Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა. 7 დეკემბერი 2009

  • ნიკო ნერგაძე

მიმოხილვას ”მთელი კვირით” დავიწყებთ, რომელიც დღეს აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით ”2 ტირძნისელი მოზარდი შესაძლოა დაპირებულ ვადაში არ გაათავისუფლონ”. სტატიის შინაარსი სათაურიდანაც გასაგებია, რაც შეეხება დეტალებს, ”ჰამარბერგს შესაძლოა 2 ქართველი ტყვის განთავისუფლება ისევ გაცვლით მოუწიოს, რადგან ოსური მხარე კვლავ ქართულ ციხეებში გამომწყვდეულ ოსეთის მოქალაქეებზე საუბრობს და პირდაპირ თუ მინიშნებით მათ გათავისუფლებას ითხოვს”, - წერს ”მთელი კვირა”.

დღევანდელი პრესის პირველ თუ შუა გვერდზე ბევრგან შეხვდებით ”თავისუფლების ინსტიტუტის” ლიდერის ლევან რამიშვილის ხსენებასაც, ძირითადად - ნეგატიურ კონტექსტში. სხვადასხვა ადამიანები ეხმიანებიან მის განცხადებას, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები და კულტურის მოღვაწეები მოღალატეები არიანო. ”კვირის ქრონიკა” ადგილს თავად ამ მოღვაწეებს უთმობს: თიკა კანდელაკი ლევან რამიშვილს ან იმპოტენტს და ან ჰომოსექსუალს უწოდებს, სოსო პავლიაშვილი კი ამატებს, აი, ეგეთი ხალხი აკეთებს იმას, რომ გამოვიდეს ასობით ათასი ქართველი და წავიდეს პრეზიდენტის წინააღმდეგო. ”ვერსია” კი გოგა ხაინდრავას ინტერვიუს აქვეყნებს.ხაინდრავა ამბობს: ”კანდელაკის, ბრეგვაძის ბოღმით გაჯერებული დაკომპლექსებული ადამიანები დღეს ეკლესიას უტევენ, მართლმადიდებლობას ებრძვიან და ეს ანტიქრისტეს მოსვლის წინა ეტაპიაო.“

საერთოდ, ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების თემაც ფართოდაა გაშუქებული დღევანდელ პრესაში, ისევე როგორც თითქმის ყოველდღე, ამ ბოლო დროს. გაზეთები მოქალაქეების ნაწილის მიერ პატრიარქისთვის დასმულ 27 შეკითხვას ეხმიანებიან. გაზეთებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ზოგად სულისკვეთებას გამოხატავს ”კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებული მოსაზრება, სათაურით ”ბუასილების სანუგეშოდ უკან მორჩენილი პრობლემები”. ავტორი წერს: ”ამათი (იგულისხმება შეკითხვების ავტორები) უმთავრესი მიზანი სწორედ ჩვენი სიმშვიდის დარღვევა და გამოწვევაა, რათა მერე ”ტანჯული” უმცირესობისა და ”წამებული” ეგრეთ წოდებული დემოკრატების დევნა-შევიწროება დაგვაბრალონ და ტოლერანტობაზე ლექციები გვიკითხონ. ვილოცოთ, რადგან ჩვენი გადარჩენა უფლისადმი ერთგულებაშია”.

”ახალი თაობა” წერს, ცოტნე გამსახურდია შეიძლება გაათავისუფლონო. გაზეთი იუწყება, დავით ბაჯელიძემ, გამსახურდიას მეზობელმა, ვის დაჭრასაც აბრალებენ პირველი პრეზიდენტის ვაჟს, ჩვენება მისცა. ამ ჩვენებაში ის მომხდარს სახლში მისულ მისთვის უცნობ პიროვნებას აბრალებს: ცოტნე გამსახურდია კი იმ დღეებში სულ არ მინახავს და, საერთოდ, მეგობრები ვართო..

დაბოლოს, ”24 საათში” ნახავთ თბილისში ჩატარებული კინოფესტივალის მიმოხილვას. ფესტივალი ჟურნალისტს ქვესათაურში აქვს შეჯამებული: ”მსოფლიო კინო, უხეირო ტიტრებისა და უადგილო ჟურნალისტების თანხლებით“, თავად სტატიას კი ”ცოტა რამ თბილისის კინოფესტივალის შესახებ” ჰქვია.
XS
SM
MD
LG