Accessibility links

სამწუხაროდ კანონზომიერი და ნიშანდობლივი საკადრო ცვლილება


ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მას ამ პოსტზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ჩაანაცვლებს. სამთავრობო ცვლილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და ამ ცვლილების “სამწუხარო მიზეზად” დაასახელა ნიკა გვარამიას სურვილი, “განაგრძოს სწავლა.”

სამწუხაროა აბა რა, როცა ქვეყანას ჰყავს განათლების მინისტრი, რომელიც თავად საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას. მაგრამ რა უნდა ისწავლოს ნიკა გვარამიამ, ხელისუფლების ახალგაზრდა კადრმა, რომელმაც 6 წლის განმავლობაში მოასწრო დეპუტატობაც, იუსტიციის მინისტრობაც, გენერალური პროკურორობაც და ბოლოს განათლების მინისტრადაც მუშაობდა მთელი წლის განმავლობაში?

თანაც, ეს “სწავლის გასაგრძელებლად წასვლა” მაინც, რაღაც ცუდად ჟღერს. სამი წლის წინ, ერთმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა სცადა სასწავლებლად წასვლა და შემდეგ ის ციხეში მოხვდა, იქიდან კი საფრანგეთში, როგორც პოლიტიკური დევნილი. ნიკა გვარამიას ასეთი ბედი, ალბათ, არ ელოდება, რადგან მას არ აქვს იმდენი ამბიცია, რაც ოქრუაშვილს ჰქონდა. გვარამია ვერასოდეს გაბედავს დაუპირისპირდეს მის პოლიტიკურ გამზრდელს მიხეილ სააკაშვილს.

მაგრამ მოულოდნელ საკადრო გადადგილებას აქვს კიდევ ერთი განზომილება, რომელიც, შეიძლება, საბედისწერო იყოს კიდევ ერთი კაშკაშა პოლიტიკური ლიდერისათვის. ეს გახლავთ სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი შაშკინი, - დიმა შაშკინი, - როგორც მას 7 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა უწოდა.

საქმე ისაა, რომ დიმიტრი შაშკინს სახელისუფლებო კულუარებში პრემიერ-მინისტრობას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ჯერჯერობით იგი მხოლოდ განათლების მინისტრად დააწინაურეს. საქართველოს ყველაზე “წარმატებულად რეფორმირებული” უწყების და უმსხვილესი საბიუჯეტო ორგანიზაციის მინისტრობა ნამდვილად შეიძლება განვიხილოთ როგორც ტრამპლინი პრემიერ-მინისტრობისათვის. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ პოსტრევოლუციურ საქართველოში ის, ვინც იკავებს განათლების მინისტრის პოსტს, შემდეგ, როგორც წესი, მალევე ტოვებს ხოლმე მთავრობას. ასე იყო კახა ლომაიას, ასე იყო გია ნოდიას და ასეა ნიკა გვარამიას შემთხვევაში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG