Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ადამიანის უფლებები კონფლიქტის ზონაში


გორი
გორი
შიდა ქართლში ადამიანის უფლებები ხშირად ირღვევა. ეს განსაკუთრებით თვალში საცემია კონფლიქტის ზონაში, სადაც ადამიანებს არსებული საზღვრის გადაკვეთისთვის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციელები აკავებენ და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით ასამართლებენ. ამჟამად ცხინვალის ციხეში ამ ბრალდებით 10-ზე მეტი პირი იხდის სასჯელს. აქედან 3 მოზარდია, რომლებსაც დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოზარდებს, თვეზე მეტია, არც მშობლებთან და არც ნათესავებთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ. გარდა ამისა, მათ ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვთ. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის ძალისხმევით ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულმა მოზარდმა ალეკო ცაბაძემ ჟურნალისტებს უამბო, რომ დაკავებისას ოსი მილიციელები და რუსი მესაზღვრეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გიორგი არჩვაძეს 16 წელი ცხინვალის ციხეში შეუსრულდა. 5 თვის წინ იგი მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ საკუთარ სოფელში შედიოდა. მოზარდს საზღვრის უკანონოდ გადალახვა წაუყენეს ბრალად. სოფელი ბელოთი ამჟამად ოკუპირებულია. არჩვაძეების ოჯახი აგვისტოს ომის დროს იქცა დევნილად. ოჯახის უფროსმა სოფელში დარჩენა გადაწყვიტა, მაგრამ დააკავეს. ცხინვალის ციხის პირობები გასულ წელს გიორგის მამამ თამაზ არჩვაძემ 27 დღის განმავლობაში საკუთარ თავზე გამოსცადა. ციხეში მას ყოველდღე სცემდნენ და ამუშავებდნენ.

2009 წელს გორში სამი პოლიტიკური პატიმარი გაჩნდა. ეს დასკვნა ყოფილმა სახალხო დამცველმა აპრილის აქციების წინა პერიოდში ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი ლიდერების დაკავების გამო დადო. ოპოზიციის მომხრეების დაკავება აქციების შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა მათი ნაწილი ამჟამად თავისუფალია, ნაწილი კი გათავისუფლებას ელოდება. სახალხო დამცველის შიდა ქართლის ოფისის წარმომადენელი ნინო დალაქიშვილი აცხადებს, რომ პოლიციისა და სასამართლოს მხრიდან არაერთ პროცედურულ დარღვევას ჰქონდა ადგილი, მაგრამ დაკავებულების გათავისუფლება ამჟამად მაინც გარიგების საფუძველზე ხდება.

ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს როგორც გორში, ისე კონფლიქტის ზონაში საქმე არ ელევათ. ცხინვალში დაკავებული მოზარდების გამო საქმეში უკვე საერთაშორისო უფლებადამცველებიც ჩაერთნენ, მაგრამ ჯერჯერობით რეგიონში ადამიანის უფლებები მაინც ირღვევა.

XS
SM
MD
LG