Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კოდექსის ცვლილებები დაამტკიცეს


4 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე (96 ხმით 3-ის წინააღმდეგ) პირველი მოსმენით დაამტკიცეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება და რომელიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი მუშაობის ნაყოფად ითვლება. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები სრულად ასახავს NDI-ის ოფისში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად 8 პოლიტიკური ძალის მიერ მიღწეულ შეთანხმებებს. თუმცა საკითხის ამგვარ ფორმულირებას მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმებიან ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები. ისინი თვლიან, რომ ხელისუფლებამ შეთანხმება გარკვეულწილად დაარღვია და რომ ბევრი საკითხი საერთოდ განუხილველი დარჩა.

8 პოლიტიკურ პარტიას შორის მიღწეულ ერთ-ერთ მთავარ შეთანხმებად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საკითხს ასახელებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი, რომელმაც 4 დეკემბერს დეპუტატებს ცვლილებათა პროექტი წარუდგინა.

”თავმჯდომარის სამ კანდიდატურას პრეზიდენტი წარუდგენს ცესკოს და გადაწყვეტილებას იღებს ცესკოს მხოლოდ ის 6 წევრი, რომლებიც დანიშნული არიან ოპოზიციური პარტიების მიერ. ცესკოს თავმჯდომარეს შეარჩევს ოპოზიციური სპექტრი”, - განმარტავს კუბლაშვილი.

ცესკოს თავმჯდომარის საკითხის გარდა, ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეთანხმებულ საკითხებს ასევე წარმოადგენს: დარღვევათა გასაჩივრების ვადის 4-დან 48-საათამდე გაზრდა, საარჩევნო უბნებზე მდივნებად ოპოზიციის წარმომადგენლების დამტკიცება, დედაქალაქის 50-წევრიანი საკრებულოს წევრების პროპორციული და მაჟორიტარული წესით თანაბარი არჩევა, მერის პირდაპირი წესით არჩევა და მისთვის 30%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწესება და სპეცუბნების საკითხი. შეგახსენებთ, რომ, პოზიციებში პრინციპული განსხვავების გამო, შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია გაერთიანებას ”ალიანსი საქართველოსთვის” და ცვლილებათა პროექტზე მუშაობაც სწორედ მის გარეშე მიმდინარეობს.

თუმცა დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმებულის გარდა, ცვლილებათა კანონპროექტში მოხვდა შეუთანხმებელი საკითხებიც, რაზეც კუბლაშვილი მხარეებს უკვე საპარლამენტო სივრცეში დისკუსიისკენ მოუწოდებს. ჩამონათვალში შედის წინადადებები, რომლებიც ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა წამოაყენეს და ასევე ის საკითხები, რომლებიც ცალკეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მწვავედ გააპროტესტეს. ასეთია, მაგალითად, უფლებამოსილების მოხსნის გარეშე პარლამენტის წევრების საკრებულოს წევრობის კანდიდატებად წარდგენა. ასევე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების კვოტებთან დაკავშირებით და ამ საკითხთან მიმართებით განსაკუთრებულ პროტესტს „ქართული დასის“ ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია გამოხატავს.

ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ სახელით ტრიბუნაზე გამოსული ლევან ვეფხვაძე კი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კანონპტროექტის პრინციპები არასაკმარისია საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. გადასაწყვეტ საკითხებად დეპუტატი ასახელებს, მაგალითად, საოლქო კომისიებში მდივნის პოსტების ასევე ოპოზიციის კანდიდატისთვის შეთავაზებას და შეზღუდვების დაწესებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ლევან ვეფხვაძე თვლის, რომ პარტიები არათანაბარ პირობებში არიან მედიის მიერ გაშუქების თვალსაზრისითაც: ”როდესაც პრეზიდენტი შეხვედრას აწყობს ამომრჩეველთან, ეს შუქდება არა როგორც მისი წინასაარჩევნო კამპანია, არამედ როგორც ოფიციალური ქრონიკა და მმართველ პარტიას, საინფორმაციო გაშუქების თვალსაზრისით, გაცილებით მეტი დრო ეთმობა ამ დროს (რადგანაც საარჩევნო ქრონიკა დამატებით ცალკე მიდის), ვიდრე ოპოზიციურ პარტიებს.”

უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი ეთანხმება ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ არაერთგზის ნათქვამს, რომ საარჩევნო კოდექსის გარშემო მუშაობისას ვერ მოხერხდა ბევრი საკითხის განხილვა და შეთანხმება, მაგრამ ამ ყველაფერს ის ცაიტნოტს აბრალებს, რაც, თავის მხრივ, ოპოზიციას ბრალდება: ”მართლაც, ასე მოხდა, ჩვენ გარკვეული ლიმიტი გვაქვს დროში. დეკემბერში უნდა მივიღოთ, რათა შემდეგ გვქონდეს ვადა, ეფექტურად აღვასრულოთ ახალი ინიციატივები (რაც საკმაოდ ბევრია შეთანხმებულ ვარიანტში)... თუმცა ეს მარტო ჩვენი ბრალი არ არის. თვეების განმავლობაში აქ იყო მანიფესტაციები, როდესაც შეფერხდა მუშაობა და გარკვეული პოლიტიკური პარტიები მოგვიანებით შემოუერთდნენ ჯგუფს და ჩვენ გამოვხატეთ კეთილი ნება, კონკრეტულ საკითხებზე თავიდან დაგვეწყო საუბარი... ამიტომაც მოხდა შეფერხება.”

უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება უფრო ნაყოფიერად იმუშავებენ მომავალში, როდესაც ჯერი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მიდგება. თუმცა ჯერ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული პროექტია მისახედი, რომლის განხილვაც პარლამენტში მომავალ კვირაში უკვე მეორე მოსმენით გაიმართება. როგორც ჩანს, პროცესი მწვავე კამათის გარეშე არ ჩაივლის.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG