Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასჯელაღსრულებიდან განათლებაში


ნიკა გვარამია, განათლების ყოფილი მინისტრი (მარცხნივ), ნიკა გილაური, პრემიერ-მინისტრი (შუაში) და დიმიტრი შაშკინი, განათლების ახალი მინისტრი
ნიკა გვარამია, განათლების ყოფილი მინისტრი (მარცხნივ), ნიკა გილაური, პრემიერ-მინისტრი (შუაში) და დიმიტრი შაშკინი, განათლების ახალი მინისტრი
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების უკვე ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განათლების მინისტრის თანამდებობაზე 8 დეკემბერს ოფიციალურად წარუდგინა კოლექტივს და თქვა, რომ ახალ მინისტრს ბევრი ახალი იდეაც აქვს. განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია, ასევე ოფიციალური ინფორმაციით, საზღვარგარეთ სწავლას გააგრძელებს. სასჯელაღსრულების მინისტრის ვაკანტურ თანამდებობაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თორთლაძის კანდიდატურა სახელდება. ცვლილებებს ელიან ეკონომიკის სამინისტროშიც, თუმცა ოფიციალურად ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

”დიდი მადლობა, რომ ყველაფერს აკეთებდით საქართველოს განათლებისა და, მაშასადამე, საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველყოფისათვის. წარმატებებს გისურვებთ. მუდამ თქვენთან, ნიკა გვარამია.”

ამ სიტყვებით დაემშვიდობა ნიკა გვარამია განათლების სამინისტროს თანამშრომლებს. ის მინისტრობიდანაც წავიდა და პოლიტიკიდანაც. რა დროით - უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ განათლების ყოფილი მინისტრი სწავლის გაგრძელებას უცხოეთში გეგმავს. 8 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, სანამ განათლების ახალ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ოფიციალურად გადააბარებდა პოსტს, აღნიშნა, რომ 2010 წელს ბიუჯეტი ორ სფეროს ეზრდება, ჯანდაცვასა და განათლებას, და ამით მათ პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი. გილაურმა გვარამიას ერთწლიანი მოღვაწეობა განათლების სფეროში წარმატებულად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ სასჯელაღსრულების სფეროდან მოსული შაშკინი საქმეს უკეთესადაც გაართმევს თავს: ”მე მართლა ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო და არა მხოლოდ როგორც განათლების სფეროში, არამედ როგორც, საერთოდ, მინისტრთა კაბინეტის წევრი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ აუცილებლად სურდა საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა და ვეღარ გადავათქმევინეთ. შესაბამისად, წარმოგიდგენთ ახალ მინისტრს - დიმა შაშკინს, რომელიც ისევე გაართმევს თავს ამ საქმეს და, იმედია, უკეთესად, როგორც ამას აკეთებდა ნიკა გვარამია.”

ახალი მინისტრის მიმართ თბილი სიტყვები არც ყოფილმა მინისტრმა დაიშურა. ნიკა გვარამიასა და დიმიტრი შაშკინს, ერთი პოლიტიკური გუნდის გარდა, უნივერსიტეტიც აკავშირებთ - ისინი, როგორც აღმოჩნდა, კურსელები არიან: ”დიმიტრის აქვს ის პოტენციალი, რომ აქ დიდ წარმატებებს მიაღწიოს.”

თავად შაშკინს წარდგენისას ახალ იდეებზე არ უსაუბრია. მან მხოლოდ ის თქვა, რომ მისი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი და მოსწავლე: ”ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მასწავლებელს და მოსწავლეს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მასწავლებელმა ასწავლოს და მოსწავლემ ისწავლოს და ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, რადგან განათლების გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება.”

ქართული საზოგადოებისათვის ამ ტიპის საკადრო ცვლილებები - როდესაც მინისტრები ერთმანეთს ცვლიან სრულიად განსხვავებული სფეროებიდან - უკვე კარგადაა ცნობილი. თანამდებობის დატოვების მიზეზად სწავლის გაგრძელებაც დასახელებულა. ამის მაგალითი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილია. თუმცა ყოველ ხმაურიან გადაადგილებას მაინც ახლავს ხოლმე კითხვები - მაგალითად, რატომ სასჯელაღსრულების მინისტრი განათლების მინისტრად? პოლიტოლოგი გია ნოდია, რომელიც ასევე რამდენიმე თვე ხელმძღვანელობდა განათლების სფეროს ნიკა გვარამიამდე, ამბობს, რომ გასაოცარი ამაში არაფერია: ”მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობა და აქ ძირითადია პოლიტიკური გუნდის ნდობა და ერთგულება. არც ნიკა იყო განათლების სფეროს სპეციალისტი და მისი დანიშვნაც მოულოდნელი იყო ამ ნიშნით. მაგრამ ჩვეულებრივი ამბავია, რომ მინისტრის თანამდებობაზე ინიშნებიან არა სფეროს სპეციალისტობის ნიშნით, არამედ პოლიტიკური კომპეტენციის თვალსაზრისით. როგორც ჩანს, პრეზიდენტი ენდობა იმ ადამიანებს, ვისაც ნიშნავს თანამდებობაზე.”

გია ნოდია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მან ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე იცოდა პირადად გვარამიასგან, რომ სწავლის გაგრძელება უნდოდა. ასე რომ, ეს საკადრო ცვლილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

როგორ აისახება მინისტრების ხშირი ცვლა თავად სფეროს განვითარებაზე? სხვა სფეროდან მოსული ყოველი ახალი მინისტრისათვის სამინისტროს პრობლემების გასაცნობად საჭირო დრო ხომ არ არის დაკარგული დრო? რატომ სჭირდება ხელისუფლებას ასეთი ხშირი ცვლილებები? - ეს ის კითხვებია, რომლებიც ყველა საკადრო გადაადგილებას მოსდევს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, მაგალითად, ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ 2004 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში ხალხმა დაუშვა ქვეყნის მართვა არაკომპეტენტური ადამიანების მიერ და დაიჯერა, რომ ახალგაზრდა და ენერგიული, თუმცა არაპროფესიონალი კადრები ქვეყნის წარმატებულ მართვას თავს გაართმევდნენ. მაგრამ ეს ასე არ მოხდა: ”მინისტრი რამდენიმე ბატონის მსახურია. ვინც ნიშნავს, მისი და, ასევე, იმ საქმის, რომელსაც ემსახურება, ანუ საზოგადოების. სამწუხაროდ, ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ ვინც ნიშნავს და ხსნის, იმ ბატონის მსახური უფრო ერთგულია და ამიტომ ძალიან ხშირად ის ფუნქცია, საზოგადოებრივი, რჩება ხოლმე შეუსრულებელი. თავისთავად პრეზიდენტისთვის ასეთი პრინციპი კადრების შერჩევისა გამართლებულია. კადრი, რომელიც განათლების სფეროში სასჯელაღსრულებიდან თუ პროკურატურიდან მიდის, თავს მყარად არ გრძნობს ამ ადგილზე და რასაც ეტყვიან, იმას აკეთებს და გამოდის, რომ პოლიტიკის განმსაზღვრელი ხდება ერთი-ორი ადამიანი და დანარჩენი, მათ შორის მინისტრებიც კი... ისევე როგორც ხალხს მიაჩნდა, რომ არაკომპეტენტური და ენერგიული ყველაფერს გააკეთებს, რასაც ხალხი ეტყვის, ასევე პრეზიდენტს და მის გარემოცვას მიაჩნია, რომ არაკომპეტენტური და ენერგიული მინისტრები ყველაფერს გააკეთებენ, რასაც ეტყვიან და რომ კომპეტენცია ამ ქვეყანას არ სჭირდება.”

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ვინ დაიკავებს სასჯელაღსრულების მინისტრის გამოთავისუფლებულ პოსტს. 8 დეკემბერს მხოლოდ ერთი - არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრის, გია თორთლაძის - კანდიდატურა სახელდებოდა. უახლოეს დღეებში ხელმძღვანელი, შესაძლოა, ეკონომიკის სამინისტროსაც შეეცვალოს. თუმცა ეს ორივე ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG