Accessibility links

თბილისში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებს კრიტიკულად აფასებენ


საარჩევნო პლაკატი სოხუმში

საარჩევნო პლაკატი სოხუმში

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ ოფიციალური თბილისის პოზიცია, პრეზიდენტის სახელით, მისმა სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გამოაქვეყნა. სააკაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე არჩევნებს ამორალურ კომედიას უწოდებს. დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებს თბილისში უკანონოდ მიიჩნევენ და კრიტიკულად აფასებენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე საარჩევნო პროცესის მიმართ ოფიციალური თბილისის პოზიცია ადრეც ცნობილი იყო. საქართველოს ხელისუფლება უკანონოდ მიიჩნევს სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს. პოზიცია რუსეთისა და კიდევ ორიოდე სახელმწიფოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგაც არ შეცვლილა. ამ საკითხის მიმართ საქართველოს პრეზიდენტის დამოკიდებულება მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გამოაქვეყნა:

მანანა მანჯგალაძე, პრეზიდენტის პრესსპიკერი
”რაც შეეხება ე.წ არჩევნებს აფხაზეთში, რომელიც უკვე აღარც სეპარატისტული რეჟიმის მქონეა და რეგიონი, უბრალოდ, ოკუპირებულ ტერიტორიად იქცა, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კრემლმა აფხაზეთში ავტონომიური ელემენტი ბოლომდე გააქრო და ამორალურია რუსეთისგან ამ კომედიის დადგმა.”

ოფიციალური თბილისი, მსგავსი განცხადებების გარდა, იურიდიულ შეფასებასაც აძლევს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებს. ჯერ კიდევ ორი თვით ადრე საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საერთაშორისო ორგანიზაციებში განმარტება გაავრცელა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანო აცხადებს, რომ აფხაზეთში მიმდინარე არჩევნები არალეგიტიმურია და კანონს ეწინააღმდეგება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნატალია ჩხეიძის კომენტარი:

”როგორც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჰყავთ საარჩევნო კომისია და ჩვენ ვართ მისი ზემდგომი ორგანო, ასევეა აფხაზეთშიც. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე როდესაც ცხადდება რაიმე არჩევნები, ეს ეხება მთელ ტერიტორიას. ამჟამად კი არავითარი არჩევნები გამოცხადებული არ გვაქვს, მით უმეტეს - აფხაზეთში.”

იურიდიული ნორმების დარღვევის გარდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მიუღებელია ხუთივე კანდიდატი, რომელთაც პრეტენზია აქვთ გამოხატავდნენ აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობის ნებას. თუ რატომ, ამას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიასგან შეიტყობთ:

შოთა მალაშხია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე
”აბსოლუტურად ყველა არის მარიონეტი, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დანიშნული. მათ არანაირი პოლიტიკური მოტივაცია არ აქვთ და არ გააჩნიათ პოზიცია, მაგალითად, ინერტული მასალის გატანასთან დაკავშირებით, იქ მოსახლეობის შევიწროებასთან დაკავშირებით... მსგავსი არაფერი არ ხდება.”

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს არც სართაშორისო საზოგადოება. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ არჩევნებში არ მონაწილეობს რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი. თუ რა გავლენას ახდენს ეს ფაქტი არჩევნების ლეგიტიმურობაზე, ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ეკა სირაძე-დელონე საუბრობს:

”აფხაზეთის მოსახლეობის დიდი რაოდენობა დევნილია, არიან საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც, რუსეთშიც ბევრნი არიან და, შესაბამისად, რა რაოდენობის ამომრჩეველი აძლევს იქ ხმას და რამდენად იქნება ეს აფხაზეთის მოსახლეობის ნების გამომხატველი, ეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს.”

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გააპროტესტეს თბილისში, სასტუმრო „შერეტონ მეტეხი პალასში“, შეკრებილმა აფხაზეთიდან დევნილთა წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე ქართველებთან ერთად ეთნიკურმა აფხაზებმაც აღნიშნეს, რომ აფხაზეთში ლეგიტიმური არჩევნების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც რეგიონიდან დევნილები თავიანთ მიწა-წყალს და საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდებიან.
XS
SM
MD
LG