Accessibility links

logo-print

მსოფლიოს ჩემპიონზე თავდასხმა დღემდე გამოუძიებელია


ამირან ბიწაძე

ამირან ბიწაძე

ამირან ბიწაძე, მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი სპორტის სახეობაში “ბრძოლა წესების გარეშე”, იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები ირღვევა.

საქმე ისაა, რომ დღემდე გამოუძიებელი რჩება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს მასზე და მის მეგობარ დავით ბენდელიანზე თავდასხმის ფაქტი.

მაინც რა მოხდა 2 აგვისტოს? როგორც ამირან ბიწაძე იხსენებს, ის, მეგობარ დავით ბენდელიანთან ერთად, საკუთარი მანქანით ცხვარიჭამიაში, აგარაკზე მიდიოდა, სადაც, როგორც ბიწაძე ამბობს, ხელოსნები ელოდებოდნენ. გზაზე მას რამდენიმე ავტომანქანა გადაეღობა, საიდანაც 20-მდე ნიღბიანი და კბილებამდე შეიარაღებული ადამიანი გადმოვიდა.

ამირან ბიწაძე ამბობს, რომ თავდამსხმელებმა მას და ბენდელიანს, ყოველგვარი განმარტების გარეშე, მანქანაშივე დაუწყეს ცემა.

აი, რას ამბობს ამირან ბიწაძე თავდასხმის დეტალების გახსენებისას: „ცემა მანქანაშივე დამიწყეს, ორი ტყვია მესროლეს, როგორც აღმოჩნდა, რეზინის. შემდეგ გადმომათრიეს და მირტყამდნენ რკინის არმატურებით, მირტყამდნენ ყველგან: ფეხებზე, ხელებზე, ტანზე. ბოლოს, რომ ვერ გამთიშეს, დისტანციური ელექტროშოკი მესროლეს, ამან სულ დამინგრია შიგნეულობა.“

თავდამსხმელებმა ბიწაძეს მოსტეხეს ხელი, ასევე ფეხი ორ ადგილზე, რეზინის ტყვიებით მიაყენეს რამდენიმე ჭრილობა, ექიმებმა ტვინის შერყევაც დაუდგინეს. მისი მეგობარი დავით ბენდელიანი შედარებით იოლად გადარჩა - მხოლოდ ხელი მოსტეხეს და ცხვირი გაუტეხეს.

როგორც ამირან ბიწაძე ამბობს, გამომძიებლები მასთან მხოლოდ ორჯერ მივიდნენ, ბოლოს - ინციდენტიდან მეხუთე დღეს. ის, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება ან მიმდინარეობს თუ არა საერთოდ, ყოფილმა სპორტსმენმა არ იცის.

„ბოლოს მომხდარიდან მეხუთე დღეს მოვიდნენ, მეც ჩვენება მივეცი. ახლა რა ხდება, არ ვიცი“, - ამბობს ტარიელ ბიწაძე, რომელმაც, ოდნავ მომჯობინების შემდეგ, საკუთარი უფლებების დაცვისა და პოლიტიკური თავშესაფრის მიღების მიზნით, ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართა. უცხოელებმა მისი ამბავი კონტროლზე აიყვანეს, მაგრამ თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრეს.

ამირან ბიწაძე იმასაც იხსენებს, რომ დიდი დახმარება აღმოუჩინა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, როცა, მან, ბიწაძის სიტყვებით, 2 აგვისტოს მომხდარი ფაქტი მთელ მსოფლიოს გააგებინა. ბიწაძე არ მალავს, რომ ის ბურჯანაძის პარტიის მხარდამჭერია. ამიტომაც იყო ის ოპოზიციის აქციებზე, რომელიც აპრილში დაიწყო და რამდენიმე თვეს გასტანა.

ყოფილი სპორტსმენის განცხადებით, მას დამნაშავეთა დაკავების იმედი არა აქვს, რადგან დარწმუნებულია, რომ თავდამსხმელები ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. ახლა მას ისღა სურს, რომ თავი დააანებონ მის თვალთვალს, რაც, ბიწაძის მტკიცებით, დღემდე გრძელდება.
XS
SM
MD
LG