Accessibility links

logo-print
ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, საქართველოს ევროპასთან მიახლოების გზების ძიება - ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს დღეს საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებმა და დელეგაციების წევრებმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრებზე. უმნიშვნელოვანესი ფაქტი უწოდეს პრეზიდენტებმა თბილისში გამართულ ბიზნესფორუმს, რომელშიც 60-ზე მეტი ლატვიელი ბიზნესმენი იღებდა მონაწილეობას. ლატვიის პრეზიდენტის, ვალდის ზატლერსის განცხადებით, აღნიშნული ფორუმი იქნება ორ ქვეყანას შორის ახალი შესაძლებლობების გამონახვის საშუალება ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთი პარალელი გაავლო ორი ქვეყნის - საქართველოსა და ლატვიის - ისტორიაში განვითარებულ დრამატულ მოვლენებს შორის, რომელთა საერთო მიზეზი, მისივე თქმით, საქართველო-ლატვიას შორის არსებული ერთი მეტად გაწელილი ქვეყანაა. საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ლატვიის პრეზიდენტს ვალდის ზატლერსა და მთლიანად ლატვიას აგვისტოს ომის დროს გაწეული დახმარებისა და თანადგომისათვის.

ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე და, უკვე მოგვიანებით, სასტუმრო ”რედისონში” ბიზნესფორუმის გახსნის ცერემონიალზე ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველოში იმყოფება 65 ლატვიელი ბიზნესმენი, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ბიზნესფორუმში, სადაც განიხილება ენერგეტიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, სამშენებლო, უძრავი ქონების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ვალდის ზატლერსის განცხადებით, მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსა და ლატვიას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება. მისივე თქმით, თბილისში, „რედისონში“ გამართული ბიზნესფორუმი იქნება ახალი შესაძლებლობების გამონახვის გზა ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებისათვის:

“დღეს საქართველოში ჩამოსულია 60-ზე მეტი ლატვიელი ბიზნესმენი იმისათვის, რომ შეისწავლონ აქაური ბაზარი, დასახონ ახალი შესაძლებლობები და მიზნები საქართველოსა და ლატვიას შორის მომავალი ეკონომიკური ურთიერთობებისათვის, და ეს ფაქტი ნამდვილად მისასალმებელია, რადგან ეს არის გზა მომავლისაკენ. რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის წარსულში იყო მწარე და ტკივილიანი მომენტები, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია წარსულის შეცვლა, ახლა მთავარია ვიზრუნოთ ხვალინდელ დღეზე”, - განაცხადა ზატლერსმა.

იქიდან გამომდინარე, რომ ლატვია ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და დახმარება გავუწიოთ საქართველოს იმისათვის, რომ ის კიდევ უფრო მიუახლოვდეს ევროპას, აღნიშნა ვალდის ზატლერსმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ლატვიის პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით განაცხადა, რომ ლატვია ყოველთვის უჭერდა მხარს და კვლავაც მყარ პოზიციას ინარჩუნებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად:

”ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში და განსაკუთრებით აქ, საქართველოში, მშვიდობის შენარჩუნება. ეს არ არის ადვილად მისაღწევი და ეს კარგად იცის საქართველოს პრეზიდენტმა, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მხარი დავუჭიროთ მშვიდობას რეგიონში”, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციის დაწყებამდე ლატვიისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს. მანამდე კი ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართა დელეგაციების მოლაპარაკება სამი მიმართულებით - ეკონომიკის სფეროში, გარემოს დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ლატვიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო მიიღო. პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ გამართული მოლაპარაკების შემდეგ ლატვიის პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ლატვიის უმაღლესი ჯილდო, "აღიარების ორდენი", გადასცა.
XS
SM
MD
LG