Accessibility links

ტომ სტოპარდი: „არ მახსოვს, როგორ ვწერ პიესებს“


ტომ სტოპარდი

ტომ სტოპარდი

სერ ტომ სტოპარდი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დრამატურგი, პრაღაში ვაცლავ ჰაველის მიპატიჟებით იმყოფებოდა. 3 დეკემბერს მან მონაწილეობა მიიღო კარლოსის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში. სტოპარდმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში თავისუფლებაზე - და არამხოლოდ თავისუფლებაზე - ილაპარაკა.

მოსაწვევში დისკუსიის ორგანიზატორებმა ტომ სტოპარდის სახელის გასწვრივ ჩაწერეს: „დრამატურგი და უფლებადაცვითი მოძრაობის აქტივისტი“. მეორე ტიტული, რომელსაც იშვიათად შეხვდებით სტოპარდის შესახებ დაწერილ სტატიებში, პირველზე არანაკლებმნიშვნელოვანია. გასული საუკუნის 70-იან წლებში, Amnesty International -ის აქტივისტებთან ერთად მოსკოვში ყოფნისას, ტომ სტოპარდმა გაიცნო დისიდენტი ვლადიმირ ბუკოვსკი, რომლის გამოცდილება დაედო საფუძვლად სტოპარდის პიესას "Every Good Boy Deserves Favour" - „ყოველი წესიერი ბიჭი საჭიროებს მხარდაჭერას“. ცნობისათვის: სხვაგვარად მოაზროვნე ბუკოვსკის საბჭოთა ხელისუფლება იძულებით მკურნალობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ცხადია, სტოპარდის პიესა რუსულად არც კი უთარგმნიათ.

მოგვიანებით რკინის ფარდის მიღმა ცხოვრება იქცა სტოპარდის კიდევ ერთი პიესის, „როკ-ნ-როლის“, მთავარ თემად. მასში თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოდ დრამატურგმა გამოიყვანა ჩეხური საკულტო როკ ჯგუფი "The Plastic People of The Universe", რომლის წევრები რეჟიმის შეცვლას ერთადერთი მიზეზის გამო მოითხოვდნენ: გამართავდნენ კონცერტებს იქ, სადაც მოესურვებოდათ. თავისუფლების თემა ხშირად ჩნდება სტოპარდის სხვა ნაწარმოებებშიც. პიესაში „უტოპიის ნაპირი“ ერთ-ერთი მთავარი გმირი, მწერალი და პუბლიცისტი ალექსანდრ გერცენი, ამბობს, რომ შეიტყო თავისუფლების საიდუმლო: „თავისუფლება ისაა, რასაც ადამიანები ერთმანეთს აძლევენ და არა ის, რასაც ერთმანეთს ართმევენ“.

დისკუსიაც, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად სტოპარდი პრაღაში ჩამოვიდა, „თავისუფლებასა და მის მოწინააღმდეგეებს“ ეძღვნებოდა. შეხვედრა კარლოსის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის აუდიტორიაში გაიმართა და მის მონაწილეებს საშუალება მიეცათ ელაპარაკათ თავისუფლებაზე ისე, როგორც მათ ესმოდათ.

უცნაურია, მაგრამ ტომ სტოპარდი მიიჩნევს, რომ თანამედროვე მსოფლიოში სოციალიზმის დაცემის შემდეგ მოპოვებულ თავისუფლებას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის დიდი ბრიტანეთი, სადაც ადამიანებს ყველანაირად აიძულებენ მოიშველიონ არა საკუთარი გამოცდილება, არამედ ინსტრუქციები. დრამატურგმა მაგალითად მოიტანა პოლიციელებისთვის გამოცემული 93 გვერდიანი დამხმარე სახელმძღვანელო ველოსიპედის მართვაში. ამასთან, ამ ტექსტის მეოთხედი თურმე ეთმობა დამცავი ჩაფხუტის სწორად დახურვის ინსტრუქციას. დარბაზში ამტყდარი ხანგრძლივი სიცილის შემდეგ სტოპარდმა თქვა, რომ თავისუფალი მედიის საზოგადოებაში „ახალი ამბები რისხვაზე მეტად სიცილს იწვევს“. ამ ვრცელი შესავლის შემდეგ გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ბრიტანელ დრამატურგს რადიო თავისუფლების თანამშრომელმა ალექსანდრა ვაგნერმა ჩამოართვა.

თქვენ არაერთხელ მოიტანეთ ნიმუში თანამედროვე პრესიდან. იცინეთ ჯარიმაზე, რომელიც ერთ ქალს იხვების გამოკვებისას პარკის დანაგვიანების გამო გამოუწერეს. ჟურნალისტიკისადმი თქვენი ამგვარი ყურადღება იმით ხომ არაა გამოწვეული, რომ მოღვაწეობა ბრისტოლის გაზეთში რეპორტიორობით დაიწყეთ? ხომ არ გენატრებათ ის დრო?

დიახ, ძალიან მენატრება. მაკლია როგორც ჟურნალისტიკის სამყარო, ასევე მისი წარმომადგენლები. რასაკვირველია, რაც უფრო ხანში შევდივარ, მით უფრო ნაკლები ენერგია მრჩება სირბილისთვის, ინტერვიუებისა და სტატიებისათვის. ამიტომ ჩემს თავს ვერ ვაძლევს პრაქტიკული საქმიანობის ნებას და შინ დარჩენას ვამჯობინებ.

ანუ მარტოობაში?

მარტოობა - ეს მშვენიერია! მე ანტისოციალური ვარ, თუმცა გარედან ისე მოჩანს, თითქოს გულღია ვიყო... ურთიერთობას მხოლოდ ნაწილობრივ მოაქვს სიკეთე - მჭირდება ადამიანებთან ურთიერთქმედება, ისინი მაიძულებენ ვიმუშაო. მარტო ვცხოვრობ და ეს ჩემთვის ძალიან ხელსაყრელია. თუ ვმოგზაურობ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მქონდეს სათადარიგო გასასვლელი, სადაც საკუთარ თავთან ერთი ერთზე დავრჩები - ყველგან, სადაც უნდა ვიყო.

მაგრამ ახლა თქვენ ხალხმრავალ ადგილას ხართ. აუდიტორიაში, რომლის მახლობლადაც ჩვენ ვიმყოფებით, სულ ცოტა, 200 ადამიანი მაინც იქნება.

პრაღაში ძალზე პირადული მიზეზით ჩამოვედი. 32 წელია ვაცლავ ჰაველს ვიცნობ. ის ჩემი მეგობარია. ამიტომაც მივიღე მისი მოწვევა. მხოლოდ ამან მაიძულა შევლეოდი საკუთარ სახლს, პირადი დროის ნაწილს, რომელიც შემეძლო თხზვისთვის დამეთმო. წერისთვის არცთუ ბევრი დრო დამრჩა - 72 წლის ვარ და უკვე აღარ მსურს თვითმფრინავით ხშირი მგზავრობა.

თქვენს ერთ-ერთ პიესას, რომელიც რუსეთზეა დაწერილი, „უტოპიის ნაპირი“ დაარქვით. რატომ?

ჩემთვის ტერმინ უტოპიას „უადგილოს“ მნიშვნელობა აქვს - ეს ნეგატიური ცნებაა. უტოპიისკენ გზა ყოველთვის ერთნაირიაა: ესაა შეუძლებლის ძებნა. მეც ვეძებ საზოგადოებას, რომელშიც იდეალსა და შესაძლებლობებს შორის დაცული იქნება ბალანსი. ყველას გვსურს, რომ ჩვენს ცხოვრებაში იყოს სამართლიანობა და დიდსულოვნება. ჩემი უტოპია ადამიანისგან მოითხოვს იმაზე მეტ სამართლიანობასა და სულის სიმდიდრეს, ვიდრე დიდ ქალაქებში შეიძლება შეხვდეთ.

„უტოპიის ნაპირს“ უკანასკნელი ასწლეულის ყველაზე გრანდიოზულ დრამატულ ნაწარმოებად მიიჩნევენ: მაყურებელს სამივე ნაწილის სანახავად თეატრში მთელი დღის გატარება უწევს. ამისდა მიუხედავად, პიესას მთელ მსოფლიოში დგამენ: უკანასკნელი დადგმა იაპონიაში განხორციელდა, თქვენ კი ტოკიომდე მისასვლელი გზის უდიდესი ნაწილი ხმელეთით გაიარეთ.

დიახ, ერთი თვის წინ მოსკოვიდან ვლადივოსტოკამდე ტრანსციმბირული მაგისტრალით ვიმოგზაურე. თან მქონდა ჩემი ელექტრონული რიდერი, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან მომწონს. აღარ მჭირდება წიგნებით სავსე ჩემოდნის თრევა. გზაში ვკითხულობდი ჩეხოვს და, სამწუხაროდ, აღმოვაჩინე, რომ სოფლები, რომელთა გასწვრივაც მატარებელი მიდიოდა, ძალიან ღარიბულად გამოიყურებოდნენ - ისე, თითქოს, მეცხრამეტე საუკუნეში ჩარჩნენო. ჩემთვის ეს დიდი მოულოდნელობა იყო.

ჩეხოვის გარდა, თქვენს პიესებში არის ბევრი მინიშნება მე-19 საუკუნის რუს მოაზროვნეებზე. რატომ გადაწყვიტეთ ერთ-ერთ პიესაში გაგეერთიანებინათ ბელინსკი, გერცენი, ბაკუნინი და მარქსიც კი?


არა, ამ იდეას სულ სხვა აზრი აქვს. არ მქონია გამონათება ერთ მშვენიერ დღეს, რომ, ამ ადამიანების აზრების ერთ ადგილას შეერთებით, დავაკვირდებოდი რა გამოვიდოდა. ყველაფერს ინტუიციით ვაკეთებდი. მწერლობა ხომ ინტუიციური პროცესია: წესების, გეგმების და მსგავსი ცნებების საპირისპირო პროცესი. მწერლის შემოქმედება უფრო მეტად იმპულსური და სპონტანურია.

შეგიძლიათ ეს პროცესი სიტყვებით აღწეროთ?

სიმართლე გითხრათ, აბსოლუტურად არ მახსოვს უშუალოდ პიესის დაწერის პროცესი. არადა, ძალიან მინდა, რომ ეს პროცესი მრჩებოდეს მეხსიერებაში, რადგანაც მოცემულ მომენტში არ შემიძლია დავწერო არც ერთი სტრიქონი: სრულებით არ მახსოვს, როგორ კეთდება ეს.

ვლადივოსტოკამდე მგზავრობისას, გზაში თუ მოახერხეთ წერა. საკმაოდ დიდი გზაა...

მატარებელში წერა შეუძლებელია - მე ვიყენებ კალამს და არა კომპიუტერს. მატარებელში მხოლო ვიჯექი, ვიცქირებოდი ფანჯარაში, ვკითხულობდი და ვფიქრობდი... ასე რომ, არც არაფერი დამიწერია.

გარდა მორიგი პიესისა, თუ არის რამე ისეთი, რისი გაკეთებაც გინდათ, მაგრამ არ გყოფნით დრო ან არ გაქვთ შთაგონება?

საერთოდ, ბედნიერი ვარ. ჩემი ოჯახი ჯანმრთელადაა. მყავს ოთხი შვილი და შვიდი შვილიშვილი. არც ერთი მათგანი არ ზის ციხეში და არ იტანჯება ავადმყოფობით. ეს სავსებით საკმარისია.

მთელი ბავშვობის განმავლობაში გიწევდათ საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლა - გადადიოდით ერთი ადგილიდან მეორეში. დაიბადეთ ჩეხოსლოვაკიაში. როცა ორი წლის იყავით, მშობლებთან ერთად ინდოეთში გაემგზავრეთ, შემდეგ - დიდ ბრიტანეთში. კოსმოპოლიტი ხართ თუ თავს მაინც ინგლისელად მიიჩნევთ?

ინგლისში რვა წლიდან ვცხოვრობ და, როცა მე იქ ჩავედი, ჩემი მშობლიური ენა უკვე ინგლისური იყო. ჩასვლიდან 20 წლის განმავლობაში ეს ქვეყანა არ დამიტოვებია, შვებულებებსაც კი არ ვატარებდი საზღვარგარეთ. კულტურით ინგლისელი ვარ. ბოლო დროს მეტად გავიაზრე ჩემი ჩეხური წარმომავლობა, მაგრამ თავს გაცილებით კომფორტულად ინგლისში ვგრძნობ.
XS
SM
MD
LG