Accessibility links

logo-print

მეღვრეკისი ნაღმებისგან გაიწმინდა


ჯონ ბასი, აშშ-ის ელჩი საქართველოში (მარცხნივ) და გამნაღმველები

ჯონ ბასი, აშშ-ის ელჩი საქართველოში (მარცხნივ) და გამნაღმველები

საერთაშორისო გამნაღმველმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ ჰალო ტრასტმა (HALO Trust) შიდა ქართლში საქმიანობა დაასრულა. დღეს სოფელ მეღვრეკისში ასაფეთქებელი მასალისაგან გასუფთავებული 5 ჰექტარი ტერიტორია ადგილობრივ თვითმმართველობას ოფიციალურად გადაეცა. სოფელში ამოღებული 282 ნაღმიდან 279 კასეტური იყო. სოფლის რწმუნებულის თემურ ტეტუნაშვილის განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობას გასული წლის აგვისტოს ომის შემდეგ ნაკვეთებში გასვლის ეშინოდა, რადგან გაუნაღმავი ტერიტორიები მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა.

ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ განაღმვითი სამუშაოები რეგიონის 18 სოფელში განახორციელა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰალო ტრასტის პროგრამას საქართველოში 6 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო, აქედან 4 მილიონზე მეტი შიდა ქართლში განაღმვის ოპერაციებს მოხმარდა. სულ 3400 ჰექტარი მიწის ფართობი გაინაღმა. ამოღებული და განადგურებულია 1700-ზე მეტი კასეტური ჭურვი და 2000-ზე მეტი სხვა ფეთქებადი მასალა. მეღვრეკისში პროგრამის დასრულებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი დაესწრო. მან სოფლის ცენტრში სამუშაოების დასრულების აღმნიშვნელი მემორიალური დაფა გახსნა. ბასის განცხადებით, მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, რადგან დღეიდან ასაფეთქებელი ნარჩენებისგან გაწმენდილი მიწა ადგილობრივ მოსახლეობას დაუბრუნდა.

ჰალო ტრასტმა გამნაღმველებად ადგილობრივი მოსახლეობა აიყვანა. ჯერ მოამზადა მსურველები და შემდეგ დაასაქმა. განაღმვითი პროცესის უფროსი ზედამხედველის ლაშა ლომიძის განცხადებით, გამნაღმველებმა მძიმე და საპასუხისმგებლო სამუშაო შეასრულეს, სადაც შეცდომის უფლება არავის ჰქონდა.

აგვისტოს ომის შემდეგ გორის რაიონში არაერთი აუფეთქებელი ჭურვი ამოქმედდა, რამდენიმე შემთხვევა ფატალურად დასრულდა. დასახიჩრდა არაერთი მოზარდი.

ჰალო ტრასტის მიერ ჩატარებული სამუშაოებით ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. ისინი საკუთარ ნაკვეთებში უკვე უსაფრთხოდ იმუშავებენ. ახლა მეღვრეკისელები ხელისუფლებას განაღმული ფართობების დამუშავებაში დახმარებას სთხოვენ.

ჰალო ტრასტმა რეგიონში განაღმვითი ოპერაცია დაასრულა, მაგრამ ორგანიზაციის საქმიანობა საქართველოში გრძელდება. გამნაღმველები სამხედრო ბაზების გაწმენდას იწყებენ.
XS
SM
MD
LG