Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი მოზარდი სახლშია, ორი - ჯერ კიდევ პატიმრობაში


ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული არასრულწლოვნების გიორგი რომელაშვილისა და ალეკო ცაბაძის დაკითხვა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში გვიან ღამით დასრულდა. მოზარდებმა მოგვიანებით ჟურნალისტებთან ცხინვალში გატარებული პატიმრობის დეტალები გაიხსენეს. მათ დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე იარაღის გადატანა უარყვეს და აღნიშნეს, რომ ხელყუმბარები მათ ჩანთაში ჩაუდეს.

გიორგი რომელაშვილსა და ალეკო ცაბაძეს ცხინვალის სასამართლომ 1 წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, ხოლო ლევან ხმიადაშვილსა და ვიქტორ ბუჩუკურს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სასჯელის კოლონიაში მოხდით. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა, გათავისუფებულები ცხინვალიდან ერგნეთის საგუშაგოზე გამოიყვანა და ქართველ სამართალდამცავებს გადასცა. ჰამარბერგმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კოკოითის ხელისუფლებისგან მიიღო პირობა ორი მოსწავლის 10 დღეში შეწყალების აქტით გაათავისუფლების შესახებ.

გათავისუფლებული მოზარდების მშობლები გახარებულები არიან, მაგრამ გული იმაზე სწყდებათ, რომ მათი შვილების მეგობრები კვლავ ცხინვალის ციხეში რჩებიან. ეკა ცაბაძე დაკავებული ბავშვების მშობლებს მალე შვილების გათავისუფლებით გამოწვეული სიხარულის განცდას უსურვებს.

ცხინვალში სასამართლოს გამართვამდე, ოთხშაბათს დილით, ქართულმა მხარემ მის მიერ დაკავებული დე ფაქტო რესპუბლიკის ხუთი მოქალაქე გადასცა ოსურ მხარეს.

ოსური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დღეს ცხინვალში ექვსი ლამისყანელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ისინი ახალგორის მიმდებარე ტყეში შეშის ჭრის დროს დააკავეს და ხე-ტყის კონტრაბანდისა და საზღვრის უკანონოდ გადალახვის ბრალდება წაუყენეს, თუმცა კონტრაბანდის ბრალდება მოგვიანებით მოუხსნეს. ქართული მხარის ინფორმაციით, მათი გათავისუფლებაც უახლოეს პერიოდში მოხდება.
XS
SM
MD
LG