Accessibility links

logo-print

ცხინვალი თბილისისგან 40 მსჯავრდებულის გათავისუფლებას ითხოვს


თომას ჰამარბერგი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

თომას ჰამარბერგი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

ცხინვალი თბილისისგან საქართველოს ციხეებში მყოფი 40 ოსი ეროვნების მოქალაქის გათავისუფლებას მოითხოვს. მსჯავრდებულების სია, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, 2 დღის წინ გადასცეს ცხინვალში.

პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა, ცხინვალის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2 დეკემბერს ტირძნისელი მოზარდების საქმეზე გამართული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჰამარბერგი უკმაყოფილო იყო და ცხინვალის დატოვებას არ აპირებდა, ვიდრე ოსური მხარე თავისუფლებააღკვეთილ ლევან ხმიადაშვილსა და ვიქტორ ბუჩუკურსაც არ გაათავისუფლებდა. ჰამარბერგმა დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქი კოკოითისთან შეხვედრის შემდეგ დატოვა, რომლისგანაც მიიღო პირობა, რომ 10 დღის შემდეგ შეწყალების აქტს გამოსცემდა.

იმავე ინტერვიუში ჩოჩიევმა აღნიშნა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულების მოძიების გარდა, ოსური მხარე ქართული მართლმსაჯულების მიერ მსჯავრდებული 40 ოსი ეროვნების მოქალაქის გათავისუფლებას მოითხოვს. ამ სიაში გორის ტერაქტისთვის გასამართლებული პირები და სხვადასხა დანაშაულისთვის მსჯავრდებული მარეკ დუდაევიც არის. ჩოჩიევის თქმით, მათ ჰამარბერგს მოსთხოვეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით 10 დღის განმავლობაში იმუშაოს ქართულ მხარესთან.

ტირძნისელი მოზარდების სასამართლო პროცესამდე ოსური მხარე გამოდიოდა ინიციატივით მომხდარიყო ორივე მხარეს დაკავებული პირების გაცვლა პრინციპით - ყველა ყველაზე. დღეს უკვე ცნობილია, რომ ოსური მხარე ყველაში აგვისტოს ომამდე დაკავებულებსაც გულისხმობდა.

ქართული მხარისთვის ჩოჩიევის წინადადება მიუღებელია, შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორის გიორგი ავალიანის განცხადებით, დამნაშავეების მშვიდობიან მოქალაქეებზე გაცვლის თაობაზე ვაჭრობა მათთვის მიუღებელია.

ტირძნისელი მოზარდების სასამართლოს გამართვამდე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ცხინვალში ქართული მხარის მიერ დაკავებული ხუთი ოსი ეროვნების მოქალაქე ჩაიყვანა. ოსურმა მართლმსაჯულებამ იმავე დღეს სასამართლო დარბაზიდან ორი არასრულწლოვანი - გიორგი რომელაშვილი და ალეკო ცაბაძე გაათავისუფლა, მაგრამ ორ ტირძნისელ მოსწავლეს - ლევან ხმიადაშვილს და ვიქტორ ბუჩუკურს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ დრომდე დაუსრულებელია ექვსი ლამისყანელის სასამართლო პროცესიც.

ცხინვალი თბილისისაგან 10 დღის ვადაში კიდევ 40 ოსი მსჯავრდებულის გათავისუფლებას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ადამიანების გაცვლას შუა საუკუნეების დროინდელი მეთოდი უწოდა, პირველი წინადადება დაკავებულების გაცვლაზე სწორედ ოსური მხარისგან წამოვიდა.
XS
SM
MD
LG