Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაკრიტიკებული თომას ჰამარბერგის შედეგიანი კვირა საქართველოში


მიმდინარე კვირის მთავარი მოვლენები ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მიერ დაკავებული მოზარდების გათავისუფლებას უკავშირდება. თითქმის ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ, ცხინვალის სასამართლომ 2 დეკემბერს დაპატიმრებული 4 მოზარდიდან მხოლოდ ორი - 14 წლის გიორგი რომელაშვილი და ასევე 14 წლის ალეკო ცაბაძე - გაათავისუფლა. დანარჩენ ორს კი - 17 წლის ლევან ხმიადაშვილსა და 16 წლის ვიქტორ ბუჩუკურს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ვადის საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში მოხდით. სასამართლოს ამგვარმა გადაწყვეტილებამ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი იმდენად უკმაყოფილო დატოვა, რომ ის ცხინვალის დატოვებას არ აპირებდა, თუკი ოსური მხარე 4-ვე მოზარდს არ გაათავისუფლებდა. გადაწყვეტილება ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები სულ ახლახან საეჭვო უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ, ცხინვალი მანამდე არ დატოვა, ვიდრე დაპირება არ მიიღო. ამის შესახებ პირველი განცხადება მან 2 დეკემბერს ერგნეთში გვიან საღამოს გააკეთა, მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი გათავისუფლებული მოზარდი გადმოიყვანა:

”სიტუაცია ამგვარია: ორ - ასაკით უფროს, 16 და 17 წლის - ბიჭს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა იქაური ხელისუფლება მტკიცედ დამპირდა, რომ, თუ 10 დღის განმავლობაში სასჯელს არავინ გაასაჩივრებს, - და ეს, ალბათ, ასე იქნება, - მათ შეიწყალებენ და ისინი სახლში დაბრუნდებიან.”

რამდენად მტკიცეა დაპირება, რომელიც თომას ჰამარბერგმა ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმისგან მიიღო? და რას ითხოვს სანაცვლოდ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება? ირკვევა, რომ საქმე არც ისე მარტივად არის. როგორც 3 დეკემბერს, საღამოს, სატელევიზიო გამოსვლისას თქვა პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა, ჰამარბერგისთვის მიცემულ ვადაში ქართულმა მხარემ ოსი ეროვნების 40 პირის გამოშვებაზე უნდა იფიქროს. მათ შორის არიან მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები.

დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების ამგვარი წინადადება მიუღებელია ქართული მხარისთვის. ”მშვიდობიანი მოქალაქეების გაცვლა კონკრეტულ დანაშაულზე დაკავებულ და გასამართლებულ კრიმინალებზე, რომელთაგან ზოგს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, არავითარ შემთხვევაში არ მოხდება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორმა გიორგი ავალიანმა.

რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მოუწოდებს მხარეებს გაათავისუფლონ ყველა ის ადამიანი, რომლებიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. 5-დღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების დროს, ტირძნისელი ბავშვების პარალელურად, თომას ჰამარბერგმა ოსი ეროვნების 5 პირის გათავისუფლებასაც მიაღწია. ამ თემაზე ოფიციალური კომენტარების გაკეთებისგან თავს იკავებდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.

ხსენებული ხუთი ადამიანი, სხვადასხვა ბრალდებით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს დააკავეს (ოთხი - 2008 წლის შემოდგომაზე, ხოლო ერთი - 2009 წლის გაზაფხულზე). საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, 2009 წლის აგვისტოში ხუთივე მამაკაცი გათავისუფლდა, - ნაწილი გირაოს წესით და ნაწილიც ბრალდების მოხსნის შედეგად, - რათა შემდეგ ისინი ცხინვალში პატიმრობაში მყოფ ქართველებში გაეცვალათ. მაგრამ დაკავებულთა გაცვლა ჩაიშალა. ”ბოლო მომენტში ოსებმა გადაიფიქრეს”, - უთხრა 20 ნოემბერს რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამას, ”ეხო კავკაზას”, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა. იმავე ინტერვიუში უტიაშვილმა განაცხადა ისიც, რომ ოსურ მხარესთან მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ ხუთივე პირი გორში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.

როგორ და რა ფორმით მოახერხებენ ოსური და ქართული მხარეები დაკავებული პირების შემდგომ ურთიერთგაცვლას და რამდენად ეფექტიანად ამოქმედდება ევროსაბჭოს კომისრის მიერ გაკვალული გზა, ეს რამდენიმე დღეში გაირკვევა. აქვე ვთქვათ, რომ ცხინვალის რეჟიმის ციხეებში ამ დრომდე არაერთი ქართველი რჩება - მათ შორის, სოფელ ლამისყანის მკვიდრი 6 მამაკაცი, რომლებიც აგვისტოში ახალგორის რაიონის მიმდებარე ტყეში დააკავეს.

მიმდინარე კვირაში გავრცელდა ერთი საგანგაშო ცნობა, რომელიც საქართველოს მეორე ოკუპირებულ ტერიტორიას, აფხაზეთს, შეეხება. როგორც რადიო თავისუფლებას გალის რაიონის მკვიდრმა მოუთხრო, რუსეთის სამხედრო ნაწილები ოკუპირებული აფხაზეთისა და სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მავთულხლართების ახალი რიგებით გამყოფ კონსტრუქციებს აშენებენ.

ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა. მისი თქმით, გამყოფი კედლის მშენებლობა სრული მასშტაბით ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მავთულხლართები, სხვა საჭირო მასალებთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე შეზიდული და დასაწყობებულია. შემოვლებით კი, მავთულხლართები შემოვლებულია მხოლოდ ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარე ობიექტებზე. როგორც რადიო თავისუფლებას დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ უთხრა, მისი სამხედრო ნაწილები ჩართული არ არიან ამ პროცესში და მშენებლობის შესახებ არაფერი იცის. თუმცა ქიშმარიამ იქვე ივარაუდა, რომ, შესაძლოა, კედელი იმისთვის შენდებოდეს, რომ ტერიტორიაზე არავინ შეიპაროს. ”ყველა თავის საქმეზე აგებს პასუხს... შემოიპარა, დავხვრეტ - აი, ეს არის ჩემი საქმე”, - განუმარტა 3 დეკემბერს დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა რადიო თავისუფლებას.

სწორედ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების თემას ეხება დასკვნითი განცხადება, რომელიც მიმდინარე კვირაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ბოლოს, ბრიუსელში მიიღეს. მასში ნათქვამია, რომ ნატო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსკოვს, გააუქმოს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების შესახებ და ასევე - შეასრულოს ვალდებულებები, რომლებსაც ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებები გულისხმობს.

ნატოს მინისტერიალზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას. ორივე ქვეყანას უთხრეს, რომ, მართალია, ორივე განაგრძობს წინსვლას ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ჯერ ისევ ბევრია გასაკეთებელი. როგორც მოსალოდნელი იყო, დღის წესრიგში არ დამდგარა უკრაინისა და საქართველოსთვის ”მეპის” მინიჭების საკითხი. ”მეპი” ამჯერად ჩერნოგორიას ერგო. თუმცა ბრიუსელში არაერთხელ აღინიშნა განსაკუთრებული მადლიერებით ის ფაქტი, რომ ალიანსის ”მნიშვნელოვანმა პარტნიორმა”, საქართველომ, დაახლოებით 900 სამხედროს გაგზავნის გადაწყვეტილებით, დიდი წვლილი შეიტანა ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციების წარმატებით გაგრძელებაში. ბრიუსელში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 3 დეკემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს სამხედრო წარმომადგენლობა ავღანეთში, გარემოებათა გათვალისწინებით, მომავალში, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს.

საქართველოს შესახებ მიმდინარე კვირაში ათენშიც ისაუბრეს, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე. სხდომის გახსნისას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა პაპანდრეუმ ხაზი გაუსვა საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის აუცილებლობას. მისი განცხადებით, საქართველოს კონფლიქტურ ზონებში ეუთოს მისიის ყოფნა დღეს ისე აუცილებელია, როგორც არასდროს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეუთოს სტაბილურობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის უპრეცედენტო გამოცდილება აქვს და, ამ თვალსაზრისით, უნიკალურ ინსტრუმენტებს ფლობს. თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ მხრივ ათენში არ მიუღიათ.

მიმოხილვის ბოლოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზეც ვისაუბროთ. 4 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე (96 ხმით 3-ის წინააღმდეგ) პირველი მოსმენით დაამტკიცეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება და ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი მუშაობის ნაყოფად ითვლება. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები სრულად ასახავს NDI-ის ოფისში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად 8 პოლიტიკური ძალის მიერ მიღწეულ შეთანხმებებს.

ერთ-ერთ მთავარ შეთანხმებად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საკითხი დაასახელა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა, 4 დეკემბერს დეპუტატებისთვის პროექტის წარდგენისას. ”თავმჯდომარის სამ კანდიდატურას პრეზიდენტი წარუდგენს ცესკოს და გადაწყვეტილებას იღებს ცესკოს მხოლოდ ის 6 წევრი, რომლებიც დანიშნული არიან ოპოზიციური პარტიების მიერ. ცესკოს თავმჯდომარეს შეარჩევს ოპოზიციური სპექტრი”, - განმარტა კუბლაშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარის საკითხის გარდა, ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეთანხმებულ საკითხებს ასევე წარმოადგენს: დარღვევათა გასაჩივრების ვადის 4-დან 48-საათამდე გაზრდა, საარჩევნო უბნებზე მდივნებად ოპოზიციის წარმომადგენლების დამტკიცება, დედაქალაქის 50-წევრიანი საკრებულოს პროპორციული და მაჟორიტარული წესით თანაბარი დაკომპლექტება, მერის პირდაპირი წესით არჩევა, მისთვის 30%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწესება და სპეცუბნების საკითხი. შეგახსენებთ, რომ, პოზიციებში პრინციპული განსხვავების გამო, შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია გაერთიანებას ”ალიანსი საქართველოსთვის” და ცვლილებათა პროექტზე მუშაობაც სწორედ მის გარეშე მიმდინარეობს.
ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები თვლიან, რომ ხელისუფლებამ შეთანხმება გარკვეულწილად დაარღვია და რომ საარჩევნო კოდექსის ბევრი საკითხი საერთოდ განხილვის გარეშე დარჩა. სხვათა შორის, ამ ფაქტს მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც ადასტურებენ, თუმცა, უმრავლესობის წევრის აკაკი მინაშვილის განმარტებით, ეს, დიდწილად, თავად ოპოზიციის ბრალია, რადგანაც პროცესი საპროტესტო მანიფესტაციების გამო გაჭიანურდა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მომავალ კვირაში უკვე მეორე მოსმენით გაიმართება. როგორც ჩანს, პროცესი მწვავე კამათის თანხლებით ჩაივლის. სადავო საკითხთა ვრცელ ჩამონათვალშია, მაგალითად: საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების, საკრებულოს წევრობის კანდიდატების შერჩევისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის საკითხები.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG