Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 8 დეკემბერი 2009


”საქართველოს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროები არ ამბობენ სრულ სიმართლეს აგვისტოს ომის შესახებ” - ასეთია რუსი ექსპერტების დასკვნა, რომელსაც ”კომერსანტი” აშუქებს. გაზეთი მიმოიხილავს სტატიების კრებულს, სახელწოდებით ”აგვისტოს ტანკები”, რომელშიც ავტორები დაწვრილებით წერენ ომამდელ, ომისდროინდელ და მის შემდგომ ვითარებაზე. ”კომერსანტი” იუწყება, რომ, ავტორების მტკიცებით, ქართულმა მხარემ ოპერაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, როგორც მინიმუმ, 6 აგვისტოს და არა 8 აგვისტოს, როგორც ამას ქართული ოფიციალური მხარე ამბობს. ამავე დროს, ავტორების მტკიცებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები სამხრეთ ოსეთში ცხინვალის დამომბვის დაწყებიდან ორ საათში შევიდნენ და არა 8 აგვისტოს დილას, როგორც ამას მოსკოვი ამბობს. რუსი ექსპერტები ასევე ადგენენ მოკლულების და დაჭრილების საკუთარ სიას. რუსული არმია 74 მოკლულ და 170-ზე მეტ დაჭრილს ითვლის, ქართული მხარე კი 170 მოკლულს და 1800-ზე მეტ დაჭრილს. ”კომერსანტი” წერს, კრებულის ერთ-ერთი ავტორი, მიხაილ ბარაბანოვი, გაკვირვებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს, საქართველოსგან განსხვავებით, ჯერაც არ გამოუქვეყნებია დანაკარგების ოფიციალური სია. ”დასამალი და სამარცხვინო აქ არაფერია”, - უთხრა მან ”კომერსანტს.

”იზვესტია” რამდენიმე სტატიას უძღვნის ქართველ მომღერლებს, რომლებსაც თბილისი მოსკოვში გამოსვლისათვის აკრიტიკებს. ”ნანი ბრეგვაძე ხალხის მტერი გახდა“ - ასეთი სათაური აქვს ერთ სტატიას, სადაცა ავტორი წერს, ”ინფორმირებული ადამიანები წინასწარმეტყველებენ, რომ ”იმედი”, ”რუსთავი 2” და მთავრობის მიერ კონტროლირებადი სხვა არხები მომღერლის ”მორალურ სახეს” კიდევ არაერთხელ დაუბრუნდებიანო”. ის ამატებს: ბრეგვაძემ ინტერვიუ ლამის ყველა ტელეკომპანიას მისცა, თუმცა სრულად ჩანაწერი ეთერში არავინ გაუშვა; მონტაჟის საოცრებების გზით კი ისე გამოჩნდა, რომ მომღერალმა ლამის ბოდიში მოიხადა მოსკოვში ცნობილი სიმღერა ”თბილისოს” შესრულებისთვისო. ამ თემაზე გაზეთი მეორე სტატიასაც აქვეყნებს, სათაურით: ”რუსეთში კონცერტს თუ გამართავ, ხალხის მტერი გახდები”.

”კომსომოლსკაია პრავდა” ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ისტორიის სახელმძღვანელოებს მიმოიხილავს და მათში, გაზეთის აზრით, არაზუსტ ფაქტებს უსვამს ხაზს. სტატიის სათაურია ”ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სახელმძღვანელოები - პირველი ევროპელი საქართველოში ცხოვრობდა, აზერბაიჯანელების რუსეთში დეპორტაცია კი გორბაჩოვმა მოაწყო”. საქართველოს ამ პუბლიკაციაში ერთი ქვეთავი ეძღვნება, სათაურით ”ქართველებს ვერაგი მტერი მისდევს”. პირველ ევროპელს რაც შეეხება, ქართველებს არ აწუხებთ, რომ დმანისში აღმოჩენილი თავის ქალა ჰომო საპიენსის სახეობას არ მიეკუთვნება. საერთოდაც, საქართველო გეოგრაფიულად აზიაში იმყოფება და არა ევროპაში, წერს ავტორი. მას ასევე მოჰყავს რამდენიმე ციტატა ქართული ისტორიის სახელმძღვანელოდან, რომლის ავტორებიც სტატიაში ასე არიან დახასიათებულნი - ”მეტრეველი და კუდავა ექსტრავაგანტურები არიან და დაუოკებელნი თავის მეცნიერულ ძიებაში. როგორ გინდათ, ასეთია ნაციონალური ტემპერამენტი”. ერთ ციტატას სახელმძღვანელოდან, რომ საბჭოთა ხელისუფლება ქართული კულტურის თვითმყოფადობის და ეროვნულობის დამცირება უნდოდა, ავტორი ასე პასუხობს: ”უცნაურია. როგორ დააღწია თავი ამ ზეწოლას თუნდაც ზურაბ წერეთელმა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ქმნიდა? რა ვუყოთ ქართულ ფილმებს, რომლებიც მთელ ევროპაში ქუხდა? ახლა მხოლოდ სააკაშვილი ქუხს.“

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ისტორიის სახელმძღვანელოებზე კომენტარს რუსი ისტორიკოსი ანდრეი შადრინი აკეთებს, რომელიც ამბობს, რომ ამ სახელმძღვანელოებს - ყველას, ბელორუსიულისა და სომხურის გარდა - ერთი რამ აერთიანებს: ”უარის თქმა ჩვენს რევოლუციამდელ და საბჭოთა საერთო ისტორიაზე. ეს დროებითი მოვლენაა. ასეთი ეტაპი საჭიროც კია მათთვის. ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებმა, ბუნებრივია, დიპლომატიური ეტიკეტიდან გამომდინარე, ეს არ უნდა შეიმჩნიონ. მაგრამ ზურგით მიბრუნება, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც არ ღირს”, - უთხრა რუსმა ისტორიკოსმა ”კომსომოლსკაია პრავდას”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG