Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერიოში სოსელიების ოჯახს თავს დაესხნენ


ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში სოსელიების ოჯახს თავს დაესხნენ და ოჯახის უფროსი ნუგზარ სოსელია სასტიკად აწამეს. სოსელიების ოჯახზე თავდასხმა, ბოლო რამდენიმე კვირაში, უკვე მეორედ მოხდა. თავდამსხმელებმა ამჯერადაც ფული და ძვირფასეულობა მოითხოვეს. იმის გამო, რომ სოსელიებს თანხა არ აღმოაჩნდათ, ოჯახის უფროსი აწამეს. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის უფროსის თორნიკე კილანავას ინფორმაციით, დაზარალებული ნუგზარ სოსელია ამჟამად გალის საავადმყოფოშია მოთავსებული, რადგან ზუგდიდში მისი გადმოყვანის საშუალება ნათესავებს რუსმა სამხედროებმა არ მისცეს. კილანავას თქმით, უცნობია დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რადიო თავისუფლება დაზარალებული სოსელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად ოკუპირებულ გალში, საავადმყოფოს მთავარ ექიმს გიორგი შონიას დაუკავშირდა. „მეც მოვისმინე ამის [თავდასხმის (რედ.)] შესახებ, მაგრამ ეს არ არის მართალი, ასეთი ჩვენთან არავინ შემოსულა“, - ამბობს გალელი ექიმი. ზუგდიდში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობაზე თავდასხმისა და წამების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. თორნიკე კილანავას განმარტებით, ოკუპირებულ სოფელ დიხაზურგაში, საბერიოსა და ლეკუხონაში ექვსკაციანი შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც ადგილობრივებს თავს ესხმის, რუსი სამხედროების ნდობით სარგებლობს.
XS
SM
MD
LG