Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კახეთში სიღარიბეს უჩივიან


ლაგოდეხი
ლაგოდეხი
ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით კახეთში არსებულ მდგომარეობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კახეთის რეგიონალური ცენტრის კოორდინატორი გელა მთივლიშვილი საუბრობს:

”ადამიანის პირველი უფლებაა, რომ არ იყოს სიღარიბეში, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტი იმყოფება მძიმე სოციალურ-მატერიალურ პირობებში. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში ხორციელდება, კახეთში არაეფექტურად მუშაობს. ოჯახები, რომლებიც იმსახურებენ ამ დახმარებას, ვერ იღებენ საარსებო შემწეობას. შესაბამისად, ისინი არიან უკიდურესად მძიმე პირობებში, პრაქტიკულად შიმშილობის ზღვარზე, და ბევრი ოჯახი საერთოდაც შიმშილობს და იმის თქმაც შეგვიძლია, რომ არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როცა სწორედ შიმშილობის გამო გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი”, - ამბობს გელა მთივლიშვილი.

ადამიანის უფელებათა დაცვის რეგიონალურ ცენტრში განათლების უფლების დარღვევის ფაქტებზეც საუბრობენ.

”განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა, როდესაც არასრულწლოვანი ბავშვები ან მცირეწლოვანი ბავშვები დასაქმებულნი არიან ისეთ სამუშაოზე, რაც ლახავს პირდაპირ მათ უფლებას და ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას. ის, რომ პატარა ბავშვები მუშაობენ მძიმე ფიზიკურ სამუშაოზე, გამოწვეულია იმით, რომ ისინი გადარჩნენ როგორმე ცოცხლები და არ დაიღუპონ მშივრები. კონკრეტულ შემთხვევაში ისინი ვერ დადიან სკოლაში. შესაბამისად, ილახება მათი განათლების უფლება, იმიტომ რომ როგორც საერთაშორისო კონვენციით, ისე საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა ბავშვმა მიიღოს საშუალო განათლება მაინც , რასაც კახეთში ძალიან ბევრი ოჯახი ვერ ახერხებს სოციალური გაჭირვების გამო. უამრავ ბავშვს არ აქვს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რომ აღარაფერი ვთქვათ სასწავლო წიგნებზე, რის გამოც მას არ აქვს შესაძლებლობა იაროს სკოლაში”, - აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კახეთის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი და უფლებების დარღვევის სხვა მნიშვნელოვან ფაქტებზეც საუბრობს:

”თვალშისაცემი, რაც ჩვენ გვხვება კახეთის რეგიონში, არის საკუთრების ხელყოფის ფაქტები. ეგრეთ წოდებული სიღნაღის რეაბილიტაციის დროს და მას შემდეგაც რამდენიმე მესაკუთრის უფლებები შეილახა: ადამიანები გამოყარეს საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან, კომერციული ფართებიდან და პირდაპირ აიძულეს ისინი, რომ გაეყიდათ მათთვის სასურველ ფასებში ეს ფართები ან დაეთმოთ სახელმწიფოსთვის და გადაეცათ საჩუქრის სახით. ჩუქებისა და გაყიდვის ფაქტები ხდებოდა ღამის 12 საათზე ფინანსური პოლიციისა და შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სპეცრაზმის თანხლებით, პირდაპირ იარაღის შუბლზე მიბჯენით და ა.შ. ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ბადურ მილაშვილს სიღნაღში მდებარე საცხოვრებელი სახლი წაართვეს, სადაც თიბისი ბანკის ადგილობრივი ფილიალია განთავსებული, მილაშვილი საცხოვრებელი სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს, გაიტაცეს, ანუ მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, და ისე გადააფორმებინეს ეს საცხოვრებელი სახლი სახელმწოფოსათვის საჩუქრის სახით.”

2009 წელს კახეთში დაფიქსირდა რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტები და რელიგიურ ნიადაგზე ადამიანების შეურაცხყოფისა და ცემის ფაქტებიც, აღნიშნავს გელა მთივლიშვილი. მაგალითად, საგარეჯოში იეჰოვას მოწმეები ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა არა მარტო შეურაცხყვეს სიტყვიერად, არამედ მათ სცემეს კიდეც. რელიგიური დაპირისპირების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს თვალს ადევნებდნენ საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს საგარეჯოს ჯგუფის წევრები. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავებს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენიათ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კახეთის რეგიონალურ ოფისში აღნიშნავენ, რომ კახეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, თავისუფალი სასამართლოს არსებობის პრობლემაც მწვავედ დგას. კოორდინატორი გელა მთივლიშვილი აღნიშნავს, რომ სასამართლო კახეთშიც პროკურორების გავლენის ქვეშაა მოქცეული.

კახეთის რეგიონალურ ცენტრში აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მხრიდან გატარებული რეფორმები არაეფექტურია და არამიზნობრივად ხორციელდება.
XS
SM
MD
LG