Accessibility links

8 ნოემბერი, კვირა
გამთენიისას, 4 საათზე ჩამოვფრინდი ვენიდან. ვენაში მე და ხათუნა ვიყავით. მე ბესო დამხვდა, ხათუნას - სულა და მშობლები. მსოფლიო მოვლილი მაქვს-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ იმ ქალაქებიდან, სადაც ვყოფილვარ, ვენა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია. ასეთ ქალაქებს რომ ვნახულობ, მერე მიკვირს, უცხოელებს თბილისზე ჭკუა რომ ეკეტებათ.
დილის 12 საათზე გამეღვიძა და ისევ დავიძინე. 2 საათზე გამომეღვიძა, ვოცნებობდი, ნეტავ ვინმე მოვიდეს, რომ ავდგე-მეთქი. მობილური არ ჩავრთე - ასეთ პატარა „ხულიგნობებს“, ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ჩავდივარ. მობილურის ზარზე ალერგია მაქვს, განსაკუთრებით შემდეგი ტიპის ზარებზე: “ქალბატონო თამარ, რადიო X-დან გაწუხებთ, თქვენი კომენტარი გვჭირდება. აქვს თუ არა რუსეთის სათათბიროს ბ-ნი ვაშაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება? უკვე ეთერში ხართ...” დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის, მაგრამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარესაც კი არ მოეთხოვება, იცოდეს რუსეთის კანონმდებლობა, თანაც ზეპირად! ჰოდა, ერთი დღე ხომ შეიძლება ჩემს თავს და ოჯახს დავუთმო? ხომ ხედავ, დღიურთანაც თავს ვიმართლებ.
3-ზე ქეთუშა და ჩემი დები მოვიდნენ. ქეთუშა ჩემი დისშვილია. ეს - ფორმალურად, თორემ რეალურად ჩვენი მეოთხე დაა. ვენიდან ჩამოტანილი, ფარდაზე დასამაგრებელი პეპლები ვაჩუქე. კინაღამ გაგიჟდა სიხარულით! ხტუნავდა. მაგრამ მალე მოიწყინა – ნაძვის ხის დეკორატიული განათება არ შეხვდა. ნაძვის ხის სათამაშოები ჩემი სისუსტეა. შემიძლია განათებულ, ლამაზ ნაძვის ხეს საათობით ვუყურო. ჰოდა, საახალწლოდ მომირთავენ თბილისს ათასი ჯურის და ფერის ნაძვის ხეებით. მერე ამბობენ, ქვეყანაში სასიკეთო არაფერი კეთდებაო!

9 ნოემბერი, ორშაბათი
დღეს დიდი არაფერი, სამი შეხვედრა მაქვს. გიორგიმ დამიმესიჯა, დღეს ვერ მოვალო. ცუდია. ე.ი. მარტოს მომიხდება შეხვედრებზე ჯდომა, ათობით განცხადების ხელმოწერა და არცთუ ისე მარტივი ადმინისტრაციული და სამართლებრივი პრობლემების მოგვარება.
ოთახში შემოსულ ზოგიერთ თანამშრომელს თვალებში ვერ ვუყურებ – რამდენიმე ანგარიშის წაკითხვა ვერ მოვასწარი. დღის განმავლობაში იმდენი საქმეა, დღიურში რომ ჩამოვწერო, იმის დროც კი არ არის. მაგრამ ხათუნაზე შაყირი მაინც მოვასწარი – სულ სამი დღით იყო წასული და ჩამოსულს აეროპორტში დედ-მამა გხვდებოდეს? ჩემს ყბაში ჩემი მტერი ჩავარდა!
საღამოს 5 საათზე მე და თამუნა პარლამენტში ვესტმინსტერის ფონდსა და პარლამენტს შორის მემორანდუმის გაფორმების საზეიმო ცერემონიას დავესწარით. თამარ მეფის დარბაზს ოცი წუთი ვეძებდით, ცერემონია კი ხუთ წუთს გაგრძელდა. ჩვენ გვჭირდება უფრო დამოუკიდებელი პარლამენტი – განაცხადა ბატონმა დავით ბაქრაძემ. რამე ახალი გვითხარით, ბატონო სპიკერო!
ელჩთან მიღებაზე აღარ წავედი. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ვინც სანახავი იყო, პარლამენტში უკვე ვნახე. ვესტმინსტერის ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა კი ხვალ მექნება. ქართული მხრიდან მათი ძირითადი პარტნიორები ჩვენ ვართ.

10 ნოემბერი, სამშაბათი
დილით Outlook-ი რომ გავხსენი და 40 წერილის ჩამოტვირთვა დაიწყო, მონიტორს თვალი ავარიდე. ყველა ხომ უნდა წაიკითხო და ყველას თუ არა, ნაწილს ხომ მაინც უნდა უპასუხო? მით უმეტეს, ზოგი გახსენებს, რომ მოცემულ წერილს მეორედ აგზავნის და პასუხს ითხოვს. ერთხელ გიორგიმ გამოსავალი მასწავლა, - “რა განერვიულებს, inbox-ში ნიშნავ ყველას წერილს CTRL+A ფუნქციით და მერე აჭერ კლავიშს delete”. დავიჯერო, თვითონ ასე აკეთებდა თავმჯდომარეობის დროს? არა მგონია!
4-ის ნახევარზე ფონდის წარმომადგენლებს შევხვდით. ჩვენთვის მთავარი საკონტაქტო პირი ჯენი მარში იქნება. ჯენი ჩემი ესექსელი კურსელის, ესთერის დაქალი აღმოჩნდა. ჯენიც ესთერივითაა, მხიარულად აღფრთოვანებული, მაგრამ საქმიანი. ისე ჩანს, პროექტის დიდი ნაწილი ჩვენი გასაკეთებელი იქნება.
5-ზე გიო მგელაძე მოვიდა. დევნილებზე ჩვენი დაკვეთით ფილმს იღებენ. ძირითად მიმართულებებზე შევთანხმდით. ნათიას ვთხოვე კობა სუბელიანის დაყოლიება ფილმისთვის ინტერვიუს მოცემაზე. ადრე უარი არ გვითხრა, იმედია, წელს არაფერი შეცვლილა.
საღამოს მე და ნათია ჩინურ რესტორანში წავედით. ნათია, ჩემი არ იყოს, მუდმივ დიეტაზეა, მაგრამ ცდუნებას და ცნობისმოყვარეობას ვერ გავუძელით და შემწვარი ნაყინი შევუკვეთეთ. კულინარობაში, ზოგადად, წავიბეცებ და ალბათ ამიტომ, არ მესმის, როგორ შეიძლება ცხელ ცომში ცივი ნაყინი იდოს?

11 ნოემბერი, ოთხშაბათი
დღეს თორმეტ საათზე სომეხ კოლეგებს ვხვდებით. გიორგის ვთხოვე, შენც დაესწარი-მეთქი. საათნახევარი აზრთა გაცვლა-გამოცვლაში ვიყავით. საინტერესო ამბავი გავიგე, სომხეთში ადმინისტრაციული პატიმრობა, როგორც ადმინისტრაციული სახდელის ზომა, უკვე კარგა ხანია გაუუქმებიათ. ჩვენთან კი, ამ ზაფხულს ადმინისტრაციული პატიმრობის ხანგრძლივობა 30-დან 90 დღემდე გაზარდეს. რაც ჩვენ ვიომეთ, მაგრამ...
2 საათზე ჩვენი იურიდიული დახმარების იურისტებს შევხვდი. რამდენი საქმე გვაქვს, საშუალოდ რამდენ კონსულტაციას გავცემთ დღეში, რა არის ყველაზე აქტუალური პრობლემა დღეს და გაიზარდა თუ არა მოთხოვნა სისხლის სამართლის საქმეებზე? კახამ მითხრა, რომ დღეში, საშუალოდ, 50-მდე კონსულტაციას გავცემთ. ძალიან დიდი რიცხვია. მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს: ჩვენს მიმართ ნდობა გაიზარდა; უფრო ნაკლებს აქვს ადვოკატის ყოლის ფუფუნება; სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახური ვერ პასუხობს მოთხოვნას; etc.
4-ზე კონტროლის პალატის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაზე წავედით. როგორც თამუნამ მითხრა, დიდი ამბით დაგვპატიჟეს – თქვენს გარდა არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ ვეპატიჟებით და თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანიაო.
პრეზენტაციაზე ბოლომდე ვერ დავრჩი. ისე, არც ჩემი მიუსვლელობით დაშავდებოდა რამე. შვედეთის კონტროლის პალატის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შვედეთის გამოცდილებას აცნობდნენ. ისე, ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იქნებოდა, პრეზენტატორების გამოსვლა ცოტა უფრო გასაგები რომ ყოფილიყო. საქმე იმაშია, რომ სამი შვედი გამომსვლელიდან ორის მიერ ინგლისურის ცოდნას, გამომცდელი რომ ვყოფილიყავი, ძალიან დაბალ შეფასებას მივცემდი.
ხვალ USAID-ისთვის პრეზენტაციას ვაკეთებთ – სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ქართული კანონმდებლობის მიმოხილვა და არსებული პრაქტიკა. ცოტა არ იყოს, ვნერვიულობ. გურჩიმ 10-ის ნახევარზე დამირეკა, გადმოგიგზავნე პრეზენტაციის ვარიანტი და გადახედეო. გვიანობამდე ჯდომა მომიწევს.

12 ნოემბერი, ხუთშაბათი
პრეზენტაციამ კარგად ჩაიარა. ასეთი დაინტერესება დონორების მხრიდან მარტივად ასახსნელია. თუ სადმე შეიძლება იყოს კორუფცია (არა მხოლოდ საქართველოში), მსხვილი ტენდერებია. სქემა მარტივია – შემსყიდველი კომპანია პრიორიტეტს დაბალ ფასს ანიჭებს. ერთ-ერთი კომპანია არარეალურად დაბალ ფასს მთავაზობს, სხვა კონკურენტებს ამით ჯობნის და ტენდერს იგებს. სამაგიეროდ, სულ მალე მიზრდის კონტრაქტის ღირებულებას, ხანდახან 50-70%-ითაც კი. რაც მთავარია, შემსყიდველ უწყებას კითხვის ნიშნები არ უჩნდება.
სამაგიეროდ, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ იმდენი შეკითხვა, ჯოაკიმს რომ არ ეშველა, ალბათ საღამომდე USAID-ში დაგვტოვებდნენ.
USAID-დან პირდაპირ NDI-ში წავედი. არჩევნებზე მომუშავე პარტიების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფი ერთი ცალკე ფენომენია. მაგრამ ამაზე ბევრს ვერაფერს დავწერ. შეხვედრის დამსწრეებს კონფიდენციალურობის დაცვა გვევალება.
4-ზე დირექტორატი გვქონდა და გამოვიქეცი, შეხვედრაზე ნინო დავტოვე. თუმცა ყველაზე საინტერესო ჩემი წამოსვლის შემდეგ მომხდარა. ნინომ დამიმესიჯა, პალიკო მერის არჩევნების შემთხვევაში 30%-იან ბარიერზე თანახმააო. არადა, სანამ მე იქ ვიყავი, კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ასეთი მოულოდნელი ცვლილება მხოლოდ განვითარებულ ტექნოლოგიებს შეიძლება დავაბრალოთ. მობილური კავშირი რომ არ არსებობდეს, ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმებებიც ალბათ დროში გაიწელებოდა.
დირექტორატზე 10 დეკემბრის კვირეულზე შევთანხმდით. ალბათ შარშანდელივით 9 დეკემბრიდან დავიწყებთ და 12-ში დავხურავთ.
საღამოთი ბესომ, „გუდვილში“ შევიაროთო. არაფრის ყიდვას არ ვაპირებდი, უბრალოდ, ბანკომატიდან თანხის აღება მინდოდა. მაგრამ ისეთი ლამაზი ჩუსტები ვნახე, ქეთუშას რომ არ ვუყიდო, არ შეიძლება – ვარდისფერები, პატარა დათუნიებით. რომ ავედით, ეძინა. გასაღვიძებლად შემეცოდა და ბალიშთან დავუდე. იმედია, რომ გაიღვიძებს და ნახავს, გაუხარდება.

13 ნოემბერი, პარასკევი
დღეს ბევრი რაღაც მოხდა. ყველაფრის დაწერა მეზარება. “შეხვედრები, შეხვედრები, მიღებები, ბანკეტები...” როგორ არის ის ფრაზა „ცისფერი მთებიდან“? არც ბესოს ახსოვს. ხანდახან, სულ სადღაც რომ მეჩქარება და მეგობრების ზარების პასუხს ვერ ვახერხებ, ვფიქრობ ხოლმე, რომ არ გავიქცე და გამოვიქცე, შეხვედრებს არ დავესწრო, არ ვინერვიულო (ჩემი სტილია!), არ ვიჩხუბო რაღაცებზე, რაც ჩემთვის ძალიან პრინციპული და ღირებულია და ვიღაცებისთვის სასაცილო, რა მოხდება? არაფერი. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ისედაც არის.
საღამოს ბესოს მეგობარმა თავისთან დაგვპატიჟა. ვიწუწუნე, „თავისუფლების დღიურები“ მაქვს დასაწერი და ვერ მოვასწრებ-მეთქი. სულ ერთი საათითო. არადა, შაბათ ღამეს ბელგიაში მივფრინავ და რამდენი რამე მაქვს წასაკითხ-მოსასწრები! ჯობია, არ ვიფიქრო. საღამოს 9 საათზე მახოსთან და თამუნასთან პირდაპირ სამსახურიდან წავედით. თამუნამ მკითხა, მთაწმინდის პარკზე რამე ხომ არ იციო. ალბათ, უნდა ვიცოდე, მაგრამ დეტალები არ ვიცი. რამდენ რამეზე უნდა მქოდეს პასუხი, მაგრამ არ მაქვს...
ერთ საათში კი წამოვედით მახოსგან, მაგრამ „თავისუფლების დღიურებს“ ალბათ გვიან ღამემდე დაწერა არ უწერია. თავად სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელმა დარეკა, ამოვალ, გნახავთო. გოგიტა (იგივე გიორგი) ბესოს ბავშვობის მეგობარია, ჩვენი მეჯვარე. მაგრამ ეს ხელს არ უშლის იმას, თითქმის ყველაფერში რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს. არც გოგიტას აქვს დაბალი ხმა, არც მე, მგონი, საწყალი მეზობლები გავაღვიძეთ, ისეთ ხმაზე ვუმტკიცებდით ერთმანეთს, რისი ბრალია, რომ ნორმალური არჩევნები არ გვეღირსა – უპრინციპო ამომრჩევლის თუ მასიური გაყალბების. საწყალი ვალიკო და ბესო გვეხვეწებოდნენ, სხვა თემებზე ვილაპარაკოთო. მაგრამ სულ ესეა, ჩემი და საჯარო სექტორში დასაქმებული ჩემი მეგობრების ურთიერთობა ნეიტრალური თემებით ვერ შემოიფარგლება.
შუაღამისას განვაახლე დღიურების წერა. მალე უნდა დავიძინო, ხვალ 12 საათზე საიას წევრ მოსამართლეებთან გვაქვს შეხვედრა. ხვალ, არა, უკვე დღეს, მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა მინდა მათთან ერთად. ვითომ მარტო დაბალი ჯარიმა უშლის ხელს მოსამართლეთა კორპუსის დამოუკიდებლობას?

14 ნოემბერი, შაბათი
მაღვიძარა 6-ზე მქონდა დაყენებული და 8-ზე გადავწიე. დღიურებს ვწერ. მაინტერესებს, მე რატომ მთხოვა რადიო თავისუფლებამ ამის დაწერა? არა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უდავოდ ყველაზე მაგარი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, მაგრამ ეს მხოლოდ მისი თავმჯდომარის დამსახურება არაა. ჰოდა, არ ვიცი, რაში აინტერესებს მკითხველს ჩემი ყოველდღიური განრიგი?
მაინც, განრიგს მივუბრუნდეთ. ჩემი ცხოვრება ეს ერთი წელია, ცხრილებად და დღის წესრიგებადაა დაყოფილი.
12-ზე ჩვენს წევრ მოსამართლეებთან შეხვედრა გვქონდა. 6-7 დაგვპირდა, მაგრამ მხოლოდ ორი მოვიდა. პრინციპში ჩვენი მოსაზრებები, პრეზიდენტის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, ერთმანეთს დაემთხვა. მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ კანონს არაფერი ეშველება. სხვა ცვლილებებია საჭირო.
შეხვედრა დამთავრდა, „ბავშვებთან“ ერთად ჩვენთან ქვევით, სასემინარო ოთახში ვზივარ. ცალი ყურით ანგარიშის განხილვას ვუსმენ და თან დღიურებს ვამთავრებ. „ბავშვები“ ჩუგო და ჩვენი მეოთხეკურსელი ასისტენტები არიან.
„დღის წესრიგის“ მიხედვით, კიდევ ბევრი რამე მაქვს მოსასწრები.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG