Accessibility links

logo-print

რუმინეთის პრეზიდენტი ბასესკუ გახდება, მოლდავეთმა - ვერ აირჩია


ტრაიან ბასესკუ, რუმინეთის პრეზიდენტი

ტრაიან ბასესკუ, რუმინეთის პრეზიდენტი

რუმინეთში კვირას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. საბოლოო შედეგით, პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ ძალიან მცირე უპირატესობით მოიგო არჩევნები. ორშაბათს კი პრეზიდენტის არჩევის მცდელობა ჰქონდა რუმინეთის მონათესავე მოლდავეთის პარლამენტს. კიშინიოვში კანონმდებელმა კომუნისტებმა პრეზიდენტის არჩევა ჩაშალეს, რასაც ეს სახელმწიფო ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მიჰყავს.

მოლდავეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა და იქ პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი კანდიდატია ამ პოსტზე, ის, ზემოხსენებული კომუნისტების გამო, ხმების საჭირო რაოდენობას ვერ აგროვებს. მარიან ლუპუს ხმა მისცა მხოლოდ 53 დეპუტატმა, რომლებიც სამთავრობო კოალიცია „ევროპული ინტეგრაციის ალიანსში“ ირიცხებიან. მას კი, სულ მცირე, 61 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. კომუნისტებმა არათუ ხმა არ მისცეს ლუპუს, მათმა 48 წარმომადგენელმა დარბაზი დატოვა. მოლდავეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის არჩევის განმეორებითი ჩაშლის შემდეგ პარლამენტი უნდა დაიშალოს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. მოლდავეთში ეს პირველი შემთხვევა არაა. რვიდან ექვსი პრეზიდენტის არჩევისას ასეთი პრობლემა არსებობდა. ახლა სურთ თვითონ კონსტიტუციაში შეიცვალოს პრეზიდენტის არჩევის წესი და ის პირდაპირ იქნეს არჩეული. მაგრამ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა იმ რისკთანაა დაკავშირებული, რომ ახლა -არასაკმარისი, მაგრამ მაინც უმრავლესობის მქონე -„ევროპული ინტეგრაციის ალიანსი“ შეეცდება, ძველი ჩვეულების თანახმად, კანონი საკუთარი ინტერესების მისაღწევად შეცვალოს. ლუის ონილი, ადრე ეუთოს წარმომადგენელი მოლდავეთში, თვლის, რომ კონსტიტუციის ცვლილებას ახლავს ჯერ უხილავი პრობლემა. მისი დაკვირვებით, ალიანსს არ უნდა დაავიწყდეს, რომ პარლამენტში რაიმე საკითხის გატანისას აუცილებლად კომუნისტების წინააღმდეგობას წააწყდება. არადა, კონსტიტუციის შეცვლას რეფერენდუმის კანონის მოგვარება სჭირდება, ეს კი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ონილი ამბობს, რომ კონსტიტუცია მოლდავეთში რეფერენდუმით ერთხელ უკვე შეიცვალა, რათა შეექმნათ ძალიან პარლამენტური რესპუბლიკა, რომელშიც კანონმდებლები ირჩევენ ან ვერ ირჩევენ პრეზიდენტს. ახლა, როცა ალიანსი ცდილობს ამ პრინციპის შეცვლას, ყველაფერი ძველ წესს უბრუნდება. ამიტომ ონილი ფიქრობს, რომ ყველა ცვლილება აუჩქარებლად უნდა მოხდეს:

„ახლა საჭიროა სერიოზული, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით წარმართული, ნდობაზე დამყარებული მოლაპარაკება „ევროპული ინტეგრაციის ალიანსსა“ და კომკუნისტებს შორის, არსებული სისტემით პრეზიდენტის ასარჩევად. შემდეგ, უკვე შედარებით სიმშვიდეში, მოლდავეთის პოლიტიკოსებს, მეცნიერებს და ექსპერტებს შეეძლებათ კონსტიტუციის ამომწურავი გადასინჯვა მოახდინონ იმისათვის, რომ შეიქმნას მოლდავეთის ხალხისა და მომავალი ლიდერებისთვის უკეთესი სისტემა. სხვა შემთხვევაში პოლიტიკოსები საკუთარი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ და ამ დროს უფუნქციო სისტემას დამატებით მარწუხებში მოაქცევენ.“

მოლდავეთის პოლიტიკურ კრიზისს თუ მომავლის იმედი ასაზრდოებს, მის მეზობელს, ევროპის კავშირის წევრ რუმინეთს, სხვა პერსპექტივა აქვს. თავიდანვე გეტყვით, რომ ბასესკუს გამარჯვება გავლენას იქონიებს მოლდავეთზე, პროდასავლური ძალებისთვის სასარგებლოდ, რადგან ის იქ კომუნისტების ბატონობას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა.

ზემოთ ითქვა, რომ მცირე უპირატესობით ტრაიან ბასესკუმ თავის მეტოქეს, სოციალ-დემოკრატ მირჩა ჯიონას მოუგო. ცენტრისტულ-მემარჯვენე ორიენტაციის ბასესკუს ხმის უფლების მქონეთა 50,3-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, ჯიონას კი - 49, 6 პროცენტმა. თავიდან „ეგზიტპოლები“ ჯიონას აცხადებდნენ გამარჯვებულად. რამდენიმე საათით რუმინეთს ორი პრეზიდენტი ჰყავდა, რადგან ორივე მონაწილე საკუთარ გამარჯვებაში იყო დარწმუნებული. ორივე, ბასესკუცა და ჯიონაც, რუმინელ ხალხს ულოცავდა და მადლობას ეუბნებოდა. ბასესკუმ თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვებას რუმინელ ხალხს უმადლის - ხუთმა მილიონმა რუმინელმა აშკარა არჩევანი გააკეთა, ის რუმინეთის განახლებას მიემხროო.

ახლა ბასესკუს გამრჯვებამ რუმინეთს ორთვიანი კრიზისის შემდეგ მოჩვენებითი სტაბილურობა მაინც უნდა მოუტანოს ქვეყანას.

მაგრამ, სტაბილურობაზე ძალიან თამამად ლაპარაკი ძნელია. ბასესკუმ უნდა დაასახელოს პრემიერი და მას ახალი მთავრობის შექმნა დაავალოს. ის კვლავაც ძველი კოალიციის, ცენტრისტულ-მემარჯვენე გაერთიანების შექმნას გეგმავს და იქ ლიბერალ-დემოკრატებსა და ნაციონალ-ლიბერალებს მიიწვევს. მაგრამ ლიბერალ- დემოკრატების ლიდერმა, რომელიც მესამე იყო პირველ ტურში, მეორე ტურში ღიად დაუჭრა მხარი ჯიონას.

ჩვენ დამოუკიდებელ ჟურნალისტს, ანდრეა პორას, ვთხოვეთ, შეეფასებინა შედეგები.

„ორივე შედეგი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან, მათ შორის განსხვავება დაახლოებით 70 ათასი ხმაა. მაგრამ შედეგი ძალიან ცხადია მაინც. მე გავეცანი ეუთოს მეთვალყურეთა ანგარიშს და, ამ ანგარიშის თანახმად, არჩევნებმა კარგად ჩაიარა - დიდი პრობლემები არ ყოფილა.“

პორამ ისიც აგვიხსნა, რომ სოციალ-დემოკრატებმა, ჯიონას მომხრეებმა, როცა კვირას წინასწარ იზეიმეს გამარჯვება, დარღვევების თემა არ გახსენებიათ, შემდეგ კი სწორედ ამაზე ალაპარაკდნენ. ეუთომ, ძირითადად, დადებითად შეაფასა არჩევნების მსვლელობა. ის მოუწოდებს რუმინეთის ხელისუფალთ გამოიძიონ დარღვევების ბრალდებები, რომელიც მედიაში მიკერძოებულობას უკავშირდება.

რუმინეთის არჩევნებში არის ერთი საინტერესო მომენტი, კერძოდ ის, რომ ბასესკუს გამარჯვებას ხელი შეუწყო დიასპორამ: უცხოეთში მცხოვრებმა რუმინელებმა მას 115 ათასი ხმა მისცეს - ოთხჯერ მეტი, ვიდრე ჯიონას. მათ რიცხვში არიან მოლდაველები, რომლებსაც რუმინული პასპორტები აქვთ. ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვის მერი ბასესკუს მომხრეთა რიგში იყო.

ბასესკუ, ქარიზმატული პოლიტიკოსი, თავის ამომრჩეველს რუმინეთის მოდერნიზებასა და რეფორმირებას დაჰპირდა და მას მოუწევს ეკონომიკაზე იზრუნოს. პოლიტიკურმა კრიზისმა კი ის მოიტანა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუმინეთისთვის ერთ-ნახევარი მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხი შეაჩერა. ახლა ახალი მთავრობა უნდა შეეცადოს, რომ ეს დახმარება გადარიცხულ იქნეს.
XS
SM
MD
LG