Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ მეღვრეკისში 5 ჰექტარი ტერიტორია განაღმეს


საერთაშორისო გამნაღმველმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ ჰალო ტრასტმა (HALO Trust) შიდა ქართლში საქმიანობა დაასრულა. დღეს სოფელ მეღვრეკისში ასაფეთქებელი მასალისაგან გასუფთავებული 5 ჰექტარი ტერიტორია ადგილობრივ თვითმმართველობას ოფიციალურად გადაეცა. სოფელში ამოღებული 282 ნაღმიდან 279 კასეტური იყო. სოფლის რწმუნებულის თემურ ტეტუნაშვილის განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობას გასული წლის აგვისტოს ომის შემდეგ ნაკვეთებში გასვლის ეშინოდა, რადგან გაუნაღმავი ტერიტორიები მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ განაღმვითი სამუშაოები რეგიონის 18 სოფელში განახორციელა. ჰალო ტრასტმა გამნაღმველებად ადგილობრივი მოსახლეობა აიყვანა. ჯერ მოამზადა მსურველები და შემდეგ დაასაქმა. აგვისტოს ომის შემდეგ გორის რაიონში არაერთი აუფეთქებელი ჭურვი ამოქმედდა, რამდენიმე შემთხვევა ფატალურად დასრულდა, არიან დასახიჩრებული მოზარდები. ჰალო ტრასტმა რეგიონში განაღმვითი ოპერაცია დაასრულა, მაგრამ ორგანიზაციის საქმიანობა საქართველოში გრძელდება. გამნაღმველები სამხედრო ბაზების გაწმენდას იწყებენ.
XS
SM
MD
LG