Accessibility links

logo-print

საით მიდის გემი “მისტრალი”?


საფრანგეთის ვერტმფერნმზიდი „მისტრალი“, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი, 23 ნოემბერი, 2009 წელი

საფრანგეთის ვერტმფერნმზიდი „მისტრალი“, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი, 23 ნოემბერი, 2009 წელი

რუსეთის მიერ ფრანგული ვერტმფერნმზიდ „მისტრალის“ შეძენა, შესაძლოა, მომავალი წლისთვის გადაიდოს. თუმცა, საერთაშორისო კონინქტურის გამო, საქართველოს, ალბათ, არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ საფრანგეთი საბოლოოდ უარს იტყვის კრემლის ამ მრავალმილიონიანი კონტრაქტის შესრულებაზე.

საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა როგორმე გადააფიქრებინოს საფრანგეთს იმ კონტრაქტზე ხელის მოწერა, რომელიც რუსეთისათვის ფრანგული სადესანტო-შვეულმფერნმზიდ “მისტრალის” მიყიდვას ითვალისწინებს. საქართველოში შიშობენ, რომ ფრანგული შვეულმფრენმზიდის მორიგეობის ადგილი შავი ზღვა და, კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთი იქნება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქარაძემ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, 2 დეკემბერს, სპეციალური განცხადება გაავრცელა იმ საშიშროების თაობაზე, რასაც ფრანგული შვეულმფრენმზიდის რუსეთისათვის მიყიდვა უქმნის საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონს:

“ეს არ არის მხოლოდ კომერციული კონტრაქტი ჩვენთვის. ამის თაობაზე ჩვენ ვაცნობეთ ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის, ფრანგულ მხარესაც. ვაცნობეთ სხვა ევროპელ პარტნიორებსაც და იმედი გვაქვს, რომ საფრანგეთი გაითვალისწინებს არა მხოლოდ კომერციულ ინტერესს, არამედ რეგიონში არსებულ რეალურ ვითარებას.”

საქართველოს მხედველობაში აქვს ის ფაქტი, რომ სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტი გახლავთ გარანტი ცეცხლის შეწყვეტის იმ შეთანხმებისა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ ხელმოწერიდან ზუსტად ორ კვირაში დაარღვია და სულ მალე საქართველოს ორი ტერიტორია – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის – დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო. საფრანგეთი კი, იმის მაგივრად, რომ აგრესორს შეთანხმების შესრულებას სთხოვდეს, თანახმაა მიჰყიდოს მას ისეთი ტიპის შეიარაღება, რომლის გამოყენებითაც კიდევ უფრო ოპერატიულად განახორციელებს აგრესიულ ჩანაფიქრს.

“მოვისმინეთ რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოზიცია, მოვისმინეთ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის პოზიცია, რომელმაც პირდაპირ დაადასტურა, რომ ამ გემის ფლობის შემთხვევაში რუსული ფლოტი იქნება ბევრად უფრო ეფექტური საქართველოს წინააღმდეგ და იქნებოდა წინა აგრესიის დროს. ასეთ პირობებში ჩვენ, ბუნებრივია, არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს ასეთი ტიპის შეიარაღების შესყიდვა რუსეთის მხრიდან”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„საქართველოსთან შარშანდელი კონფლიქტის დროს „მისტრალის“ ტიპის ხომალდი რომ გვქონოდა, შავი ზღვის ფლოტი თავის ამოცანას 40 წუთში შეასრულებდა და არ დასჭირდებოდა 26 საათი, როგორც ეს მაშინ მოხდაო", - ეს სიტყვები რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდალს, ადმირალ ვლადიმირ ვისოცკის ეკუთვნის. კიდევ უფრო ცინიკურად ჟღერდა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომელიც მან 27 ნოემბერს, საფრანგეთში ყოფნის დროს, ფრანგი ჟურნალისტის პასუხად გააკეთა: “თუკი რუსეთი გადაწყვეტს “მისტრალის” ყიდვას, მაშინ ვერტმფრენმზიდს იქ გამოიყენებს, სადაც ჩათვლის საჭიროდო.”

რა შეიძლება ამაზე ითქვას?

სამწუხაროდ, როდესაც საქმე იარაღით ვაჭრობას ეხება, დასავლეთის ქვეყნები ხშირად პოლიტიკურ ღირებულებებზე მაღლა ეკონომიკურ ინტერესებს აყენებენ.

შესაძლოა, გასაგები იყოს გერმანიის განზრახვა, წყალქვეშა ნავების ელექტროქიმიური გენერატორების ტექნოლოგიები მიჰყიდოს რუსეთს, მაგრამ ძნელი გასაგებია საფრანგეთის მზადყოფნა მიჰყიდოს ვერტფრენმზიდი რუსეთს, რომელიც ამ ავიამზიდის გამოყენებას ალიანსის მეორე პარტნიორი ქვეყნის - საქართველოს - წინააღმდეგ აპირებს. მით უფრო გაუგებარია ისრაელის მიერ რუსეთისათვის რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავის მიყიდვა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ ისრაელის დაუძინებელ მტერს, ირანს, ს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს მიჰყიდის.

მაგრამ, მოდი, ზნეობრივი ორიენტირების აღრევაზე ლაპარაკი აქ დროებით შევწყვიტოთ და ორიოდე სიტყვა იმაზეც ვთქვათ, თუ რას წარმოადგენს ეს ყბადაღებული ფრანგული შვეულმფრენმზიდი “მისტრალი” და არსებობს თუ არა მისგან თავის დაცვის საშუალება.

“მისტრალი” სადესანტო მცირე ავიამზიდის დონეზეც გადის - მის გემბანზე 16 შვეულმფრენი შეიძლება განთავსდეს. იგი აღჭურვილია ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "სიმბადით", ორი 30 მმ-იანი საზენიტო ქვემეხითა და ოთხი 12,7 მმ-იანი ტყვიამფრქვევით, მაგრამ მთავარი ეს შეიარაღება არ არის.

თუკი რუსეთი საფრანგეთიდან მართლაც შეიძენს "მისტრალის" ტიპის სადესანტო ხომალდ-დოკს და მას შავ ზღვაში შემოიყვანს, მაშინ მოსკოვს შეეძლება ქართულ სანაპიროზე სწრაფად გადმოსვას 450 საზღვაო ქვეითი და 13 ტანკი, რაც სერიოზულ ძალას წარმოადგენს კონკრეტული სტრატეგიული ობიექტის (მაგალითად, ფოთის სამხედრო პორტის ან სუფსის ნავთობტერმინალის) დასაკავებლად. თუმცა, როგორც ყოველკვირეული სამხედრო ჟურნალი “არსენალი” წერს, რუსი ადმირალის განცხადება, შავი ზღვის ფლოტი ფრანგული "მისტრალით" სამხედრო ამოცანას 26 სთ-ის ნაცვლად 40 წუთში შეასრულებდაო, შორსაა რეალობისგან.

მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს იმას, თუ რამდენ წუთში შეძლებს რუსეთი საქართველოს ოკუპაციას - 40 წუთში თუ 26 საათში, “მისტრალით” თუ “მისტრალის” გარეშე. მთავარია ის, რომ რუსეთს აღარ გაუჩნდეს ასეთი აგრესიის განმეორების სურვილი. ეს კი მხოლოდ ევროპის ქვეყნების პრინციპული მიდგომის შემთხვევაში შეიძლება გამოირიცხოს. როგორც ნატოს 3-4 დეკემბრის მინისტერიალმა ცხადყო, ნატოს წევრი ქვეყნები პრონციპულნი არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში და არ აპირებენ შეცვალონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკა, თუმცა ბრიუსელში “მისტრალის” რუსეთისათვის მიყიდვა არავის გაუპროტესტებია. არადა, პროტესტი თუნდაც იმას უნდა გამოეწვია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნატოს წევრი ქვეყანა რუსეთს სერიოზულ საბრძოლო შეიარაღებას გადასცემს.

დასავლეთის წამყვანი ქვეყნები ფიქრობენ, რომ, ფასეულობების საკითხებში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა მაინც უნდა გაგრძელდეს. თანაც, “მისტრალის” პროექტის განხორციელება საფრანგეთისათვის ისეთი მსუყე ლუკმაა, რომელზეც პარიზი ეკონომიკური სარგებლის გამო უარს ვერ იტყვის. როგორც ცნობილია, ამ ტიპის შვეულმფრენმზიდში, რომელიც თავად ფრანგებსაც კი სულ ორად ორი ცალი აქვთ გამოშვებული, რუსეთი მზადაა გადაიხადოს 400 მილიონი ევრო და, პარალელურად, შეისყიდოს ასევე “მისტრალის” რუსეთში წარმოების ლიცენზია.

ფრანგული დიპლომატია გრძნობს მომენტის უხერხულობას და ცდილობს ერთგვარი “ოქროს შუალედი” მონახოს. პარიზისთვის, რომელმაც საქართველოში საერთაშორისო დონის სამთო მომზადების სკოლა დააარსა საჩხერეში, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხული იქნება, თუ ამ სამხედრო ნაწილს საფრანგეთისაგან შეძენილი “მისტრალიდან” აფრენილი შვუელმფრენები გაანადგურებენ. როგორც რუსული მედია წერს, საფრანგეთმა დაიყოლა რუსეთი, რომ შვეულმფრენმზიდი “მისტრალი” მხოლოდ წყნარი ოკეანისა და ჩრდილოეთის ფლოტის შემადგენლობაში გამოიყენოს. პროექტის განხორციელებას კი ფრანგი გემთმშენებლები, შესაბამისი სამთავრობოთაშორისო შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში, მომავალი წლიდან შეუდგებიან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG