Accessibility links

logo-print
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ გრიპის ვირუსის გამო საშუალო სკოლებში კარანტინი გამოაცხადა. ამის შესახებ ოსური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან. გავრცელებული ინფორმაციით, მწვავე რესპირატორული ინფექციით დაავადების გამო მოსწავლეების 29% სკოლებში არ დადის. ამ მიზეზით, დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების მინისტრის ბრძანებით, სკოლებში სწავლა შეწყდა.

თვითაღიარებულ რესპუბლიკაში საკარანტინო ღონისძიებები 17 დეკემბრამდე გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ეს არ უნდა გახდეს მოსახლეობაში პანიკის მიზეზი. ღორის გრიპის პროფილაქტიკისა და გავრცელებასთან ბრძოლისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტიდან 9 მილიონი რუბლი გამოიყო. სკოლებში კარანტინის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. თათბირი ცხინვალის ტელევიზიის ეთერში გადაიცემოდა. დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ გაბარაევმა კოკოითი დაარწმუნა, რომ ცხინვალში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

კოკოითი, მინისტრებთან კონსულტაციების შემდეგ, პროფილაქტიკური ღონისძიებებისთვის სკოლებში კარანტინის გამოცხადებას დათანხმდა.

ამ თათბირამდე ცოტა ხნით ადრე დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ ადგილობრივი ტელევიზიით ცხინვალელებისთვის საგანგებო განცხადება გააკეთა და გრიპის ვირუსის სიმპტომების მქონე ადამიანებს ქუჩაში გასვლა და სამსახურებსა თუ სხვა დაწესებულებებში გამოცხადება აუკრძალა. მისი აზრით, დე ფაქტო რესპუბლიკას მთავარი საფრთხე რუსეთიდან ემუქრება, რადგან საზღვრებზე არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს და ცხინვალში რუსეთის მოქალაქეები ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე შედიან.

მთავარი სანიტარული ექიმის ამ განცხადებამ ცხინვალელები შეაშფოთა. გარდა ამისა, მარინა კოჩიევამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკას H1N1 ვირუსის დამდგენი სპეციალური ლაბორატორია არ აქვს და ყველა საეჭვო პირის ანალიზი ვლადიკავკაზში უნდა გაიგზავნოს, რაც გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული.

ოსური მედიის ცნობით, დღესვე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ღორის გრიპთან საბრძოლველად მედიკამენტებისა და სადეზინფექციო საშუალებების გაგზავნა შესთავაზა. სოხუმის და ცხინვალის რეაქცია ამ შეთავაზებაზე ჯერჯერობით უცნობია.
XS
SM
MD
LG