Accessibility links

logo-print

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა


სერგეი ბაღაფში საარჩევნო უბანში

სერგეი ბაღაფში საარჩევნო უბანში

12 დეკემბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. რესპუბლიკის მასშტაბით 174 საარჩევნო უბანი მოსკოვის დროით დილით რვა საათზე გაიხსნა. სოხუმის ცნობით დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებისთვის სულ 127 ათასი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მათგან 4000 მოსკოვის, 3000 კი ყარაჩაი-ჩერქეზეთის უბანზე. არჩევნებთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობდა რესპუბლიკის შსს-ს პირადი შემადგენლობა. აფხაზური სააგენტო “აპსნი პრესი” დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ ოთარ ხეციაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ყველა საარჩევნო უბანზე 3, ზოგან კი 7 მილიციელი მუშაობდა.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია 12 დეკემბერს იტყობინებოდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიურობა სხვა ქალაქებისა თუ სოფლების მსგავსად გალის რაიონშიც დაფიქსირდა. სამეგრელო–ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში სოხუმის ცნობას არ ადასტურებს და განმარტავს, რომ წინა არჩევნებში გამარჯვება მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს გალელების ხმებმა მოუტანა. „ახლა კი არჩევნებში მათი აქტიურობა აფხაზებს რუსმა პოლიტიკოსებმა არ ურჩიეს. შესაბამისად გალელები ამ არჩევნებში აქტიურად არ იყვნენ ჩართულები“, ამბობს კილანავა.

რადიო თავისუფლება ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებ რამდენიმე მოსახლეს დაუკავშირდა. მათი ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები წინა არჩევნებისგან განსხვავებით პასიურად მიმდინარეობდა. მიზეზად კი რესპოდენტები აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პასორტების არქონას ასახელებენ.

თავის მხრივ, საპრეზიდენტო არჩევნებში გალის რაიონში მცხოვრებ ამომრჩეველთა პასიურობა არ დაადასტურა გალის რაიონის ადმინისტრაციის დე ფაქტო ხელმძღვანელმა რუსლან ქიშმარიამ, რომელმაც რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ „ყველაფერი კარგად არის და აქტიურობაც მაღალია“

სოხუმის ინფორმაციით, არჩევნებს 21 ქვეყნის 83 წარმომადგენელი აკვირდებოდა. მათ შორის იყვნენ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საზოგადოებრივი პალატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დელეგაციები.

12 დეკემბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არალეგიტიმური უწოდა და შეაფასა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ქვეყნის კანონმდებლობის მორიგი, უხეში დარღვევა.

წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ლიდერობს მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში.
XS
SM
MD
LG