Accessibility links

ომბუდსმენი პოლიციას მუშაობას უწუნებს


გიორგი ტუღუში, საქართველოს სახალხო დამცველი

გიორგი ტუღუში, საქართველოს სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე თავისი პირველი ანგარიში 10 დეკემბერს წარადგინა. საუბარია 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშზე, რომელიც ადასტურებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დავის საგნად ქცეულ არაერთ ფაქტს. ახალი ომბუდსმენის ანგარიშს საკმაოდ კრიტიკულსა და მკაცრს უწოდებენ.

გამოიყენა თუ არა პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კანონით დაუშვებელი იარაღი - ეს ის შეკითხვაა, რომელიც არაერთხელ დაისვა 2009 წლის 6 მაისის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც თბილისის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოსთან სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია რეზინისა და პლასტიკური ტყვიების გამოყენებით დაშალეს. შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო არაერთმა ადამიანმა, ხოლო ერთ-ერთმა თვალიც დაკარგა. ოდნავ მოგვიანებით ხელისუფლებამ აღიარა რეზინისა და პლასტიკური ტყვიების გამოყენების ფაქტი, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ უკანონო არაფერი მომხდარა. სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ ანგარიშში კი სწორედ კანონდარღვევაზეა საუბარი:

”სამართალდამცავების მიერ აღნიშნული იარაღის გამოყენება საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ იყო კანონსაწინააღმდეგო, ვინაიდან იმ მომენტისთვის აღნიშნული იარაღის გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით არ იყო დაშვებული. პლასტიკური და რეზინის ტყვიების გამოყენება შესაძლებელი გახდა პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლში ცვლილებების შეტანის შემდეგ, რომელიც განხორციელდა 2009 წლის 17 ივლისს. ხოლო 6 მაისისთვის პლასტიკური და რეზინის ტყვიები კანონით დაშვებული საშუალებების ჩამონათვალში არ შედიოდა.”

არალეტალური იარაღის კანონით აკრძალული სახეობების გამოყენების გარდა, სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში თავის პირველ ანგარიშში ასევე ხაზს უსვამს პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციულ გამოყენებასაც. ძირითად მაგალითად მოყვანილია საპროტესტო აქციის ხმაურიანი დარბევა თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს შენობის წინ 2009 წლის 15 ივნისს. აქცია სამართალდამცველებმა დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთში ძალის გამოყენებით დაშალეს. აქციის მონაწილეების გარდა, პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რომლებსაც ჩამოართვეს სამუშაო ტექნიკა. შესწავლილ მასალებზე დაყრდნობით, ომბუდსმენის დასკვნა ასეთია:

”აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი არ ჰქონია ძალადობას ან წინააღმდეგობას, მაშინ როდესაც პოლიციამ, ყველანაირი გაფრთხილების გარეშე, დაიწყო აქციის დაშლა. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ალყაში მოაქციეს მომიტინგეები და დაუწყეს ცემა. პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა გაგრძელდა მათი დაკავების შემდეგ, სამმართველოს შენობაში.”

სწორედ 2009 წლის 15 ივნისს სცემეს სამართალდამცველებმა სახალხო დამცველის რწმუნებულსაც, რომელსაც, ცხვირის მოტეხილობისა და მრავლობითი დაჟეჟილობის გარდა, ექსპერტიზის შედეგად, ქალა-ტვინის ტრავმის გამო ნევროლოგიური პრობლემებიც აღმოაჩნდა. ომბუდსმენი მსგავს ქმედებებს სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის მუშაობის ხელის შეშლად აფასებს და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს.

გიორგი ტუღუშის ანგარიშში მოყვანილია კიდევ არაერთი ფაქტი, რომლებთან მიმართებითაც ხელისუფლებას განსხვავებული მოსაზრებები აქვს და რომელთა გამოც დამნაშავეები ჯერჯერობით არ დასჯილან. ”პრობლემად რჩება პოლიციის მიერ ძალის გადამეტებისა და ასევე წამებისა და არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების გამოძიება. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული იღებს სისტემური პრობლემის ხასიათს”, - აღნიშნავს ომბუდსმენი თავის ანგარიშში.

ახალი ომბუდსმენის 340-გვერდიანი ანგარიში თავიდან ბოლომდე ჯერ არ წაუკითხავს ყოფილ სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს, თუმცა უკვე წაკითხულმა ნაწილმა მასზე ”მაღალი შთაბეჭდილება” მოახდინა. ”წავიკითხე შესავალი, რამდენიმე ნაწილი, რომელიც მაინტერესებდა და პლუს თავი ციხეების შესახებ. ციხეების მონიტორინგი ჩემს პერიოდშია ჩატარებული, მაგრამ შეფასებები და დასკვნები გაკეთებულია გიორგი ტუღუშის მიერ და მიმაჩნია, რომ არის ძალიან ობიექტური და ძალიან მკაცრი. ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს”, - უთხრა სოზარ სუბარმა რადიო თავისუფლებას.

რაც შეეხება შენიშვნას, გიორგი ტუღუშმა წინამორბედის შენიშვნა ჯერჯერობით მხოლოდ იმის გამო დაიმსახურა, რომ ანგარიშში შესული არ არის რამდენიმე გახმაურებული მკვლელობის ალტერნატიული გამოძიების შედეგები.

გარკვეული უკმაყოფილების გრძნობა დარჩა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს თამარ ხიდაშელსაც, სხვათა შორის, საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით. ხიდაშელს აინტერესებდა, ”რატომ არ აისახა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების, აქტივისტების ან რეგიონალური ოფისების ხელმძღვანელების დაკავების ფაქტები ომბუდსმენის ანგარიშში”, მაშინ როცა ”9 აპრილის შემდეგ ძალიან გახშირდა ასეთი შემთხვევები და ძირითადი ბრალდებები იყო ან ნარკოტიკები ან ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა.” ამ შინაარსის შეკითხვა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა 10 დეკემბერს საკომიტეტო მოსმენაზეც დასვა. გიორგი ტუღუშმა კი უპასუხა, რომ ”მათ ვერ მოასწრეს ამ საქმეების შესწავლა”, რომ ამ საქმეების შესწავლას დრო სჭირდება და რომ ინფორმაცია სახალხო დამცველს ჯერჯერობით მხოლოდ ორმა ადვოკატმა მიაწოდა. სამაგიეროდ, ომბუდსმენმა პირობა დადო, რომ ეს ფაქტები აუცილებლად აისახება მის შემდგომ ანგარიშში.

გარკვეული უკმაყოფილების მიუხედავად, თამარ ხიდაშელი, მთლიანობაში, მიიჩნევს, რომ ომბუდსმენის პირველი ანგარიში აქცენტების სწორად დასმითა და მომთხოვნი, მკაცრი ტონით გამოირჩეოდა. ამასთან, მისი აზრით, გასათვალისწინებელია, რომ გიორგი ტუღუში მუშაობას სულ რაღაც, დაახლოებით, 3 თვის წინ (2009 წლის 17 სექტემბერს) შეუდგა, სრულყოფილი შეფასებისთვის კი ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს.

დაბოლოს, წინასწარი ინფორმაციით, ახალი ომბუდსმენის პირველ ანგარიშს, რომლის საკომიტეტო მოსმენასაც 10 დეკემბერს მხოლოდ ხუთიოდე დეპუტატი ესწრებოდა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლის ბოლომდე განიხილავენ.
XS
SM
MD
LG