Accessibility links

logo-print

ხომ არ იცვლება თურქეთის პოლიტიკური კურსი?


თურქეთი: ობამასა და ერდოანის აპრილის შეხვედრა

თურქეთი: ობამასა და ერდოანის აპრილის შეხვედრა

ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა, რომლის ფონსაც ქმნის ორი ქვეყნის უთანხმოება რამდენიმე საკითხის გარშემო. უთანხმოებას იწვევს, მაგალითად, პოლიტიკური კურსი ახლო აღმოსავლეთში, ირანის წინააღმდეგ სანქციები და ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდაში მონაწილება.

ხომ არ იცვლება თურქეთის პოლიტიკური კურსი? ხომ არ სცილდება ის დასავლეთს? - ამ შეკითხვას არაერთი პოლიტოლოგი სვამს. თურქეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯები შეშფოთებას იწვევს ბრუსელში და ვაშინგტონში. შეშფოთებას იწვევს, მაგალითად, თეირანთან ანკარის მჭიდრო ურთიერთობა და პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ამასწინანდელი განცხადება, რომ ირანი არ ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას; და კიდევ, გასულ თვეში სტამბულში სუდანის პრეზიდენტის, ომარ ალ ბაშირის ვიზიტი. ალ ბაშირს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ბრალდება აქვს წაყენებული ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ.

გასულ კვირაში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა იან კელიმ მიანიშნა დაძაბულობაზე, როცა შეფასებას - თურქეთ-ამერიკის ურთიერთობა „ძალიან მტკიცე და მრავალმხრივიაო“, დაამატა, რომ ეს არ ნიშნავს, თითქოს აშშ-ს თურქეთთან უთანხმოება არ ჰქონდეს. "ჩვენ უთანხმოებები გვაქვს ყველა მოკავშირესთან და მათ განვიხილავთ როგორც კერძო საუბრებში, ისე საჯაროდ. და გვიხარია, რომ ჩვენი ურთიერთობის ყველა საკითხზე ვიმსჯელებთ, როცა ვაშინგტონში პრემიერ-მინისტრი ერდოანი ჩამოვა“.

გასულ თვეში თურქეთის პრემიერ-მინისტრი თეირანს ეწვია გაზმომარაგებისა და ვაჭრობის საკითხებზე კონტრაქტების გასაფორმებლად, იმავე ნოემბერში კი სტამბულში უმასპინძლა, თვით ერდოანის სიტყვებით, „კარგ მეგობარს“ - ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა დასავლელი მოკავშირეები გააწბილა გამოსვლითაც, როცა „ქედმაღლობა“ უწოდა ირანის წინააღმდეგ (მისი ბირთვული პროგრამის გამო) სანქციების შემოღებას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა გასულ თვეში, ანკარაში ვიზიტისას მართალია, განაცხადა, რომ მეტად გაზვიადებულად მიაჩნია შეფასება, თითქოს პროცესი, რომელით თურქეთში მიმდინარეობს, პოლიტიკური კურსის შეცვლაზე მიუთითებდეს, მაგრამ იქვე გორდონმა აღიარა, რომ ერდოანის ზოგი განცხადება ხელს არ უწყობს შეერთებული შტატებისთვის სასურველი საერთაშორისო კონსენსუსის განმტკიცებას.

თვით ბარაკ ობამამ, რომელიც ორშაბათს, ვაშინგტონში მასპინძლობს თურქ ლიდერს, თურქეთში აპრილში ვიზიტისას ურთიერთობის პოზიტიურ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება. მან განაცხადა, რომ ანკარას დადებითი როლის შესრულება შეუძლია ირანთან დაპირსიპირების მოსაგვარებლად.

ზოგადად, თურქეთი ვაშინგტონის მეტად მნიშვნელოვანი მოკავშირეა ბევრ საგარეო-პოლიტიკურ ფრონტზე. ეს ეხება პაკისტანთან, ერაყთან, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთთან და ავღანეთთან დაკავშირებულ რთულ საკითხებს. თურქეთზე გადის სატრანზიტო მარშრუტი ერაყში განთავსებული ამერიკელი სამხედროებისთვის, თუ სამხედრო აღჭურვილობისთვის; ავღანეთში კი თურქეთი 1750-მდე სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი, თუმცა ისინი არ მონაწილეობენ საბრძოლო ოპერაციებში. როგორც ცნობილია, ვაშინგტონი დამატებით 30 000 ჯარისკაცს აგზავნის ავღანეთში და ნატოელ მოკავშირეებსაც, მათ შორის თურქეთს, მოუწოდებს, გაზარდონ სამხედრო კონტინგენტი.

მოსალოდნელია, რომ ბარაკ ობამა და რეჯეპ ტაიმ ერდოანი იმსჯელებენ სომხეთთან თურქეთის ურთიერთობის ნორმალიზების პერსპექტივაზეც. სახელმწიფო მდივნის თავმჯდომარე გორდონ ბრაუნის განცხადებით, თეთრი სახლი მტკიცედ ემხრობა ანკარასა და ერევანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის განაცხადებას, თუმცა აცნობიერებს, რომ ვითარებას ართულებს ის გარემოება, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისაკენ მიმართული ძალისხმევა ჩიხში მოექცა.

მთლიანობაში, ექსპერტები არ მოელიან უთანხმოების გამომწვევი საკითხების დომინირებას ობამას და ერდოანის შეხვედრაზე.
XS
SM
MD
LG