Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წვრილმანიდან ელიტურ კორუფციამდე


გაეროს ეგიდით დაწესებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოს სამართალდამცველებმა კორუფციაში მხილებული რამდენიმე ადვოკატის დაპატიმრებით აღნიშნეს. მაგრამ საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში მსხვილი კორუფციული დანაშაულისათვის არც ერთი ქართველი მაღალჩინოსანი არ დაუკავებიათ. ხელისუფლება ამას იმით ხსნის, რომ კორუფცია მაღალ ეშელონებში აღარ არსებობს.

არის თუ არა საქართველოში კორუფცია?
please wait

No media source currently available

0:00 0:04:08 0:00
საქართველოს მოსახლეობა, ბოლო გამოკითხვების თანახმად, კორუფციის პრობლემას ისე მწვავედ არ აღიქვამს, როგორც წინა წლებში. საჯარო რეესტრი, არქივი, პოლიციის მომსახურების ცენტრები და სხვა სარეგისტრაციო განყოფილებები, სადაც ადამიანებს ყველაზე ხშირად აქვთ საქმე, “ფეხის ქირას” აღარ ითხოვენ. შესაბამისად, 17 ნოემბერს, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ 2009 წლის “კორუფციის აღქმის ინდექსი” გამოაქვეყნა, აღმოჩნდა, რომ საქართველომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მცირედით გაიუმჯობესა მდგომარეობა და 180 ქვეყანას შორის, 4,1 ქულით, 66-ე ადგილზე გავიდა, - განაცხადა თამარ ქაროსანიძემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა:

“საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან მიიღო 4,1 ქულა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში კორუფცია არაა ყველაზე მწვავე პრობლემა, თუმცა მაქსიმალურ 10 ქულას საქართველო მაინც საკმაოდ დაშორებულია.”

როგორც ერთ ძველ ფილმში იტყოდნენ, სახელმწიფო ფასდება არა დანაშაულის რაოდენობით, არამედ შესაძლებლობით ებრძოლოს ამ დანაშაულს. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მან ბოლოხანს კორუფციაც შეამცირა, მაგრამ მიღწეულზე არ აპირებს შეჩერებას. საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აგენტები კვირაში რამდენჯერმე აპატიმრებენ კორუფციულ დანაშაულში მხილებულ სხვადასხვა საჯარო მოხელეებს. ორშაბათს მათ მუდმივმოქმედი საერთაშორისო არბიტრაჟის თავმჯდომარე დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე. თუმცა, როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო კორუფციას ქვედა რგოლში ებრძვის, მაშინ როდესაც ელიტური კორუფცია არნახულ მასშტაბებს აღწევს. მსხვილი კორუფციის სქემებს ხედავს ე.წ. საპრეზიდენტო და სამთავრობო საგანგებო ფონდებში პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი გიორგი ცაგარეიშვილი, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქართველოში ბიზნესის ყველა სფეროს მონოლითური სეგმენტი ხელისუფლების ყოფილი ან ამჟამინდელ წევრების ხელშია:

“ყველა მსხვილი ბიზნესი, უკლებლივ, არის გადაფარული ხელისუფლების მიერ, ყველგან არის მისი ინტერესი, დაწყებული შაქრის, წიწიბურის, ფქვილის ექსპორტით და დამთავრებული ტანსაცმლის და, თქვენ წარმოიდგინეთ, ლატარიის გათამაშების ბიზნესით. არის სახელმწიფო შესყიდვები, უზარმაზარი მოცულობის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში, რომელსაც ადამიანი საერთოდ ვერ გაეკარება. ასევე ავტობანების მშენებლობა, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარულია.”

პარლამენტარ გიორგი ცაგარეიშვილის მიერ ნახსენებ ავტობანების მშენებელობაში გამოცხადებული ტენდერების კანონიერებით საქართველოში არასამათავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაინტერსდა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათი კვლევის შედეგები ძალიან საეჭვო ტენდენციას აჩვენებს:

“ჩვენ ავიღეთ ერთი კონკრეტული მონაკვეთი და შევისწავლეთ, თუ როგორ ჩატარდა ტენდერები. აღმოვაჩინეთ ძალიან ბევრი პროცედურული დარღვევა. ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოების შესყიდვაზე იყო საუბარი, თანხები მილიონებს აღემატებოდა, მაგრამ ინფორმაცია მხოლოდ ადგილობრივ გამოქვეყნდა და არ გავრცელდა საერთაშორისო პრესაში, რაც აუცილებელი იყო. გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა სრულიად დაუსაბუთებლად. მაგრამ ყველაზე საინტერესო, რაც ჩვენ ბოლოში აღმოვაჩინეთ იყო ის, რომ კომპანია, რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში, - ამ კომპანიამ დააფინანსა “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების დროს.”

საქართველოს პრეზიდენტი თავის ხშირ საჯარო განცხადებებში ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული მთავრობა ჰყავს. თუმცა ამ განცხადებისა ნაკლებად სჯერათ იმ ორგანიზაციებსაც კი, რომლებიც საქართველოში კორუფციის დონის კლებას აღიარებენ. „ქვედა დონეზე კორუფცია საგრძნობლადაა შემცირებული, რასაც ვერ ვიტყვით ზედა დონეზე. ამბობს თამარ ქაროსანიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი. მისი თქმით, საქართველოში ნაკლებადაა განვითარებული დემოკრატიული ინსტიტუტები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ანტიკორუფციულ კამპანიას, რათა მას ჰქონდეს “არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი შედეგები.“
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG