Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში ქართველების უმრავლესობა ხმის უფლებით ვერ ისარგებლებს


ოკუპირებულ აფხაზეთში 12 დეკემბრისთვის დანიშნულ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გალის რაიონში მცხოვრები ქართველების უმრავლესობა ხმის უფლებით ვერ ისარგებლებს. როგორც რადიო თავისუფლების რესპონდენტები ოკუპირებული სოფლებიდან იუწყებიან, ამის მიზეზი ე.წ. აფხაზური პასპორტების უქონლობაა. მათივე განმარტებით, დე ფაქტო პრეზიდენტობის 5 კანდიდატიდან გალის რაიონის მოსახლეობა მხოლოდ ორს იცნობს - ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს, რომელიც, წინასაარჩევნო კამპანიის მიზნით, ახლახან სოფელ გაგიდაში ჩავიდა და პედაგოგებს შეხვდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ გალის რაიონში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დიდი აქტივობით არ გამოირჩევა, რადგან იქ ე.წ. აფხაზური პასპორტის მფლობელთა რაოდენობა 2000–ს ოდნავ აღემატება. დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა ამბობს, რომ, ამ მიზეზით, საარჩევნო უბნები გაიხსნება მხოლოდ სამ სოფელში: პირველ ოტობაიაში, ჭუბურხინჯსა და ბარღებში, ხოლო ქალაქ გალში, მისივე თქმით, ორი საარჩევნო უბანი იქნება.

თორნიკე კილანავა ფიქრობს, რომ 12 დეკემბერს დანიშნულ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებს სერგეი ბაღაფში ხმების გაყალბებით მოიგებს.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებას, ამ მიზნით სოხუმში იმუშავებს საერთაშორისო პრესცენტრი, რომელიც, სააგენტო „აპსნი პრესის“ ცნობით,
ადგილობრივი ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ”რუსეთის დემოკრატიის პრობლემების კვლევის ფონდის” ორგანიზებით, დღეს გაიხსნა. 12 დეკემბრისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელთა ჯგუფი, რომელსაც ამ კომისიის თავმჯდომარე ვლადიმირ ჩუროვი უხელმძღვანელებს. დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეთვალყურეობისთვის დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს რამდენიმე დეპუტატიც გაემგზავრა. ეს ფაქტი აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ გააპროტესტა და რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების კიდევ ერთ დარღვევად შეაფასა. დევნილ მთავრობას ასევე მიაჩნია, რომ დამკვირვებლების გაგზავნით, რუსეთი აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლეგიტიმაციას ცდილობს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 12 დეკემბერს დანიშნული არჩევნებისადმი საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია ჟურნალისტებს დღეს მისმა პრეს-სპიკერმა გააცნო. მანანა მანჯგალაძის განცხადებით, კრემლმა აფხაზეთში ავტონომიური ელემენტი გააქრო და რუსეთის მიერ ამ კომედიის, ანუ არჩევნების, დადგმა ამორალურია.
XS
SM
MD
LG