში მესხების დაბრუნების პროცესზე.”

თემურ იაკობაშვილი 2 დეკემბერს ტირძნისელი ბავშვების გათავისუფლების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა:

”ყველა ჩვენი საუბარი ეხება ტირძნისელ ბავშვებს, მოლაპარაკებები დღესაც გრძელდება. ვნახოთ, ბატონი ჰამარბერგი როგორ მოახერხებს მათ დარწმუნებას, რომ ეს ბავშვები უნდა გამოუშვან. ელჩებმაც მაცნობეს, რომ მათი მთავრობები აქტიურად არიან ამ პროცესში ჩართული და არაერთხელ მიმართეს რუსეთს დემარშებით და მე ვფიქრობ, რომ ეს სიტუაცია ასე დიდხანს ვერ შენარჩუნდება. ეს ბავშვები რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ სახლში.”
XS
SM
MD
LG