Accessibility links

logo-print
რამდენად იცნობენ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას საზღვარგარეთ? რა გზები არსებობს იმისათვის, რომ ლიტერატორმა საკუთარი ნამუშევრები უცხოელ მკითხველს გააცნოს? არის თუ არა მოთხოვნა საზღვარგარეთ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და რამდენად ხშირად ითარგმნება ქართველი ლიტერატორების ნამუშევრები უცხო ენებზე? უახლოეს მომავალში მუშაობას შეუდგება ქართული ლიტერატურისა და წიგნის მხარდამჭერი ფონდი, რომლის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება სწორედ ქართული ლიტერატურის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაცია იქნება.

სქემა დაახლოებით ასეთია: წერ მოთხრობას, ან ლექსს, ან პიესას, ან პოემას, ან რომანს, ან კიდევ მსგავს ლიტერატურულ ნამუშევარს. შემდეგ მიგაქვს ეს შენი ლიტერატურული ნამუშევარი კარგ, აუცილებლად კარგ მთარგმნელთან, იხდი თარგმანის საფასურს და შემდეგ ამ შენს თარგმნილ ნაწარმოებს ინტერნეტის საშუალებით გზავნი რომელიმე უცხოურ ლიტერატურულ კონკურსზე. ეს ერთი გზა იმისათვის, რომ შენი ლიტერატურული ქმნილება საზღვარგარეთ ქართული ლიტერატურით დაინტერესებულმა ადამიანებმა წაიკითხონ. მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ ასეთი ტიპის კონკურსებში მონაწილეობა, გარდა იმისა, რომ ავტორის გარკვეულ პოპულარიზაციას უწყობს ხელს, მას ასევე საშუალებას აძლევს გადაამოწმოს საკუთარი შესაძლებლობები. სწორედ ასე მოხდა „ბიბისის“ რადიოპიესების კონკურსის შემთხვევაში, სადაც მან და დრამატურგმა ბასა ჯანიკაშვილმა საკუთარი რადიოპიესები გაგზავნეს და საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდნენ.

არსებობს კიდევ მეორე გზა იმისა, თუ როგორ უნდა გაიცნოს ქართული თანამედროვე ლიტერატურა უცხოელმა მკითხველმა: ეს არის ლიტერატურული საღამოები ან ფესტივალები, რომლებიც საზღვარგარეთ არცთუ იშვიათად იმართება. ასეთ ლიტერატურულ შეხვედრებზე, გარდა იმისა, რომ ლიტერატორს საშუალება ეძლევა საკუთარი ნამუშევრები გააცნოს საზოგადოებას, არსებობს კიდევ მეორე პლუსიც: იქ ხანდახან ცოცხალ კლასიკოსებს, საყვარელ ავტორებსაც შეხვდება ადამიანი. საზღვარგარეთ გამართული ლიტერატურული შეხვედრების ამ განსაკუთრებულ თვისებაზე საუბრობს პოეტი რატი ამაღლობელი, რომელიც მსგავსი შეკრებების ხშირი მონაწილეა:

”ჩემთვის ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ფესტივალებში მონაწილეობას ღებულობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანები არიან. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე გავიცანი ივ ბონფუა, ფრანგი პოეტი.”

მწერალი გურამ მეგრელიშვილი თვლის, რომ საკუთარი ნამუშევრების თუნდაც მხოლოდ თბილისის გარეთ გატანაც კი უმნიშვნელოვანესია ავტორისათვის:

”ავტორის გასაზრდელად აუცილებელია, რომ გავიდეს რაღაც წრიდან და არ იტრიალოს მხოლოდ ერთსა და იმავე ადგილას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დავწერო ისეთი მოთხრობები, რომელიც საინტერესო იქნება არა მხოლოდ ქართველი მკითხველისათვის, არამედ საინტერესო იქნება საფრანგეთში - რომელიმე პროვინციაში - მცხოვრები ერთი რიგითი მკითხველისთვისაც.”

მესამე გზა ქართული თანამედროვე ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციისათვის, რა გასაკვირია, გამომცემლობებზე გადიოდეს. გამომცემელი ბაკურ სულაკაური მიიჩნევს, რომ პროცესი უკვე დაწყებულია, და იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ის კიდევ უფრო აქტიური გახდება:

”გამომცემლობებიც სწორედ იმისათვის არსებობენ, რომ ჯერ გამოსცენ წიგნები და შემდეგ ისინი, შეძლებისდაგვარად, საერთაშორისო ბაზარზეც გაიტანონ.”

მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ კულტურის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა ქართული ლიტერატურისა და წიგნის მხარდამჭერი ფონდი, რომელიც სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა ფართოდ გააცნოს საერთაშორისო საზოგადოებას. ბაკურ სულაკაური, რომელიც აღნიშნული ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელიც არის, იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ფონდი სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას:

”ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება იმ უცხოური გამომცემლობებისათვის, რომლებიც აპირებენ ქართველი ავტორების წიგნები გამოსცენ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თუკი პროექტი არაკომერციულია, უცხოური გამომცემლობები ასეთ წიგნებს მხოლოდ და მხოლოდ დაფინანსების შემთხვევაში ბეჭდავენ. ასე რომ, არ არის გამორიცხული, რომ, როგორც კი ფონდი აქტიურად ამუშავდება, ქართული თანამედროვე მწერლობა სულ სხვა ფაზაში გადავიდეს.”

არსებობს მეოთხე გზაც, რომელიც, როგორც პოეტები, მწერლები და გამომცემლობების ხელმძღვანელები აღნიშნავენ, უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ქვეყნის ლიტერატურის განვითარებისა და მსოფლიოში მისი პოპულარიზაციისათვის: ეს არის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც, როგორც მწერალი ლაშა ბუღაძე ამბობს, ქართულ ლიტერატურაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია.

მწერალი ზაზა ბურჭულაძე ერთ-ერთი ავტორია იმ მცირერიცხოვანი ქართველი ავტორებიდან, რომლის ორი წიგნი - ”ხსნადი კაფკა” და ”მინერალური ჯაზი” - უცხო, კონკრეტულად კი, რუსულ ენაზე ითარგმნა და მოსკოვის ერთ-ერთმა წამყვანმა გამომცემლობამ დაბეჭდა. მისი თქმით, ნებისმიერ, თუნდაც ძალიან პატარა, ერის ენაზე თარგმნაც კი მნიშვნელოვანია ავტორისათვის:

”მთავარია, წიგნი ითარგმნოს, რომ ის მწერლის მთავარ სამიზნემდე - მკითხველამდე - მივიდეს. და არ აქვს მნიშვნელობა ეს მკითხველი ქართველი იქნება, სომეხი, აზერბაიჯანელი, ლეკი, აფხაზი, ოსი თუ ინგლისელი. თუნდაც ერთი მკითხველი, რომელიც შენს წიგნს საკუთარ ენაზე წაიკითხავს, ესეც უკვე საქმეა.”

სქემა ასეთია: დგახარ გზაჯვარედინზე, ოთხი გზის გასაყართან, და რომელ გზასაც უნდა დაადგე, ყველა გზა შენც და შენს ლიტერატურულ ნამუშევარსაც ერთ წითელ ზოლთან მიგიყვანთ, რომელსაც ჩვენ საზღვარს ვეძახით.
XS
SM
MD
LG