Accessibility links

3 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველო დიდ პოლიტიკურ ფსონს ჩავიდა. როდესაც ალიანსი ავღანეთში დამატებითი კონტინგენტის გაგზავნაზე ბჭობდა, საქართველომ მოულოდნელად განაცხადა, რომ ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ნატოს ოპერაციაში მომავალ გაზაფხულზე 1000 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არავინ ავალდებულებდა ასეთი დიდი წვლილის გაღებას, ხელისუფლების ამ თამამ გადაწყვეტილებას, ჩანს, უპრობლემოდ დაეთანხმება საქართველოს პარლამენტიც და საზოგადოებაც, რომელიც, შიდა საკითხებში მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, ყოველთვის საოცარ ერთსულოვნებას იჩენდა საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში ქართველი ჯარისკაცების გაგზავნის მიმართ.

ქართული გამბედაობა და კეთილგანწყობა ვაშინგტონიდან

ერთი თვეც არ გასულა, რაც 173 კაციანი ქართული ქვეითი ასეული ავღანეთში ჩავიდა და საქართველო უკვე აცხადებს, რომ მზადაა ქვედანაყოფის რაოდენობა 1000-მდე გაზარდოს. სამხედროების გაგზავნა იმ ტალღის ნაწილია, რომლის შედეგადაც ავღანეთში უცხოელი სამხედროების რაოდენობის გაზრდას 140 000-დან 150 000-მდე ელოდებიან. დეკემბრის დასაწყისში ბარაკ ობამამ გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები ავღანეთში დამატებით 30 000 სამხედროს გზავნის და ნატოს მოკავშირეებს კიდევ 7 000 სამხედროს გაგზავნის თხოვნით მიმართა. საქართველო, რომელსაც ნატოსთან დაკავშირებით პერსონალური ამბიციები არაერთხელ გაუცრუვდა, ყველაფრის მიუხედავად, ახალი ინიციატივით გამოდის.

“ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ბევრ დასავლეთევროპულ ქვეყანასაც კი შერცხვეს იმ წვლილისა, რასაც ამ ქვედანაყოფით გავიღებთ. თუმცა ეს არ არის ვინმეს შესარცხვენად ჩადენილი ქმედება (იცინის). ეს არის იმის გამოხატულება, - და იმედია, რომ გაგებული ვიქნებით შესაბამისადაც, - რომ, როგორც ერი და როგორც სახელმწიფო, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მზად ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო საქმეში, როცა კი ამის საჭიროება იქნება”,-უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა.

როგორც დეკემბრის სამიტიდან გასული კვირა ცხადყოფს, სირცხვილის ალმურს არავინ დაუწვავს. ავღანეთში დამატებითი ქვედანაყოფების გაგზავნას მხოლოდ ნატოს რამდენიმე ქვეყანა გამოეხმაურა უხალისოდ. თუმცა თბილისის გათვლა – მიეპყრო ვაშინგტონის ყურადღება – წარმატებული აღმოჩნდა.

7 დეკემბერს, თბილისში ვიზიტის დროს, ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალთა მეთაურმა გენერალმა როჯერ ბრედიმ თბილისის გადაწყვეტილებას ”სხვებისთვის მაგალითი” უწოდა და საქართველო შეაქო როგორც ერი, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებზე მეტს აკეთებს.

ანალოგიურად, გასულ კვირაში ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ”ვაშინგტონი ძალიან მადლიერია საქართველოს წვლილის გამო ამ მნიშვნელოვან მისიაში”.

საქართველოს ასევე სერიოზული წვლილი შეჰქონდა აშშ-ის ხელმძღვანელობით ერაყის მისიაში, სადაც მისი 2 000 ჯარისკაცი მონაწილეობდა. ქართული სამხედრო დაჯგუფება ერაყიდან სახლში 2008 წელს, რუსეთთან აგვისტოს ომის დროს, გამოიწვიეს.

მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ობამას ადმინისტრაციამ, რომელიც აღიარებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების უფლებას, საეჭვოა, რომ ამ მხრივ მისი მხარდაჭერა განაგრძოს.

ანალიტიკოსების თქმით, ობამას რომც სურდეს პოლიტიკური კაპიტალის დახარჯვა სააკაშვილის ნატოში მისწრაფების ლობირებაზე, ის სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდება ევროპელი მოკავშირეებისგან, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი.

”ის ნატოს ვერ მიიღებს და ობამა მას ვერაფრით დაეხმარება. ვფიქრობ, აშშ-ის ადმინისტრაციისთვის ამის გაცნობიერება მნიშვნელოვანია და, ვფიქრობ, მათ ეს უკვე გააცნობიერეს, რაც კარგია”, – ამბობს ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის პროფესორი და ავტორი წიგნისა ”არამდგრადი დემოკრატია: აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ‘ვარდების რევოლუცია’ ”.

”წასაგები ბრძოლისთვის ბრძოლა ახალ ადმინისტრაციაში არავის სურს და ვფიქრობ, რომ რაღაც დოზით სააკაშვილი ამას აცნობიერებს”, ამბობს მიტჩელი, თუმცა ქართული არმიის გამბიტს ოსტატურ სვლას უწოდებს. ”ნებისმიერ მოლაპარაკებებში და სავაჭრო სიტუაციაში ხშირად ცდილობთ ისეთი გარემო შექმნათ, სადაც თქვენ მიმართ რაღაც ევალებათ. ვფიქრობ, სააკაშვილს ყოველთვის სურს ამგვარი გარემოს შექმნა”, – ამბობს იგი.

სუსტი, მაგრამ მოტივირებული წინააღმდეგობა


მაგრამ რამდენად მოქმედებს ეს ტაქტიკა თავად საზოგადოების ცნობიერებაზე?

ახლახან თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, რესპონდენტების უმრავლესობა სამხედროების გაგზავნას დადებითად აფასებს: მომხრეა – 44, 9 %, წინააღმდეგი – 43,4 %, პასუხი არა აქვს – 11,7 %-ს.

ნუგზარ რეხვიაშვილი, 73 წლის პენსიონერი, ამბობს, რომ, იმ რისკის მიუხედავად, რის პირისპირაც შეიძლება სამხედროები ავღანეთში აღმოჩნდნენ, მისიაში მონაწილეობა საქართველოსთვის არის შანსი ნატოს დაანახვოს, რომ მას ალიანსის საქმეში სერიოზული წვლილის შეტანა შეუძლია:

“ვინაიდან საქართველოს აქვს პერსეპქტივა ნატოში შესვლისა, ვალდებულია, რომ წავიდნენ, იმიტომ რომ, ისე წარმოუდგენელია. ნატო კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაა და თუ გინდა იქ შესვლა, ვალდებული ხარ შეასრულო ის ცნებები და მოთხოვნები, რაც ნატოს ახასიათებს. Gგარდა ამისა, ჯარისკაცები იღებენ ძალიან დიდ გამოცდილებას.”

სამხედრო გამოცდილების მიღების თვალსაზრისით, ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაგზავნას მხარს უჭერს 33 წლის თამარ შუღლიაშვილი, თუმცა მისი დამოკიდებულება განსხვავებულია:

”ძალიან გული მწყდება, რომ სხვა მიწა-წყალზე იბრძვიან ჩვენი ბიჭები, როცა ჩვენი სამშობლო დაუცველია.”

ანალიტიკოსების თქმით, გამოკითხვის მონაცემების მიუხედავად, სამხედროების გაგზავნის ფაქტზე ოპონენტების პროტესტი საკმაოდ პასიურია. - საქართველოს პარლამენტში მყოფი უმცირესობა პრეზიდენტ სააკაშვილს ხშირად აკრიტიკებს დემოკრატიული ნორმების დარღვევისათვის, ტელე-მედიის მონოპოლიზების, დაუბალანსებელი და უკონტროლო მმართველობისა და თვითმმართველობების ცენტრალიზების გამო, მაგრამ როცა საქმე საერთაშორისო სამხედრო მისიებს ეხება, აქ ჩვენ სრული კონსენსუსი გვაქვსო, - უთხრა რადიო თავისუფლებას საპარლამენტო პარტია “ქრისტიან-დემოკრატების” წევრმა, პარლამენტარმა ნიკა ლალიაშვილმა.

საქარველოს მთავრობას ჯერ არ მიუმართავს პარლამენტისათვის თხოვნით ავღანეთში გასაგზავნი ქართული კონტინგენტის რაოდენობის გაზრდის თაობაზე, რასაც ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს. თუმცა, დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმცირესობაც და უმრავლესობაც მხარს დაუჭერს ავღანეთში 1000 ჯარისკაცის გაგზავნას. ამ რაოდენობის და უფრო დიდი ქვედანაყოფი კი ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების ოპერაციაში ნატოს მხოლოდ 10 წევრ ქვეყანას ჰყავს. თუმცა, თუკი მოსახლეობის ზომიდან გამოვალთ, ავღანეთში ჯარის რაოდენობით საქართველომ შეიძლება ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში პირველი ადგილიც დაიკავოს. მაგრამ საქართველოს, როგორც მისი ლიდერი მიიჩნევს, სხვა არჩევანი არა აქვს.

გასულ კვირას თბილისის შემოგარენში, ახალ სამხედრო ბაზაზე, ჯარისკაცებისადმი მიმართვაში სააკაშვილმა საქართველოს მონაწილეობა ავღანურ მისიაში პირდაპირ დაუკავშირა ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას.

ვიდრე შეერთებული შტატები და ნატო ავღანური კონფლიქტით არიან დაკავებული, მისი თქმით, რუსეთი სულ უფრო ძლიერი და აგრესიული ხდება სამხრეთ კავკასიაში. ”იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად გადაწყდება ავღანური პრობლება”, – დასძინა მან, – ”მით უფრო სწრაფად გახდება საქართველო უფრო დაცული.”

სააკაშვილმა თქვა აგრეთვე, რომ ავღანეთის მკაცრ პირობებში ვალდებულებების შესრულება ქართველი სამხედროებისთვის ”ნამდვილი სამხედრო ნათლობა” იქნება, რაც მომავალში მათ პოტენციური კონფლიქტების დროს გამოადგებათ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG