Accessibility links

logo-print

ევროკავშირის სამიტი ახალი ეტაპის დაწყების წინ


ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე შვეციის პრემიერ-მინისტრი, ფრედრიკ რაინფელდტი

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე შვეციის პრემიერ-მინისტრი, ფრედრიკ რაინფელდტი

ბრიუსელში დაიწყო ევროკავშირის ორდღიანი სამიტი - ევროკავშირის ლიდერების ბოლო შეხვედრა ამჟამად მოქმედი სისტემით, როცა ევროკავშირს ნახევარწლიანი პერიოდით თავმჯდომარეობს ერთადერთი წევრი ქვეყანა. ამდენად შვეცია, რომლიც მიმდინარე თვის ბოლოს დაასრულებს მორიგე თავმჯდომარეობას, ამ როლის შემსრულებელი ბოლო ქვეყანა იქნება.

ბრიუსელში ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, მიმომხილველების უმრავლესობა ერთხმად აღნიშნავს, რომ შვეცია კარგად უმკლავდება ამოცანას. ის ევროკავშირს გაუძღვა რთულ პერიოდში, კლიმატურ ცვლილებებსა და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისზე ერთობლივი პასუხების ძიებისას. მისივე თავმჯდომარეობისას შევიდა ძალაში ლისაბონის ხელშეკრულება. მაგრამ სწორედ ამ ხელშეკრულებით, ევროკავშირს მომავალში პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ტანდემი გაუძღვება.

ეს ნიშნავს, რომ მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა მარტო ვეღარ განსაზღვრავს ევროკავშირის დღის წესრიგს. მორიგეობის პრინციპი, მართალია, არ უქმდება, მაგრამ ევროკავშირის სამიტების გაძღოლა, მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის ნაცვლად, პრეზიდენტს დაევალება, ხოლო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების თავმჯდომარეობა - ევროკავშირის უზენაეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

ბრიუსელში დაფუძნებული „ევროპის პოლიტიკის ცენტრის“ მკვლევარი, ანტონიო მისსიროლი ბევრი ექსპერტის აზრსაც გამოთქვამს შეფასებით, რომ შვეციამ სანიმუშოდ გაართვა თავი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის ფუნქციებს: „ჩემი აზრით, მთლიანობაში შვედებმა დაამტკიცეს თავიანთი პროფესიონალიზმი, გამოავლინეს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და სამართლიანობისადმი ყურადღება ევროკავშირის საკითხებზე მუშაობისას“.

მისიროლის აზრით, შვეცია დადებით შეფასებას იმსახურებს, უწინარეს ყოვლისა, ლისაბონის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ძალისხმევისთვის. მაშინ, როცა სხვა საკითხებში საქმიანობა ასე ცალსახად წარმატებული არ ყოფილა. ეს ეხება, მაგალითად, გლობალური საფინანსო კრიზისის საპასუხო ზომებს. მათ შესახებ ძირითადი გადაწყვეტილებები ევროკავშირში შვეციის თავმჯდომარეობამდე და „დიდი 20“-ის სამიტებზე იქნა მიღებული. ამდენად, შვეციის მემარჯვენე-ლიბერალურ მთავრობას პრემიერ-მინისტრ ფრედრიკ რაინფელდის ხელმძღვანელობით ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული წვლილი არ შეუტანია. ნაკლებად წარმატებულად ითვლება მისი ძალისხმევა გლობალური კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მიმართულ ზომებზე ევროკავშირში ერთსულოვნების მისაღწევად.

გარკვეულ კრიტიკას იმსახურებს შვეციის, პოლიტოლოგ ანტონიო მისიროლის შეფასებით, არასაკმარისი სიმტკიცე ევროკავშირის პირველი პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატების შერჩევისას. „რაც შეეხება ევროკავშირის ლიდერთა პოსტებზე კანდიდატების დანიშვნის პროცესს, შვეციის მორიგე თავმჯდომარეობა ცოტა უფრო არაერთგვაროვნად უნდა შეფასდეს, რადგან ნამდვილად იყო რაღაც მომენტი ნოემბრის დასაწყისში, როცა შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ პროცესი ვეღარ კონტროლდებოდა“.

საბოლოოდ ევროკავშირში, როგორც ცნობილია, მიაღწიეს ერთსულოვნებას პრეზიდენტად ჰერმან ვან რუმპეს, ხოლო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ლიდერად კეტრინ ეშტონის დანიშვნაზე. ასე რომ ესპანეთი, რომელიც 1 იანვრიდან ჩაენაცვლება შვეციას, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის შეკვეცილი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი.
XS
SM
MD
LG