Accessibility links

საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებული უკმაყოფილების ახალი ტალღა


საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომა

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლებს არაერთი პრეტენზია აქვთ, პროექტი საპარლამენტო განხილვების სწრაფ პროცესშია: 30 ნოემბერს ინიცირებული იყო ბიუროს სხდომაზე, 3 დეკემბერს შედგა მოსმენა საპარლამენტო სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ხოლო 4 დეკემბერს პროექტი უკვე, პირველი მოსმენით, პლენარულ სხდომაზე გავა. ხსენებულ პროცესს ემიჯნება ”ქართული დასი” და მიზეზად ხელისუფლების მიერ NDI-ის ფორმატში მიღწეული შეთანხმების დარღვევას ასახელებს.

„ქართული დასის“ ლიდერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ხელისუფლებას ორი ძირითადი საკითხის იგნორირებაში ადანაშაულებს. ”პირველი საკითხი, რომელიც ხელისუფლებამ დაარღვია, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. წარმოდგენილი პროექტით, ხელისუფლება კვლავაც ინარჩუნებს კონტროლს ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაზე - ცენტრალურ, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებზე. ხელისუფლება საკონტროლო პაკეტით არის წარმოდგენილი. ვინც ითვლის ხმებს, ის იგებს არჩევნებს - ასეთი პრინციპი მუშაობს საქართველოში, სამწუხაროდ. და ხმებს ის ითვლის, ვინც უმრავლესობაშია ამ ადმინისტრაციებში”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბაღათურიამ.

საარჩევნო ადმინისტრაციების პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტებას NDI-ის ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებზე, „ქართული დასის“ გარდა, საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის სხვა პარტიებიც მოითხოვდნენ, მაგრამ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ეს საკითხი გარკვეული ფორმით მაინც მოხვდა შეთანხმებული საკითხების ჩამონათვალში, რომელსაც ჯგუფში მონაწილე პოლიტიკურმა ძალებმა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივით, 24-25 ნოემბერს მოაწერეს ხელი. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებას ”ალიანსი საქართველოსთვის”, ნაციონალურ მოძრაობასთან შეუთანხმებლობის გამო, ამ ერთობლივი დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია და, შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა კანონპროექტი ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მის გარეშე მოამზადეს.

„ალიანსისგან“ განსხვავებით, ერთობლივ დოკუმენტს ხელი მოაწერა „ქართულმა დასმა“, მაგრამ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებული საკითხი ღიად, ხელმოწერის გარეშე დატოვა. შესაბამისად, ჯონდი ბაღათურია მოელოდა, რომ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდებოდა. თუმცა ხელისუფლება ამ საკითხს შეთანხმებულად მიიჩნევს და უკვე ძალიან დიდ მიღწევად თვლის იმ ფაქტს, რომ საარჩევნო კომისიებში მდივნების პოსტებს ოპოზიციის წარმომადგენლები დაიკავებენ. ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე საუბნო კომისიის მდივნის როლს მეტად მაღალი შეფასება მისცა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები სწორედ ორშაბათს განიხილა პარლამენტის ბიურომ და მაშინვე დაიწყო საუბარი კიდევ ერთ სადავო საკითხთან დაკავშირებით. დედაქალაქის საკრებულოსთვის კანდიდატების შერჩევის წესი „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას აღშფოთების მეორე მიზეზს წარმოადგენს:

”პარლამენტის წევრებს არ უნდა მიეცეთ უფლება, უფლებამოსილების მოხსნის გარეშე მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. შედგა შეთანხმება, რომ ასეთი ინიციატივა აღარ გამოვიდოდა, თუმცა წარმოდგენილ პროექტში ხელისუფლებამ ეს შეთანხმებაც დაარღვია. ეს არის პირობის გატეხა. სიტყვას შესრულება უნდა... ამიტომ ჩვენ ვემიჯნებით და ვუპირისპირდებით ამ პროექტს.”

ჯონდი ბაღათურია პოზიციების დათმობას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ NDI-ის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებისას ის, ცალკეული საკითხების გამო, ერთიანი შეთანხმების დარღვევის მოწინააღმდეგედ გამოდიოდა და მისი შენიშვნები, გარკვეულწილად, ეხებოდა გაერთიანებას ”ალიანსი საქართველოსთვის”, რომელმაც ორი პრინციპული საკითხის გამო უარი თქვა ხელისუფლების პოზიციის გაზიარებაზე. მერის არჩევისთვის დასაწესებელი ბარიერის გარდა, „ალიანსმა“ პოზიცია არც საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების საკითხზე დათმო.

დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე პრეტენზიები საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმაც გამოხატეს. მაგალითად, ქრისტიან-დემოკრატი დეპუტატის ლევან ვეფხვაძის თქმით, პროექტში გათვალისწინებული ცვლილებებიდან მხოლოდ მცირედი ნაწილია შეთანხმებული მხარეებს შორის და ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

ასეა თუ უსე, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ხუთშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა კანონპროექტს პარასკევს უკვე პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. მისი დაკანონება წლის ბოლომდე იგეგმება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში აცხადებენ, პროექტში ცვლილებების შეტანა კიდევ არის მოსალოდნელი, თუმცა არა პრინციპულ საკითხებთან მიმართებით.
XS
SM
MD
LG