Accessibility links

ჯერ იყო და, ბლოგისთვის ახალი მასალის დაწერა დამიგვიანდა. ისეთი დატვირთული დღეები მქონდა, ბლოგამდე ვეღარ მივაღწიე. მერე, ყველაფერი რომ დამთავრდა, რითაც ამ დღეებში ვიყავი დაკავებული, ავდექი და ქარტიის შესახებ რადიო თავისუფლების ეთერისთვის სტატია დავწერე. ვფიქრობდი, ამ ეტაპზე, მედიაზე საუბარი ამით დამესრულებინა.

მაგრამ გზადაგზა ზოგიერთი ისეთი რამ აღმოვაჩინე, რამაც ისევ ქარტიისკენ მიმაბრუნა. ადვილი არ არის დამაჯერებლად იმის თქმა, რის თქმასაც ვაპირებ, მაგრამ ვცდი...

* * *
4 დეკემბერი რომ ახლოვდებოდა – ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმოწერის და საბჭოს არჩევის დღე – ჩემი მეგობარი ჟურნალისტები სულ უფრო ხშირად მეკითხებოდნენ: „რას ვაკეთებთ? ვის ვირჩევთ?“ მეც ვპასუხობდი: „არ ვიცი, ვისაც ავირჩევთ, ავირჩევთ...“

არადა, ასე ადვილი არ იყო, მშვიდად მედევნებინა თვალი, ერთ დღეში როგორ დაინგრეოდა წლობით ნაშენები საქმე. ბოლოს გადავწყვიტე, ერთი ნაბიჯი მაინც გადამედგა. შევხვდი ჩემს მეგობარ ეთერ თურაძეს („გაზეთ ბათუმელების“ მთავარ რედაქტორს) და ვუთხარი: პირობა მომეცი, რომ თუ შენ აგირჩევენ, უარს არ იტყვი და საბჭოდან არ გაიქცევი. როგორი არაჰუმანური ადამიანი უნდა ყოფილიყო ჩემი მეგობარი ეთერ თურაძე, იმ მომენტში უარი რომ ეთქვა?! დამთანხმდა და მეც დავმშვიდდი – ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო.

ასე მივედით არჩევნების დღემდე. პროცესის სადავეები ჯერ კიდევ წინა დღეს გადავეცით იურისტებს. ისინი გვეუბნებოდნენ, როდის რა უნდა გაგვეკეთებინა. ათასი მადლობა მათ! ორასამდე სტუმარს ველოდით, მაგრამ სულ 140 შევგროვდით. იმის დროც არ მქონდა, გამეაზრებინა, ბევრი ვიყავით თუ ცოტა. პირველად მაშინ ამოვისუნთქე, როდესაც ხმის დამთვლელმა კომისიამ ბიულეტენებით სავსე საარჩევნო ყუთი სპეციალურ ოთახში გაიტანა. არჩევნები შედგა – არ შევრცხვით!

როცა საარჩევნო კომისია დარბაზში დაბრუნდა, ყველანი ფეხზე ვიდექით და ისე ველოდებოდით ვერდიქტს. მგონი, გულგრილი არავინ იყო. მიკროფონთან მამუკა ყუფარაძე მივიდა. გვარი – ოვაცია! ახალი გვარი – ახალი ოვაცია!! კიდევ გვარი – კიდევ ოვაცია!!! როდესაც ქარტიის საბჭოს ცხრავე არჩეული წევრი დასახელდა, პირველი ის გავიაზრე, რომ რეგიონებს შორის დისბალანსია – საბჭოს სამი წევრი ბათუმიდან არის. ვერ მივხვდი, რატომ. დაახლოებით ათი წუთი დამჭირდა იმისთვის, რომ გამეცნობიერებინა, რა მოხდა ქარტიის საბჭოს არჩევნებზე.

და, აი, რა მოხდა: იმ 122-მა ადამიანმა, ვინც არჩევნებში მონაწილეობდა, მთელი საქართველოდან მისხალ-მისხალ მოაგროვა მარგალიტები, დემოკრატია ნემსის ყუნწში გააძვრინა და ცხრა წევრიდან ცხრავე ღირსეულს მოუყარა თავი საბჭოში. თუნდაც, ამისთვის საჭირო გამხდარიყო სამი ადამიანის – ეთერ თურაძის, თედო ჯორბენაძისა და მერაბ მერკვილაძის წამოყვანა ბათუმიდან – რაც ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო; ირაკლი აბსანძის პოვნა ფოთში – რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტია, გერმანიაში განსწავლული და გერმანულენოვანი მედიისთვის მომუშავე; მაია მეცხვარიშვილის და ხათუნა გოგაშვილის გამორჩევა იმ ჟურნალისტებს შორისაც კი, რომლებიც, თავისი პროფესიონალიზმით, ყოველდღიურად ანგრევენ ყალბ ღირებულებებს. თბილისელ ჟურნალისტებზე დადებული ფსონიც გრანდიოზული სიურპრიზი აღმოჩნდა: ნინო ზურიაშვილი, ელისო ჩაფიძე და ლიკა ჩახუნაშვილი – აქცენტი გაკეთდა ისევ და ისევ პროფესიონალიზმზე, თავისი სხვადასხვა ასპექტით: სიმამაცით, სიმართლით, პატიოსნებით. არადა, მეგონა, ნინოს და ლიკას ცოტა ვინმე თუ იცნობდა იმ დარბაზში.

როგორც კი 122 ამომრჩეველს – რომელთაგან უმრავლესობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იყო ჩამოსული, ნაწილი კი თბილისურ მედიას წარმოადგენდა – ძალდაუტანებელი, თავისუფალი არჩევანის საშუალება მიეცა, – დადასტურდა, რომ არათუ სწორი არჩევანის გაკეთება შეგვძლებია, არამედ, სრულიად არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღების უნარიც გვქონია.

მართლა გაოცებული ვარ, ორასკაციან დარბაზში შეკრებილმა – ზოგ შემთხვევაში, ერთმანეთისთვის უცხო – ხალხმა როგორ ერთსულოვნად იმოქმედა, როგორ უსიტყვოდ გაუგო ერთმანეთს! ბოლოს შემრცხვა, რადგან, მგონი, მე აღმოვჩნდი ყველაზე გაუბედავი ჩემს არჩევანში. დარბაზი კი გაბედული და ჯანსაღი აღმოჩნდა.

ყველაფერი გაკეთდა ქართული მედიის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე და ამბიციების დათრგუნვის ფასად. იმ ადამიანებმა, რომლებიც ამჯერად არ ავირჩიეთ, თავად აირჩიეს საუკეთესო საბჭო. გვიან ღამით დამაწიეს ამბავი-ლეგენდა: გელა მთივლიშვილი ამბობს, არჩევნებით და საბჭოთი კმაყოფილი ვარო! ვინც გელა მთივლიშვილს არ იცნობთ, ვერ მიხვდებით, ეს ფრაზა რას ნიშნავს ჩემთვის და რას ნიშნავს ზოგადად...

* * *
როდესაც ყველაფერი დასრულდა, ორი მხრიდან მივიღეთ „დარტყმა“: ჩვენი კოლეგისგან – ირმა ინაშვილსგან და ჩემი ძველი მეგობრის, გიგა ბოკერიას მეუღლისგან – თამარა ჩერგოლეიშვილისგან (რომელსაც პირადად არ ვიცნობ). ორივეს პოზიცია ფეისბუკში გამოქვეყნდა, ერთმანეთის მიყოლებით. სწორედ მათმა გამოხმაურებამ მაფიქრებინა, რომ ქარტიაზე საუბრის დასრულება ნაადრევია. ისე, ორივე შეტევა მეტად და მეტად ნიშანდობლივია: ქარტია ებრძვის პროფესიულ უპასუხისმგებლობას და თავისუფლების შეზღუდვას. შესაბამისად, ქარტიაზე დარტყმებიც მიზნობრივი და წერტილოვანი იყო. ცოტა დრო რომ მქონოდა და მეფიქრა, ვინ გაგვაკრიტიკებდა, შესაძლოა, ორივე ავტორი წინასწარ ამომეცნო – ნამდვილად არ იყო ძნელი.

ქარტია ჟურნალისტებისთვის და საზოგადოებისთვის შექმნილი დოკუმენტია. ამიტომ, ჩვენი ბლოგის ნებისმიერ მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს შეკითხვა, რას სთავაზობს ეს დოკუმენტი პირადად მას. მომავალი ერთი კვირის განმავლობაში ამაზე დაწვრილებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ – ბლოგიც ამისთვის არის.

ახლა კი მხოლოდ იმას დავაზუსტებ, რომ 4 დეკემბერს სულ სხვა თვალით შევხედე ჩვენი საერთო სამშობლოს მომავალს, რომელსაც პირადად მე ყოველთვის პატიოსან არჩევნებს ვუკავშირებდი – მაშინაც კი, როცა ქუჩაში ვიდექი. ჰოდა, ახლა ნამდვილად დავრწმუნდი, რომ როგორც კი თავისუფალი არჩევანის საშუალება მოგვეცემა, გაცილებით უკეთეს ხელისუფლებას ავირჩევთ, ვიდრე დღეს ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში შეიძლება აღვწეროთ.

ეს სიხარული მე ერთხელ უკვე განვიცადე. ყველას ამასვე გისურვებთ!

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG