Accessibility links

logo-print
დღეს რამდენიმე გაზეთი ეხმაურება მოსკოვში მიმდინარე მედია-ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლას: ”გუშინ დმიტრი მედვედევმა ”რია ნოვოსტის” მიერ ორგანიზებულ ევროპისა და აზიის მედიასაშუალებების ფორუმზე ის სადღეგრძელო განავრცო, რომელიც ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინათ ევგენი პრიმაკოვის იუბილეზე წარმოთქვა. კერძოდ, მედვედევმა ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნისა და რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთვის მზადყოფნა გამოთქვა”, - წერს ”24 საათის” ავტორი სტატიაში, სათაურით ”ფარისეველი მედვედევი და დაკეტილი ლარსი”.

ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნის საკითხზე წერს ”რეზონანსიც” და ექსპერტების მოსაზრებებსაც აქვეყნებს. გია ხუხაშვილი ამბობს: ”თუ გაცვლა რეალური იქნება, - ემბარგო მოიხსნება ქართულ პროდუქტზე, სავიზო რეჟიმი გამარტივდება და ხალხს შეუმსუბუქდება მიმოსვლა, - მაშინ ღირს. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ჩვენ მხოლოდ სომხეთის და რუსების ინტერესებისათვის ვხსნით ამ პუნქტს, რომლითაც მხოლოდ მათი საქმე გაკეთდება და საქართველო ვერაფერს მიიღებს”. პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთი კი კითხულობს: ”თუ დაკეტვა არ უკითხავს, გახსნას რაღას კითხულობს? საზღვრის ჩაკეტვით რუსეთმა საქართველო კი არა, თავისი სტრატეგიული პარტნიორი სომხეთი დასაჯა. სომხეთმა ეს იგრძნო და ვერვის დააჯერებთ, რომ საქართველოს მიზეზით არ იხსნება საზღვარი. რატომ გადადგა ეს ნაბიჯი რუსეთმა? მხოლოდ იმიტომ, რომ მოადუნოს დასავლეთის ყურადღება და რომ 21-ე საუკუნის ოკუპანტის იმიჯი ჩამოირეცხოს”,- ამბობს ვან ბაიბურთი, რომლის კომენტარსაც ”რეზონანსი” ბეჭდავს.

დღევანდელი ”ჯორჯიან ტაიმსი” კი მოსკოვის მედია-ფორუმში მონაწილე ქართველ ჟურნალისტებზე წერს, რომელთაგან ერთ-ერთი ამ გაზეთის მფლობელი მალხაზ გულაშვილია. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში იმყოფებიან აგრეთვე: ნანა დევდარიანი, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი; ვასო კაპანაძე, ”რეზონანსის” საერთაშორისო ურთიერთობათა კურატორი; ნათია მიქიაშვილი, ”მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის უფროსი; ტატო ლასხიშვილი, ”სვობოდნაია გრუზიას” მთავარი რედაქტორი; თენგიზ პაჭკორია, ”აბხაზსკი მერიდიანის” მიმომხილველი, და ანი მიროტაძე, სააგენტო ”პირველის” მფლობელი. ”ჯორჯიან ტაიმსი” წერს: ”ფორუმის გახსნის დღეს, 9 დეკემბერს, მონაწილეებს რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი შეხვდა. მასთან შეხვედრისას სიტყვით გამოვიდა ”ჯორჯიან ტაიმსის” პრეზიდენტი და მფლობელი მალხაზ გულაშვილი, რომელმაც დმიტრი მედვედევს საკუთარი წიგნი აჩუქა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მისი გამოსვლებია თავმოყრილი. ნაშრომში შეტანილია კემბრიჯის უნივერსიტეტში და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მალხაზ გულაშვილის მიერ წაკითხული ლექციები და ასევე მის მიერ შემუშავებული კონცეფცია ”მშვიდობიანი კავკასია”, - წერს ”ჯორჯიან ტაიმსი”, რომლის პირველ გვერდზე მედვედევისთვის წიგნის გადაცემის ფოტოც ქვეყნდება.

”ყველა სიახლის” კორესპონდენტის შეკითხვაზე, რომელიც ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაზრდას შეეხება, ”ეროვნული ფორუმის” წარმომადგენელი რევაზ შავიშვილი კითხვებით პასუხობს: ”ნუთუ ამ იდეის მომხრეებს არ უჩნდებათ კითხვა: ნატოს წევრების უმრავლესობა რატომ ამბობს უარს იქ თავისი კონტინგენტის გაგზავნაზე? რატომ არის ქართული კონტინგენტი დიდი ბრიტანეთის ძალებზე მრავალრიცხოვანი, მასზე ძლიერი სახელმწიფო ვართ? რა უფლება აქვს ქვეყანას, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, საუკეთესო მეომრები ცხრა მთას იქით გაგზავნოს?”.

”ეშინია საზოგადოებას პოზიციის დაფიქსირების?” - ეკითხება ”ახალი თაობის” კორესპონდენტი პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილს, რომელიც ინტერვიუში საქართველოს პატრიარქის მიმართ მოქალაქეების მხარდამჭერი პოზიციის პასიურად გამოხატვაზე საუბრობს. კლიმიაშვილის პასუხი: ”შიშზე არ არის, საზოგადოებაში ჩადეს პასიურობა. მოქალაქე უნდა იყოს ყოველთვის აქტიური, შენს პოზიციას არა მარტო უნდა გამოხატავდე, არამედ იცავდე კიდეც. ამათ სცადეს რაღაც დამთრგუნველი ელემენტები ხალხში. ვიმეორებ, ეკონომიკურად ისეთი საშინელი სიტუაციაა, რომ შეიძლება სულ ამოვწყდეთ ყველანი. პოზიციის შიში კი არ არის, შიშია ეკონომიკური მდგომარეობის”, - ამბობს კლიმიაშვილი.

”ალია” კობა დავითაშვილთან ვრცელ ინტერვიუს ბეჭდავს რუბრიკაში ”გალერეა”, სადაც ამა თუ იმ პირის ცხოვრებისეული დეტალებია ხოლმე წარმოჩენილი. კობა დავითაშვილი იმასაც იხსენებს, როგორ გადაარჩინა სხვადასხვა დროს ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და ზურაბ ადეიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ ”პარტიიდან გაგდებას”.

”საქართველოს რესპუბლიკის” კორესპონდენტი კი ირინა სარიშვილს გადაცემა ”სიმართლის დრო”-ში მონაწილეობის მიზეზებზე ეკითხება. ერთ-ერთ მიზეზად სარიშვილი ასახელებს იმას, რომ ”უნდა დაესვათ შეკითხვა პატიმრებთან დაკავშირებით, მართლა ვგეგმავდით თუ არა სახელმწიფო გადატრიალებას”.
XS
SM
MD
LG