Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

უფლებაშელახული პატიმრები, ჟურნალისტები და მესაკუთრეები


ქუთაისი
ქუთაისი
ქუთაისში მოქმედ უფლებადაცვით ორგანიზაციებს ყველაზე ხშირად პატიმართა ახლობლები მიმართავენ. მათ პრეტენზიები, ძირითადად, პროკურატურისა და სასამართლოს მიმართ აქვთ. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის შორენა კაკაბაძის თქმით, ცოტა ხნის წინ ქუთაისის მე-2 საპყრობილეში პატიმრებმა პირი ამოიკერეს. ისინი ორი თვის განმავლობაში შიმშილობდნენ იმის გამო, რომ პროკურატურა აღიარებითი ჩვენების მიცემას აიძულებდა, მაგრამ მათი პროტესტი უყურადღებოდ დარჩა.

შორენა კაკაბაძე გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოყოფს. ის ჟურნალისტ ზვიად ხუჯაძესა და ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროს გიზო თავაძეს შორის არსებულ უთანხმოებას იხსენებს, რომელიც ექვსი თვეა გრძელდება.

ხელისუფლების წარმომადგენელი რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერში გასულმა გადაცემამ გააღიზიანა. ჟურნალისტმა ზვიად ხუჯაძემ და გადაცემის სტუმრებმა თავაძის სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმი „ჩემი ქუთაისელი ბაბუა“ გააკრიტიკეს. როგორც ჟურნალისტი ამბობს, გადაცემის ეთერში გასვლიდან რამდენიმე დღეში თავაძემ მას სამსახურში მიაკითხა, მანქანაში ჩაისვა, ქალაქგარეთ გაიყვანა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გიზო თავაძე ჟურნალისტის შეურაცხყოფას კატეგორიულად უარყოფს. ჟურნალისტმა სამართალდამცავ ორგანოებს მაშინვე მიმართა, მაგრამ ფაქტი გამოძიებული არ არის.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის ქუთაისის ოფისში ამბობენ, მათთან დასახმარებლად მისულ ადამიანებს შორის ბევრია სოციალურად დაუცველი მოქალაქე. უფლებადამცველები ასევე გამოყოფენ შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებს. წინა წლებთან შედარებით, დაქირავებული პირის სასამართლოსთვის მიმართვის ფაქტებმა იმატა.

რაც შეეხება საკუთრების უფლებას, უფლებადამცველები ახალ ფაქტებს არ ასახელებენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ყველა გახმაურებული ფაქტი მესაკუთრის მარცხით დასრულდა.
XS
SM
MD
LG