Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფცია - ყოველდღიურობა რუსეთში


ხუმრობა როდია: კრემლის მონაცემებით, წელიწადში 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ქრთამია ბრუნვაში რუსეთში, სადაც ქრთამის საშუალო ოდენობა 32 ათასი დოლარია. ამ პირობებში, ალბათ, ბუნებრივია, რომ ყველა ახალ მთავრობას სურს დაძლიოს ეს სენი, თუმცა ამ სენის გარეშე რუსეთში საქმეთწარმოება ვერ ხერხდება. ასე ფიქრობს სოციოლოგი ლევ გუდკოვი, რომელიც ამბობს, რომ დიდ ბიზნესს რუსეთში არ შეუძლია არსებობა ხელისუფლებისათვის ლოიალურობით გადახდის გარეშე. „ეს ისევეა, როგორც ზეთი ავტომანქანისთვის. მის გარეშე სისტემა ვერ იმუშავებს. სისტემა ასეთ ურთიერთობას გულისხმობს და ამით აწონასწორებს, პირველ რიგში, უწყებების არაეფექტიანობას.“

რუსეთის ქუჩებში, ავტომანქანებისა და მილიციის ურთიერთობას მექრთამეობა აწესრიგებს. ადრე ეს საბჭოთა სენად აღიქმებოდა და ყველა რესპუბლიკაში ქუჩაში მდგომი, საშოვარზე გამოსული, ავტოინსპექტორებად წოდებული კანონის დამცველები ქრთამის ოფიციალური ამღებები იყვნენ. ისინი სხვას უხდიდნენ და სისტემა მუშაობდა. ასეა დღესაც.

ყველა მოსკოველმა მძღოლმა იცის, როგორ მოიქცეს, როცა მილიცია აჩერებს, ჯარიმის და, სულაც, მართვის უფლების ჩამორთმევით ემუქრება. თანხა, დაახლოებით, 20 დოლარია. ჩვენს კორესპონდენტს მოსკოველმა ვლადიმრ მალცევმა თავისი კატეგორიული აზრი გაუზიარა: „როგორც მძღოლს, სატრანსპორტო მილიციასთან ხშირი კონტაქტი მაქვს. ყველა კორუმპირებულია, აბსოლუტურად ყველა მექრთამეა.“

მალცევის ნათქვამს არც კი დაიჯერებთ: მისი ინფორმაციით, მილიცია საგანგებოდ დგამს ქუჩაში წინაღობას, რათა მძღოლებმა მისთვის გვერდის ასავლელად წესი დაარღვიონ, ორმაგი უწყვეტი ზოლი გადაკვეთონ და ინსპექტორის კერძად იქცნენ.

მალცევი, როგორც მცირე მეწარმე, ამბობს, რომ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რა მეთოდებსაც საგადასახადო ინსპექცია მიმართავს. ახლახან მას საბანკო ანგარიში შეუჩერეს იმის გამო, რომ ვითომ რაღაც ქაღალდი არ ჰქონდა წარდგენილი. როცა ეს ქაღალდი წარადგინა, მაინც ვერაფერს მიაღწია. „ასე სამი კვირა ვიარე იქ და ვერაფერს მივაღწიე.მერე ერთი კაცი მოვიდა, მივეცი მისაცემი და ყველაფერი მოგვარდა“, ამბობს ის.

კორუფციის ეს ფორმა, მისივე თქმით, კომპანიების პარალიზებას იწვევს და მფლობელები ყველაფერზე მიდიან, რათა საბანკო ანგარიში კვლავ ამუშავდეს.

მექრთამეობა ყოველთვის იყო რუსეთის მახასიათებელი. ასეა დღესაც: სტუდენტები პროფესორებს ქრთამს აძლევენ კარგი ნიშნისთვის; პაციენტები ექიმს უტენიან ფულს ჯიბეში, თუმცა სამედიცინო მომსახურება სახელმწიფოს მიერ უფასოდ არის გამოცხადებული; მშობლები სამხედრო კომისარიატებს ქრთამავენ შვილის სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლებისთვის და ასე შემდეგ. გამოკითხვით, რუსების 60 პროცენტი მზად არის ქრთამი გადაიხადოს. პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა წელს გამოაცხადა, რომ კორუფცია დიდი საფრთხეა რუსეთის სტაბილურობისთვის: „ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ძნელი ამოცანაა კორუფციასთან ბრძოლა, რისთვისაც საჭირო იქნება კოლოსალური ძალისმხევა, გამძლეობა და ის გათვლილია, ცხადია, წლებზე. მაგრამ უკვე დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულ ძვრებს ვხედავთ.“

მედვედევმა თავიდანვე გამოაცხადა, რომ კორუფციას შეებრძოლებოდა. მან და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა საკუთარი ქონებისა და შემოსავლის დეკლარირება მოახდინეს. მაგრამ ეს რუსეთში საჩვენებელ აქციად იყო აღქმული. მალცევიც ამბობს, რომ ეს ყველაფერი კოსმეტიკურ მიზნებს ემსახურება. მედვედევის წინამორბედი, ახლა, ოფიციალურად, პრემიერი, ვლადიმირ პუტინი, ათი წლის წინ ასევე იქადნიდა, რომ კორუფციას ამოძირკვავდა. მაგრამ პრობლემა სწრაფად გაიზარდა ნავთობისა და გაზის ფასების აწევის შემდეგ: მოხელეებს მადა გაეღვიძათ და ქრთამის ოდენობამ იმატა. ვითარება არც კრიზისის პერიოდში შეცვლილა. რუსეთი დღეს, კორუფციის საერთაშორისო ინდექსის თანახმად, 180 სახელმწიფოს შორის 146-ე ადგილზეა.

კორუფციის ეს დონე ყველაფერში ჩანს - უძრავი ქონების სფეროდან დაწყებული, სურსათით ვაჭრობით დამთავრებული. კომპანიები შეკვეთებს რომ იღებენ, მალავენ ნამდვილ ხარჯს და ფულს იჯიბავენ.

მაგალითად, რუსეთის პრემიერის ყოფილი პირველი მოადგილე ბორის ნემცოვი, ახლა ოპოზიციის ლიდერი, მოსკოვში მშენებარე ახალი გზის ხარჯზე ლაპარაკობს: „მოსკოვის ქუჩების მშენებლობის ხარჯს თუ შეადარებთ შვეიცარიაში ნაწილაკების უზარმაზარი დამაჩქარებლის მშენებლობის ხარჯებს, ეს უკანასკნელი უფრო იაფი დაჯდა. უფრო იაფი დაჯდა ლა მანშის სრუტის ქვეშ ბრიტანეთის და საფრანგეთის შემაკავშირებელი გვირაბის ასევე გრანდიოზული ნაგებობის აშენებაც.“

მოსკოვი რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ უძვირეს ქალაქად. ნემცოვი განმარტავს, რომ ეს ხარჯები პოლიტიკურ სისტემაზე მეტყველებს - მეტყველებს იმაზე,თუ როგორ სარგებლობენ სამშენებლო ფირმები რუსეთში მოსკოვის მერ იური ლუჟკოვთან ახლო კავშირებით. ნოემბერში ნემცოვმა გამოაქვეყნა ლუჟკოვის შესახებ ანგარიში, რომლიდანაც ჩანს, რომ ის შეკვეთებით უზრუნველყოფს თავისი ცოლის, რუსეთის უმდიდრესი ქალის, კომპანიებს.

„მსოფლიოს ყველა ქვეყანაში - ჩეხეთში,ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაშიც კი - ეს სასამარლო გამოძიების საქმე გახდებოდა. ეს ორი ადამიანი ქალაქის მთავრობის შენობაში კი არა, დიდი ხანია ლეფერტოვოს ციხეში იჯდებოდა. მაგრამ რუსეთში ასე არ ხდება.“
ლუჟკოვის ცოლი, ელენა ბატურინა, ნემცოვის თქმით, იმდენად ოდიოზურია, რომ ყველა ნაბიჯი მის წინააღმდეგ სხვა პოლიტიკოსებისა და სამართალდამცველებისთვის მკაფიო ნიშანი იქნებოდა. თუმცა რუსეთში ძალიან ცოტას თუ სჯერა იმისა, რომ ბატურინას მსგავს პირებს ვინმე დასჯის კორუფციისათვის. შარშან ანტიკორუფციულმა კომიტეტმა - ასე იწოდება მეთვალყურეთა გაერთიანება რუსეთში - მოაწყო გამოკითხვა, რომლის თანახმადაც, რუსეთის მოქალაქეებს არ სჯერათ, რომ კორუფციას ბოლო მოეღება. კომიტეტის ხელმძღვანელი ევგენი არხიპოვი ამბობს: „ბევრს აღარა აქვს იმის რწმენა, რომ მართლა შეუძლიათ საკუთარი უფლებების დაცვა, როცა კორუფციას აწყდებიან.“

არხიპოვი და მისი კოლეგები აიძულეს უკრაინაში წასულიყვნენ, რადგან კორუფციის შესახებ საჯარო ანგარიშს ამზადებდნენ. ანგარიში მათ უკრაინაში გამოაქვეყნეს.

„რაც უფრო მკაცრია ხელისუფლების კონტროლი, რაც უფრო ცდილობს ის თავისი საქმიანობის დაფარვას, მით უფრო უჭირს ხალხს კორუფციასთან ბრძოლა. ბევრს ურჩევნია ქრთამი გადაიხადოს, ვიდრე მოხელეებს ებრძოლოს“, ასეთია არხიპოვის დასკვნა. სოციოლოგმა ლევ გლადკოვმა თქვა, რომ რუსეთის, მისი სიტვებით, „ამორალურობის ცინიკური კლიმატი“ ვერ ამოიძირკვება, სანამ რუსების უმეტესობა კორუფციას საქმის გასაკეთებლად აუცილებლობად მიიჩნევს. მისივე თქმით, არავინ იტყვის უარს პურსა და კარაქზე - ეს, უბრალოდ, არარეალურია.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG