Accessibility links

logo-print
თბილისის გარშემო სანგრებს თხრიან და თავდაცვით ზღუდეებს აგებენ, - წერს 4 დეკემბრის ”რეზონანსი”. თავდაცვის სამინისტროში დაცვის გეგმა მუშავდება. ამ ინფორმაციას თავდაცვის სამონისტროშიც ადასტურებენ, თუმცა გეგმის დეტალებზე საჯარო განცხადება არ კეთდება, ვინაიდან ის გარკვეულ სამხედრო საიდუმლოებას მოიცავს. აღნიშნული ინფორმაცია „რეზონანსისთვის“ თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბიდან გახდა ცნობილი. რამდენად ხარისხიანად იქნება ეს ღონისძიებები გატარებული და რა შედეგზეა ის ორიენტირებული, ჯერჯერობით უცნობია. „რეზონანსის“ ინფორმაციით, ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილია თბილისის შემოგარენში თავდაცვითი ზღუდეების შენება და სანგრების თხრა, რომელიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.

დღევანდელ პრესაში აქტუალურია არჩევნების თემა. როგორც ჩანს, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების პრინციპზე შეთანხმება მოხდა. ყველა დანარჩენი საკითხი კი ხელისუფლების ინიციატივითაა დასმული და ამის შეთანხმებულად გასაღებას ცდილობს, - წერს გაზეთი ”რეზონანსი”. ყოველ შემთხვევაში, ამაზე პრეტენზიას უკვე ის ოპოზიცია გამოთქვამს, რომელიც ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვას ადვილად ახერხებდა. ოპოზიციამ ისიც კი მოითხოვა, რომ გამოქვეყნდეს ჩამონათვალი, რა საკითხია ოპოზიციასთან შეთანხმებული და რა - არა.

არჩევნების შესახებ წერს გაზეთი ”ვერსიაც”. „ბურჯანაძე არჩევნების გაყალბების ნაციონალურ სქემას შიფრავს“, - წერს სტატიის ავტორი. სქემა კი ასეთია: ყველა ახლად ჩარიცხულ სტუდენტს მიატანინეს პირადობის მოწმობები და ხდება ხელახალი პირადობის მოწმობების გაცემა, სადაც ყველა ეს ახალგაზრდა არის ჩაწერილი თბილისში. საბოლოოდ, ეს 20 000 ხმაა, რომელსაც ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს. როგორც „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ვერსიასთან“ საუბარში აცხადებს, სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმაა, ვითარების გამწვავების შემთხვევაში, დევნილი პრეზიდენტის სტატუსი მიიღოს.

ოპოზიციის ინტერესი არ შეილახება, თუკი არჩევნებში ერთი კანდიდატი ეყოლებათ, აცხადებს „ქალთა პარტიის“ ლიდერი გუგული მაღრაძე გაზეთ ”ახალი თაობის” ფურცლებზე. არასაპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თბილისის მერის პოსტი არ დაკარგოს და რომ ამისათვის უცხოელ იმიჯმეიკერებს საკმაოდ სოლიდურ თანხებს უხდის. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი - ისინი, რომლებიც, ასე ვთქვათ, რადიკალების სახელით არიან ცნობილნი, ჯერ არ შეჯერებულან, რომელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს თბილისის მერის პოსტზე, - წერს გაზეთი ”ახალი თაობა”.

ქართულ ციხეებში არსებული კოშმარული ფაქტების შესახებ წერს გაზეთი „ვერსია“. როგორც სტატიაშია ნათქვამი, შეწყალებულთა სიაში არც ერთი მძიმე ავადმყოფი არ აღმოჩნდა. ციხეებში ტუბერკულოზის ეპიდემია მძვინვარებს. ის პატიმრები, რომლებიც შიდსით, C-ჰეპატიტით და ტუბერკულოზით არიან დაავადებულნი, კომისიაზე არ გაჰყავთ. სრულიად საეჭვო ვითარებაში ითრევს ფეხს სასჯელაღსრულება.
XS
SM
MD
LG