Accessibility links

logo-print

აფხაზეთში წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაა


ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წევრები საარჩევნო ბიულეტენებს ამოწმებენ

ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წევრები საარჩევნო ბიულეტენებს ამოწმებენ

საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 12 დეკემბერს ტარდება, საერთაშორისო საზოგადოება კანონიერად არ თვლის და, შესაბამისად, არც შედეგის აღიარებაა მოსალოდნელი. თუმცა თბილისი მაინც გეგმავს, მოუწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას არ აღიაროს ეგრეთ წოდებული არჩევნების შედეგები.

ამ მოწოდებით თბილისი საერთაშორისო საზოგადოებას 15 დეკემბერს, სამშაბათს, მიმართავს. ხსენებული პუნქტი დაემატება განცხადებას ”რუსეთის მხრიდან გახშირებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით”, რომელიც საქართველოს პარლამენტს 11 დეკემბერს უნდა მიეღო. რამდენიმე დღით გადავადების ინიციატივა რიგგარეშე სხდომაზე პარასკევს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ წამოაყენა:

დავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
”უფრო ლოგიკური იქნება, რომ, რადგან განცხადებას ვიღებთ, მივიღოთ განცხადება სამი დღის შემდეგ და მასში ავსახოთ ეს საკითხიც და ჩვენი მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, რომ არ ცნონ არჩევნების შედეგები.”

თუმცა განცხადებაში ამ პუნქტის ჩამატება ერთგვარ ფორმალობას უფრო ჰგავს იმ მტკიცე რწმენის ფონზე, რაც საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსანთა კომენტარებში მჟღავნდება. იმავე დავით ბაქრაძეს თუ მოვუსმენთ, საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ეტაპზეც სავსებით იზიარებს თბილისის პოზიციას. ”იმ ვითარებაში, როდესაც მოსახლეობის 75% ეთნიკური ნიშნით განდევნილია საკუთარი სახლებიდან, იმ ვითარებაში, როდესაც დღეს აფხაზეთი იმყოფება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ფაქტობრივი ოკუპაციის პირობებში, რა თქმა უნდა, ვერანაირი არჩევნები იქ ვერ ჩატარდება. ეს არის ჩვენი დასაბუთებული პოზიცია, რომელსაც იზიარებს მთელი ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობა”, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ 11 დეკემბერს რიგგარეშე სხდომაზე.

პარალელურად კი, სოხუმიდან ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ 12 დეკემბრის არჩევნებს მეთვალყურეობას გაუწევს 21 ქვეყნიდან ჩასული დელეგაცია, სულ 83 კაცის შემადგენლობით. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა არჩევნების მეთვალყურე ქვეყნებს შორის ასახელებს ავსტრიას, ბელორუსიას, ბულგარეთს, გერმანიას, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ლიტვას, მოლდავეთს, პოლონეთს, თვითაღიარებულ დნესტრისპირეთს, საფრანგეთს, ჩეხეთსა და შეერთებულ შტატებსაც კი. მეთვალყურეებს ელოდებიან ნიკარაგუიდან და ვენესუელიდან. ჟურნალისტებთან საუბრისას შამბა არ აკონკრეტებს, ასე ვთქვათ, რა წარმოშობის არიან მეთვალყურეები ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკიდან, მაშინ როცა რუსეთის შემთხვევაში ის ფედერალურ კრებას, ხოლო სხვა შემთხვევებში არასამთავრობო სექტორს ასახელებს. შამბა თვლის, რომ, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის უარისა, აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და არჩევნების ლეგიტიმურობა, მიმდინარე პროცესისადმი ყურადღება მაინც დიდია. ასეთივე კონტექსტში განიხილავს ის უცხოელი ჟურნალისტების სოხუმში ყოფნას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი ვიზიტს 12 დეკემბრის არჩევნებს სულაც არ უკავშირებს.

როგორც მოსალოდნელია, ეს არჩევნები დაგმობილი იქნება ევროკავშირისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ
სეპარატისტული რესპუბლიკის ხელისუფალთა ილუზიას მარტივად ანეიტრალებს ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიმღები არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც არის ეუთო ან გაერო, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმოდგენილი არ იქნება. პროცესი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დადგენილი წესების მიღმა რომ მიმდინარეობს, ამას რადიო თავისუფლების პროგრამა ”ეხო კავკაზას” ეთერშიც ადასტურებს ”საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის” კავკასიის პროექტის ხელმძღვანელი ლორენს სკოტ შიტსი, რომელიც ამჟამად სოხუმში იმყოფება:

”მეთვალყურეობის ტიპიური ინსტრუმენტები და საერთაშორისო ორგანიზაციები წარმოდგენილი არ არის და, როგორც მოსალოდნელია, ეს არჩევნები დაგმობილი იქნება ევროკავშირისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ.”

12 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს, წინასწარი ინფორმაციით, სულ 131 ათას ამომრჩეველს ელოდებიან. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის პაატა დავითაიას ინფორმაციით, აფხაზეთში ყველაფერი კეთდება, რათა მოსახლეობა იძულებით მიიყვანონ არჩევნებზე. მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის წინააღმდეგ ოთხი კანდიდატი იყრის კენჭს. ესენი არიან: რაულ ხაჯიმბა, ვიტალი ბგანბა, ზაურ არძინბა და ბესლან ბუტბა. ოპოზიციური ფლანგის გაერთიანების გამო მოელიან, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის გამოსავლენად არჩევნების მე-2 ტურის ჩატარება გახდება საჭირო.
XS
SM
MD
LG