Accessibility links

logo-print
პირველი სამი კატარღა, რომელიც თვითაღიარებული აფხაზეთის „საზღვაო საზღვრებს“ დაიცავს, ოჩამჩირეში 7 დეკემბერს განთავსდება. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსის მოადგილემ ოლეგ ფროლოვმა 4 დეკემბერს განაცხადა. მისივე განცხადების თანახმად, კატარღები, საზღვაო საზღვრების დაცვის გარდა, აფხაზეთის პორტებისაკენ მიმავალი გემების უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფენ. ფროლოვის განცხადებებს დაუყოვნებლივ გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„კრემლი თავისი ჭეშმარიტი ზრახვების პრაქტიკულ რეალიზაციაზე გადავიდა“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. მის თანახმად, სასაზღვრო დაცვის კატარღების ოჩამჩირის საზღვაო აკვატორიაში განთავსება კიდევ უფრო ზრდის რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციების საშიშროებას და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არამედ მთელ შავი ზღვის რეგიონსა და მის მიმდებარე ქვეყნებში. საერთაშორისო სამართალი არ ცნობს ცნებას „აფხაზეთის ტერიტორიული წყლები“ ან „აფხაზეთის საზღვაო სივრცე“. აქედან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის ეს ქმედება კვალიფიცირდება როგორც მეკობრეობა და მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო სამხედრო კონტინგენტის გაძლიერებას, - განმარტებას იძლევა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უშუალოდ იმის შესახებ, რასაც კრემლის ჭეშმარიტი ზრახვების რეალიზაციის ეტაპზე გადასვლა ჰქვია.

“რეალობა რაც არის, ყველა ვხედავთ. არ გვსიამოვნებს, მაგრამ ეს არის ის, რაც მოიტანა აგვისტოს ომმა - როდესაც მათ შემოჰყავთ არა მარტო სასაზღვრო კატარღები, არამედ ხდება საზღვრის პერიმეტრის მოწყობა როგორც გალის რაიონის მხარეს, ანუ მდინარე ენგურის მარჯვენა სანაპიროზე, ასევე ცხინვალისა და ახალგორის რაიონებში. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. იქ არა მარტო მესაზღვრეების კატარღები შევლენ, არამედ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში იდარაჯებენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უფრო სერიოზული სამხედრო ხომალდებიც“, - ამბობს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, „არსენალის“, მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.

ოჩამჩირეში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აფხაზეთის სამმართველოს სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნა იგეგმება. მშენებლობის დასრულების სავარაუდო ვადად 2-3 წელი განიხილება. ეგრეთ წოდებული რეგიონალური წყლების გასაკონტროლებლად სანაპირო დაცვის 10 კატარღა განთავსდება. „სობოლისა“ და „მანგუსტის“ ტიპის პირველი კატარღების შეყვანა ოჩამჩირეში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 7 დეკემბერსაა განზრახული. რუსეთის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ცნობით, იუწყება სააგენტო „ინტერფაქსი“, რუსი მესაზღვრეები დააკავებენ ყველა მცურავ საშუალებას, რომელიც აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საზღვაო საზღვარს დაარღვევს.

“საქართველოს მხარეს მოუწევს დიდი სიფრთხილის გამოჩენა, რომ არ მოხდეს სერიოზული ინციდენტი რუსეთთან. ჩვენ გამოცხადებული გვაქვს, რომ დავაკავებთ ნებისმიერ გემს, რომელიც დაარღვევს ჩვენს აკვატორიას. ამავე დროს, რუსები ამბობენ, თუ ვინმე დააკავებს, ვთქვათ, აფხაზეთში მიმავალ გემს, მაშინ ჩვენ მას პასუხს გავცემთო. აი, აქ ძალიან დიდი საშიშროებაა, რა თქმა უნდა, რაღაც ინციდენტებისა, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს უფრო ფართომასშტაბიან ესკალაციაში. ამიტომ, რა ვიცი, მოგვიწევს ცოტა ფრთხილად ყოფნა.“

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის აზრით, ახლა საქართველოსთვის დიპლომატიური მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მათ მკაცრად გააკონტროლონ თავიანთი დროშის ქვეშ მცურავი ხომალდები.
XS
SM
MD
LG