Accessibility links

logo-print
როგორია საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა? რას უპირისპირებს რუსეთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ალიანსისაკენ სწრაფვას? ამ საკითხებზე სასაუბროდ ანდრეი ბაბიცკი თბილისში, კიევსა და მოსკოვში მოღვაწე ექსპერტებს დაუკავშირდა. გთავაზობთ დისკუსიის ჩანაწერს.

ანდრეი ბაბიცკი: პრაღის სტუდიასთან სატელეფონო კავშირზე არიან: მოსკოვიდან - მაქსიმ შევჩენკო, თბილისიდან - ზურაბ აბაშიძე, საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ნატოში, და კიევიდან - პოლიტოლოგი მიხეილ პოგრებინსკი. 2 დეკემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუნსენმა დაადასტურა, რომ ნატოს ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები. მაქსიმ შევჩენკოსთან მაქვს პირველი შეკითხვა. მიიჩნევთ თუ არა, რომ საქართველოს დაახლოება ნატოსთან შეუქცევადი პროცესია, თუ მოსკოვს ჯერ კიდევ შეუძლია როგორღაც შეეწინააღმდეგოს?

მაქსიმ შევჩენკო: პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ ეს ორი შეუძლებელი რამ არის. საქართველო ესაა ქვეყანა მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტებით, სხვა ქვეყნებისადმი ტერიტორიული პრეტენზიებით. ამიტომ თანამედროვე საქართველოს ჩართვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების შემადგენლობაში გამოიწვევს იმას, რომ ნატოს წევრი ქვეყნები იძულებულნი იქნებიან მონაწილეობა მიიღონ ჰიპოთეტურ საომარ მოქმედებებში, რომელიც შეიძლება წამოიწყოს სააკაშვილის ან სხვა რომელიმე რეჟიმმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. რაც შეეხება უკრაინას, ამ ქვეყანაზე ხდება უპრეცედენტო ზეწოლა და ამ ზეწოლას უკრაინის მოსახლეობაზე ახორციელებს პრეზიდენტი იუშჩენკო, თუმცა პირადად მე მიმაჩნია, რომ არსებული სახით უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღება წარმოუდგენელი რამაა. ამიტომ რუსეთს არც სჭირდება რაიმე სახის ძალისხმევა, რათა ეს ორი სახელმწიფო ვერ გახდეს ნატოს წევრი.

ანდრეი ბაბიცკი: ზურაბ აბაშიძე, თქვენ მოისმინეთ, რაც თქვა მაქსიმ შევჩენკომ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ნატოს გენერალური მდივანი ცრუობს და სინამდვილეში არანაირი პერსპექტივა არ არსებობს? მით უმეტეს, რომ ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას მართლა დაჰპირდნენ ალიანსში გაწევრიანებას განუსაზღვრელ მომავალში, ვადებისა და წევრობისათვის მოსამზადებელი გეგმის გარეშე.

ზურაბ აბაშიძე: ვფიქრობ, რომ ეს არის ნატოს პოზიციის დადასტურება და მიუთითებს იმაზე, რომ ნატოს პოზიცია არც გასული წლის ომის შემდეგ შეუცვლია. ალიანსი არსებითად პერსპექტიულად მიიჩნევს უკრაინისა და საქართველოს ნატოში შესვლას, თუმცა ამას ხელი შეიძლება შეუშალოს მხოლოდ შარშანდელი აგრესიის მსგავსმა მოვლენამ და დასავლეთის ისეთმა რეაქციამ, როგორიც შარშან ჰქონდა.

ანდრეი ბაბიცკი: მაგრამ იმ პრობლემების გადაჭრა, რომელთა შესახებაც მაქსიმ შევჩენკო ლაპარაკობდა, მართლა შეუძლებლად მიმაჩნია. რა შანსი აქვს საქართველოს, განუსაზღვრელ მომავალში მართლაც შევიდეს ალიანსში?

ზურაბ აბაშიძე: მოუგვარებელი კონფლიქტების საკითხი არსებითად, მართლაც, დილემაა და ალიანსის წევრებსაც არ აქვთ მკაფიო პოზიცია, თუმცა სხვადასხვა დონეზე არაერთხელ თქმულა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეასრულებს ნატოს რეკომენდაციებს, ეს გადაუჭრელი პრობლემები ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ალიანსში შესვლას. საქართველოს არც მეზობელ ქვეყნებთან აქვს ტერიტორიული პრეტენზიები. არ ვიცი, რომელ ქვეყანას გულისხმობდა ბატონი შევჩენკო, როცა ამის შესახებ ლაპარაკობდა. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არ არიან დამოუკიდებელი ქვეყნები. მთელი მსოფლიო, ერთი-ორი ქვეყნის გარდა, ამ რეგიონებს საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.

მაქსიმ შევჩენკო: მიმაჩნია, რომ, თუ საქართველო შევა ნატოში, მას მოუწევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დავიწყება. იმიტომ რომ, თუ საქართველო გახდება ნატოს წევრი, სოხუმი და ცხინვალი ავტომატურად მიიღებენ სუვერენიტეტს და არანაირ, ეგრეთ წოდებულ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ლაპარაკიც კი აღარ იქნება.

ზურაბ აბაშიძე: მესმის, რომ თქვენ ყურადღებას აქცევთ ჩვენს განცდებს, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ამ საკითხთან მიმართებაში საერთაშორისო სამართლით ნაკარნახევი პასუხი არ გვაქვს, არც ნატოს აქვს მკაფიო ხედვა, მაგრამ გზა და კარი გახსნილია და თუ სხვა რეკომენდაციებიც სრულად შესრულდება, მაშინ, ვფიქრობ, შეიქმნება ახალი რეალობა. თუ, რა თქმა უნდა, მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან შარშანდელის მსგავს ქმედებას არ ექნება ადგილი. მიმაჩნია, რომ საომარი მოქმედებების გამოწვევის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ წინ აღდგომოდნენ საქართველოს შესვლას ნატოში და, მე მგონი, ეს ჩვენს რუს კოლეგებსაც არ უარუყვიათ.

ანდრეი ბაბიცკი: მიხეილ პოგრებინსკი. კიევი. მაქსიმი შეეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. მართლაც, საქართველოს მოქალაქეების უმეტესი ნაწილი მხარს უჭერს ამ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას, უკრაინის მოსახლეობასთან მიმართებაში კი ყველაფერი ასე მარტივად არ არის. სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებენ, რომ, სულ ცოტა, უკრაინის მოსახლეობის ნახევარი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგია. რა ვუყოთ ამას?

მიხეილ პოგრებინსკი: პირველ რიგში, მინდა შევნიშნო, რომ ბატონ რასმუნსენის კომენტარში ნათქვამია, რომ ვალდებულება, რომელიც საქართველოსა და უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით იქნა მიღებული, შენარჩუნებულია. ამასთან ერთად, თუ ინგლისურიდან სწორად ვთარგმნი, არის ასეთი დათქმაც: როცა ეს ქვეყნები შესაბამისობაში იქნებიან ნატოს სტანდარტებთან და მიიღებენ გადაწყვეტილებასო ... ეს მომენტი - „მიიღებენ გადაწყვეტილებას“ - პრინციპულად მნიშვნელოვანია! არ მახსენდება, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილებაში ასეთი სიტყვები ყოფილიყო. მაშინ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღების თხოვნაზე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ხელმოწერები აღიქმებოდა უკრაინის გადაწყვეტილებად შესულიყო ნატოში, დღეს კი, როგორც ჩანს, არის იმის გაგება, რომ ნატოს ქვეყნები ვალდებულებას შეასრულებენ, როგორც ეს ჩაწერილია ბუქარესტის გადაწყვეტილებაში, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის გადაწყვეტილებებს ეს ქვეყნებიც მიიღებენ. რაც შეეხება საქართველოს, გეთანხმებით. გამოკითხვები აჩვენებს, რომ უმრავლესობა წევრობის მომხრეა. უკრაინაში, რა თქმა უნდა, სულ სხვანაირი მდგომარეობაა. ახლა რომ რეფერენდუმი ტარდებოდეს, არანაკლებ სამოცდაათი პროცენტისა ნატოს წევრობის წინააღმდეგ მისცემდა ხმას.

ანდრეი ბაბიცკი: მაქსიმ შევჩენკოს მივმართავ. როგორც ბატონმა აბაშიძემ განაცხადა, გზა, მართლაც, ხსნილია, მაგრამ გასაგებია, რომ ამ გზაზე შეიძლება იყოს გარკვეული დაბრკოლებები, ისეთებიც, რომელთა შესახებაც ახლა მიხეილ პოგრებინსკი ლაპარაკობდა, და მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემებიც, რომლებიც საქართველოს აქვს... ამის მიუხედავად, პროცესი მიდის, ვადები კი, შესაძლოა, ისე მნიშვნელოვანი არც იყოს. აშკარაა, ადრე თუ გვიან, საქართველოს და უკრაინას შეუძლიათ ალიანსის წევრები გახდნენ. თქვენი აზრით, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოსკოვი თანდათანობით კარგავს გავლენას პოსტსაბჭოთა სივრცეში?

მაქსიმ შევჩენკო: შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოზე ადრე რუსეთი გახდება ნატოს წევრი. ვფიქრობ, რუსეთს ნატოს წევრობის უფრო მეტი შანსი აქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი: ეს გადაუჭრელი დილემაა! სხვა ამბავია, თუ თბილისი მიიღებს დღევანდელ სტატუს კვოს, ანუ ცნობს ორი სახელმწიფოს - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის - არსებობას... ამასთან, მოუგვარებელია აჭარის პრობლემა, ტერიტორიული და ნაციონალური პრობლემები ჯავახეთში, ახალქალაქის რაიონში. არ მჯერა, რომ ბრიუსელი ნატოს წევრად მიიღებს ასეთ ქვეყანას. რაღაც არ მახსენდება შემთხვევა, როცა ნატოში მიიღეს ქვეყანა, რომელიც გვევლინებოდა როგორც შიდა, ასევე საგარეო კონფლიქტების წყაროდ. რაც შეეხება უკრაინას, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ნებისმიერი გონიერი ხელისუფლება - იუშჩენკოს, რა თქმა უნდა, არ მივიჩნევ გონიერ პრეზიდენტად - შეეცდება მიუერთებელი სახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნებას. ვვარაუდობ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობის განცხადება ატარებს პოლიტიკური ზეწოლის ხასიათს სტრატეგიული შეიარაღების შესახებ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელშეკრულების შესაძლო გაფორმების წინ - ზეწოლას იმ აშკარა წარმატებების კვალად, რომელსაც, უდავოდ, მიაღწია პუტინმა ენერგეტიკის სფეროში, შეათანხმა რა როგორც ჩრდილოეთის, ასევე სამხრეთის ნაკადის რუსეთ-ევროპის ერთობლივი პროექტების განხორციელება. სინადვილეში, ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაკადები, როგორც ეს პუტინმა გასაგებად აუხსნა მთელ მსოფლიოს, სერიოზულ ენერგეტიკულ საფრთხეს წარმოადგენს უკრაინისა და საქართველოსთვის.
ანდრეი ბაბიცკი: ზურაბ აბაშიძე, მაქსიმ შევჩენკოს ანალიზიდან გამომაქვს დასკვნა, რომ უმჯობესია საქართველომ საერთოდ დაივიწყოს ალიანსის წევრობის პერსპექტივაზე ფიქრიც კი...

ზურაბ აბაშიძე: რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ მივიღეთ ალიანსის მხრიდან, უნდა შევასრულოთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელში ვიღაცას მოსწონს. მასში ლაპარაკია მთლიანად სახელმწიფოსა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე და ასე შემდეგ, ანუ ყველაფერი ეს კეთდება, პირველ რიგში, ქვეყნის საზოგადოებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისათვის. და თუ ამისგან რამე გამოვა და ჩვენ შევალთ ალიანსში, ძალიან კარგი იქნება, ხოლო თუ ჩვენზე ადრე რუსეთი გაწევრიანდება ალიანსში, მაშინ მთლად უკეთესი... ასე რომ, უწინარეს ყოვლისა, ჩვენ ამ გზას, ამ პროცესს აღვიქვამთ როგორც იმ პრობლემების გადაწყვეტის საშუალებას, რომელთაც ყოველდღიურად ვაწყდებით თუნდაც იმ რეგიონში, რომელიც რატომღაც რუსმა კოლეგამ ახსენა. აჭარასა და ჯავახეთში ისეთივე პრობლემები გვაქვს, როგორიც საქართველოს სხვა დანარჩენ რეგიონებში. რა თქმა უნდა, თუ გავითვალისწინებთ განვლილი წლების გამოცდილებას, იქაც შეიძლება რაღაც პრობლემების შექმნა, თუკი გარედან ძალზე დიდი ძალები იქნება მობილიზებული. მიმაჩნია, რომ საქართველო ბოლო დროს რუსეთს დაშორდა იმდენად, რამდენადაც რუსეთი უბიძგებდა, თავიდან იშორებდა ამ ქვეყანას. არადა, მიმდინარე პროცესიდან რუსეთმაც შეიძლება მიიღოს გარკვეული პოლიტიკური სარგებელი. საკითხი ასე დგას: რა უკეთესია რუსეთისთვის, ჰყავდეს არასტაბილური, გახლეჩილი საქართველო და მთლიანად სამხრეთი კავკასია, თუ ჰყავდეს მეზობელი სახელმწიფო, რომელიც იქნება ინტეგრირებული სოლიდურ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მით უფრო, რომ რუსეთსაც ჰქონია ალიანსის წევრობის სურვილი.
XS
SM
MD
LG