Accessibility links

logo-print
თბილისში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე, 10 დეკემბერი, მოკრძალებულად აღნიშნეს. სამოქალაქო საზოგადოების ერთმა ნაწილმა თემატური მოხსენებები წარმოადგინა და წლის უფლებადამრღვევი და უფლებადამცველიც გამოავლინა. ყველაზე დიდ უფლებადამრღვევად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უფლებადამცველად კი სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე, მიიჩნიეს.

ადამიანის უფლებადამცველებს 2009 წელს საქმე მოგვემატაო, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია. 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოში უფლებადამცველი ორგანიზაციები სანუგეშოს კვლავ ვერაფერს ამბობენ. სიცოცხლის უფლება, საკუთრების უფლება, სამართლიანი სასამართლო, მედიის თავისუფლება - ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას, მათი შეფასებით, მძიმე დრო უდგას. ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ყველაზე ნიშანდობლივ მაგალითად ლია მუხაშავრია ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს მიიჩნევს და ამბობს, რომ შარშან მათ მიმართ ყურადღებას კიდევ იჩენდნენ, ,,წელს კი მათი ყველა უფლება დარღვეულია“:

ლია მუხაშავრია
“ჩვენ შეგვემატა რამდენიმე ათეული ათასი ოჯახი, სოციალურად დაუცველის სტატუსით. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ომის შემდეგ იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცნენ. მაგრამ ჩვენ მხოლოდ მათ საკითხს არ განვიხილავთ პრობლემურად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაცილებით ფართოა ომით დაზარალებულთა წრე. ის მოიცავს არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ვეღარ ბრუნდებიან საცხოვრებელ ადგილას, არამედ მათ, ვინც, მართალია, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, მაგრამ ბევრს სახლი დახვდა გადამწვარი, გაძარცული, დიდი დანაკლისი და ზარალი მიიღეს ან ახლა ცხოვრობენ სასაზღვრო ტერიტორიაზე დაუცველები და მათი უსაფრთხოება ძალიან კრიტიკულია.”

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ვითარებას ასეთ შეფასებას აძლევს: ”სასამართლო არის ყველაზე დიდი უფლებადამრღვევი მოქალაქეების.”

სამართლიანი სასამართლოს კუთხით, ვითარება საქართველოში კატასტროფულია,- ამბობს ნიკოლაიშვილი და ქვეყნის ხერხემლად სწორედ სასამართლო ხელისუფლებას ასახელებს:

გელა ნიკოლაიშვილი
”პრაქტიკულად შეუძლებელია რიგითმა მოქალაქემ სასამართლოში დაამტკიცოს თავისი სიმართლე, თუ იქ სახელმწიფოს ინტერესი დევს. ხერხემლად კი მე მიმაჩნია არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, არამედ სწორედ სსამართლო, რადგან შსს, თუ ამ რეჟიმს ადამიანის სხეულად წარმოვიდგენ, არის მხოლოდ ხელები, საცეცები, მაგრამ ხერხემალი, რომელსაც ემყარება და რომლის იმედიც აქვს, რომ რაც უნდა დააშაოს და დაარღვიოს ვინმეს უფლება, ის მთავარი ხერხემალი, სასამართლო, მას გაამართლებს.”

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თავმჯდომარე დავით ლილუაშვილიც ფიქრობს, რომ არ დარჩა სფერო, სადაც ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს.

ჟურნალისტ ირმა ინაშვილის აზრით, წინსვლა არც მედიაში შეინიშნება:

ირმა ინაშვილი
”ვერ ვხედავ წინსვლას და ვერ ვხედავ, რომ მედია გათავისუფლდა - განსაკუთრებით ელექტონული მედია - ხელისუფლების წნეხისგან. ახალ ტელევიზიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს, ”იმედთან” დაკავშირებით არაფერი შეცვლილა, ჩვენ ხელისუფლებამ საერთოდ წაგვართვა 35 დეციმეტრული არხი.”

ამ საკითხებზე უფრო დეტალურად 10 დეკემბერს სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილი მსჯელობდა. მათ 2009 წლის უფლებადამრღვევი და უფლებადამცველიც გამოავლინეს.

ადამიანის უფლებების დაცვის დღე სახალხო დამცველის ოფისშიც აღნიშნეს. სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დილიდან საჯარო სკოლების მოსწავლეებს ხვდებოდა. ამავე დღეს დაემთხვა სახალხო დამცველის 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშის საკომიტეტო მოსმენა საქართველოს პარლამენტში.
XS
SM
MD
LG