Accessibility links

logo-print
რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენების ნებართვას ითხოვს. შესაბამისი განცხადებით მან ფედერაციის საბჭოს 8 დეკემბერს მიმართა. რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით, ჯარების საზღვარგარეთ გამოყენებას პარლამენტის ზედა პალატის თანხმობა სჭირდება. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტს შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გასაგზავნად აღარ დასჭირდება დეპუტატების ნებართვა. რას ფიქრობენ რუსეთსა და საქართველოში დმიტრი მედვედევის ამ ინიციატივის შესახებ?

რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა მედვედევმა, ფაქტობრივად, მოითხოვა პარლამენტის ზედა პალატასთან შეთანხმების გარეშე ჯარების საზღვარგარეთ გაგზავნის უფლება. თანხმობის შემთხვევაში, ფედერაციის პრეზიდენტი მიიღებს უფლებას პირადად გადაწყვიტოს, თუ სად და რა მასშტაბის ძალა გამოიყენოს. მედვედევის ინიციატივის მიხედვით, ყველა ცალკეულ შემთხვევაში ფედერაციის საბჭოს ნებართვა საჭირო იქნება მხოლოდ სამშვიდობო ოპერაციებში რუსი სამხედროების ჩართვისას.

რუსეთში გამომავალ ჟურნალ „დამოუკიდებელი სამხედრო მიმოხილვის“ პასუხისმგებელი რედაქტორის მოადგილე ვიქტორ ლიტოვკინი ვარაუდობს, რომ მოცემული ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტი იმ სამხედროებზე ზრუნავს, რომლებიც საზღვარგარეთ მსახურობენ:

„რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას არანაირი პირდაპირი კავშირი არა აქვს საქართველოსთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან. საქმე ისაა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ვინმეს უნდა ჰქონდეს შეიარაღებული ძალების მყისიერად გამოყენების უფლება. ცხადია, ასეთი უფლებით უნდა იყოს აღჭურვლი პრეზიდენტი, ანუ უმაღლესი მთავარსარდალი, რადგანაც ომის ან თავდასხმის მოგერიების დროს ქვეყნის ბედი წუთებში წყდება. შეფერხების შემთხვევაში, იქნება დიდი მსხვერპლი. ამიტომ უმაღლეს მთავარსარდალს უნდა ჰქონდეს უფლებაც და პასუხისმგებლობაც, რათა მყისიერად მიიღოს ყველა ზომა როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე საზღვარგარეთ მყოფი სამხედრო მოსამსახურეების დასაცავად. რუსეთის ჯარი ამჟამად იმყოფება ბელორუსიაში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, ტაჯიკეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში... სადაც უნდა იყვნენ, ყველა მთავარსარდალს, ბუნებრივია, უნდა ჰქონდეს მათი დახმარების უფლება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რუსეთში გამომავალი ჟურნალის, „დამოუკიდებელი სამხედრო მიმოხილვის“, პასუხისმგებელი რედაქტორის მოადგილემ ვიქტორ ლიტოვკინმა. რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე კი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისი მოსკოვის მსგავს ინციატივას მშვიდად ვერ შეხვდება:

„რა თქმა უნდა, გვიჩნდება ეჭვი და განგაშის შეგრძნება იმის გამო, რომ ეს გადაწყვეტილება როგორღაც კვლავ იქონიებს გავლენას ჩვენზე, რომ ეს დაკავშირებულია კავკასიასა და საქართველოსთან. რომ არ გვქონდეს მწარე გამოცდილება, ალბათ, შეშფოთების საფუძველიც ნაკლები იქნებოდა, მაგრამ გავიდა ძალიან მცირე დრო... თანაც, აგრესიული რიტორიკაც არ ცხრება. გვესმის განცხადებები, მუქარები... ასე რომ, შეშფოთების მიზეზი ნამდვილად გვაქვს, რადგანაც ვხედავთ, რომ შესაძლებელია ტანკის დაქოქვა და საზღვრის გადაკვეთა იმ მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, რომლებსაც რუსული პასპორტები ერთი წლის წინ დაურიგეს; ასევე შესაძლებელია ახალი საზღვრის გავლება და ახალი ქვეყნების შექმნა; სრული კონტროლის დამყარება და სამხედრო ბაზების განთავსება.“

რუსეთის ფედერაციის საბჭო დმიტრი მედვედევის წინადადების განხილვას 16 დეკემბერს აპირებს. ცნობისათვის: რამდენიმე კვირის წინ სახელმწიფო სათათბირომ მეორე მოსმენით მიიღო რუსეთის პრეზიდენტის მიერ მომზადებული შესწორებები „თავდაცვის შესახებ“ მოქმედ კანონში, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ გამოყენებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG