Accessibility links

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში ბოსნია-ჰერცეგოვინისა და ჩერნოგორიისათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP-ის) მინიჭების საკითხის განხილვას შეუდგნენ. დიდი ადგილი დაეთმო ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციას. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე შეხვდნენ კოლეგებს საქართველოდან, რომლის მისამართით ბრიუსელში 3 დეკემბერს არაერთი საქებარი სიტყვა ითქვა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსმა შეერთებული შტატების კვალობაზე ასევე უნდა გაზარდოს საკუთარი კონტინგენტის რაოდენობა ავღანეთში, სადაც დღეისათვის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 85 ათასი ჯარისკაცი იმყოფება. ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ISAF -ში მონაწილე რამდენიმე ქვეყანა მზად არის დამატებითი წვლილისათვის.

“გუშინ გენერალურმა მდივანმა მიანიშნა, რომ დარწმუნებულია, ავღანეთში დამატებით 5000 ჯარისკაცის გაგზავნა იქნება შესაძლებელი. ეს ეყრდნობოდა იმას, რაც ჩვენ 24 საათის განმავლობაში მოვისმინეთ. ვფიქრობ, რომ უკვე დარწმუნებით შეიძლება ამის წინასწარ თქმა. ჩვენ უკვე გავცდით 5000-ს.”

ნატოს ხელმძღვანელობა არ აზუსტებს, თუ კოალიციაში შემავალი რომელი წევრი ქვეყნების ხარჯზე და როდის გაიგზავნება დამატებითი კონტინგენტი ავღანეთში. თუმცა 3 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში დამატებით 500 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს იტალია, რომელსაც ISAF-ში 1000-კაციანი სამხედრო ქვედანაყოფი ჰყავს.

ავღანეთში ალიანსის ეგიდით მოქმედი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების გაზრდაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას გეგმავს საქართველო, რომელმაც 175-კაციანი ასეული ნოემბრის ბოლოს გაგზავნა ქაბულში, ფრანგული სარდლობით. მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველო ავღანეთში კიდევ დამატებით 700-კაციან გაძლიერებულ ბატალიონს გაგზავნის და, როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა ბრიუსელში, ეს რიცხვი, შესაძლოა, არ იყოს საბოლოო.

“შემდგომში 900-ზე მეტი ჯარისკაცი გაიგზავნება ჰელმანდის პროვინციაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებთან ერთად და მსურს განვაცხადო, რომ ეს არ არის საბოლოო ციფრი. ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ იქნება საქმე და, შესაძლოა, ეს წვლილი გაიზარდოს.”

გრიგოლ ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ საიდან მოვიდა რიცხვი “900-ზე მეტი”. 3 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში სულ 762 სამხედრო მოსამსახურეს გზავნის. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება გრძნობს მომენტის სიმწვავეს და სურს ცოცხალი ძალის პერმანენტული ზრდით მიიპყროს შეერთებული შტატებისა და ნატოს ყურადღება. თბილისის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამას იგი ნაწილობრივ ახერხებს კიდეც. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე „მნიშვნელოვანი“ უწოდა ქართული კონტინგენტის ავღანეთში გაგზავნას.

“მე მსურს განსაკუთრებით გამოვყო საქართველო იმ სოლიდური კონტინგენტისათვის, რომელსაც იგი გზავნის ავღანეთში.”

ნატოს გენერალურმა მდივანმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს მიერ რეფორმების პროცესში მიღწეულ პროგრესს და 3 დეკემბერს კვლავ გაიმეორა, რომ “ძალაში რჩება ალიანსის ის დაპირება, რაც ბუქარესტის 2008 წლის ნატოს სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში ჩაიწერა”. თუმცა ბრიუსელის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში კვლავ არ დამდგარა საქართველოსა და უკრაინისათვის MAP-ის მინიჭების საკითხი, რაც ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების ბოლო და არსებითი ეტაპია. გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ალიანსის გადაწყვეტილებით, ბალკანეთში დარჩება – ნატოს მაპის მინიჭების თხოვნით ჩერნოგორიამ და ბოსნია-ჰერცეგოვინამ მიმართეს. ჩერნოგორია, სავარაუდოდ, მიმდინარე მინისტერიალზე მიიღებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, ბოსნია-ჰერცეგოვინას კი, რომლის შიდა სტაბილურობა სერიოზულ წინააღმდეგობას იწვევს ალიანსის წევრებში, MAP-ის ლოდინი მომავალი წლის აპრილამდე მოუწევს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG