Accessibility links

logo-print
გასულ კვირაში დასავლეთის პრესაში რამდენიმე სტატია დაიბეჭდა საქართველოზე, მის მონაწილეობაზე ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში, ასევე სეპარატისტულ აფხაზეთში არჩევნებისა და, საერთოდ, აფხაზეთის საერთო მდგომარეობის შესახებ.

„რუსეთზე ფიქრით, საქართველო ავღანეთში ფართოდ მიიღებს მონაწილეობას“ - ასე ჰქვია „დეილი ტელეგრაფის“ სტატიას, რომლის სათაურშივეა გამოტანილი მოკლე დასკვნა წერილის შინაარსისა: როცა საქართველო დათანხმდა ავღანეთში 1000 სამხედროს გაგზავნაზე, ის საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა და მხედველობაში ჰყავდა თავისი გოლიათი მეზობელი, თავისი ყოფილი მმართველი, რუსეთი, - წერს მაიკლ მეინვილი და მკითხველს აცნობს საქართველოს არმიის ავღანეთში განთავსების ფაქტს, მისი უკვე იქ გაგზავნილი ჯარისკაცების რაოდენობას და გეგმას, მიავლინოს დამატებითი კონტინგენტი. გაზეთის აზრით, თბილისი ფიქრობს, ამ ნაბიჯით არა მხოლოდ განამტკიცოს კავშირი დასავლურ ალიანსთან, არამედ მისცეს თავის ჯარს საშუალება შეიძინოს გამოცდილება, რომელიც გამოადგება რუსეთთან და სეპარატისტულ რეგიონებთან კონფლიქტებში. გაზეთს მოჰყავს პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები: „როცა ჩვენი მოკავშირეები დაკავებულები არიან სხვა პრობლემებით, ჩვენი მტერი კიდევ უფრო აქტიურდება. რაც უფრო სწრაფად მოგვარდება ვითარება ავღანეთში და დასრულდება მეორე ომი ერაყში, მით უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება საქართველოს.“ იქვე გაზეთი ბეჭდავს სააკაშვილის სხვა სიტყვებს: ჩვენი ჯარისკაცებისთვის ესაა იშვიათი შესაძლებლობა, მართლა საბრძოლო ნათლობა მიიღონ - არ გვჭირდება არმია მხოლოდ სამხედრო აღლუმებისთვისო. მაიკლ მეინვილის გამოთვლით, ერთ სულ მოსახლეზე თუ ვიანგარიშებთ, საქართველო, შეიძლება, მსოფლიოში ყველაზე მეტ ჯარისკაცს გზავნიდეს ავღანეთში.

„ბი-ბი-სი მონიტორინგი“ აქვეყნებს საინფორმაციო წერილს, სათაურით: „საქართველო: აფხაზეთის 12 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეგზური“. სტატიაში განხილულია ზოგადი ფონი არჩევნებისა და აღნიშნულია, რომ ეს პირველი არჩევნებია რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონის აღიარების შემდეგ. აფხაზეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ, რასაც აფხაზეთის ტერიტორიიდან, ზემო კოდორის ხეობის გარდა, ეთნიკური ქართველების უმეტესობის განდევნა მოჰყვაო, ნათქვამია სტატიაში. ამ ხეობას, „ბი-ბი-სი მონიტორინგის“ ცნობით, ომამდე საქართველო აკონტროლებდა. 1993 წლის შემდეგ, ადრე აფხაზეთში მცხოვრები 300 ათასი ეთნიკური ქართველის მხოლოდ მცირე ნაწილი დაბრუნდა უკან, იუწყება ის.

შემდეგ გამოცემა არჩევნების კანდიდატებს ახასიათებს და ამომრჩეველზეც წერს. მის მიერ მოხმობილი რუსული და აფხაზური წყაროების მონაცემებით, სეპარატისტული რესპუბლიკის კანონის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ აფხაზეთის პასპორტების მქონე მოქალაქეებს, რომელთა რიცხვი 141 ათასს აჭარბებს. მათ შორისაა გაგრის რაიონის მცხოვრები სამი ათას ხუთასი მოქალაქე.

გერმანიაში გამომავალი „ფრანკფურტერ ალგემაინე“ უფრო ზოგადი ხასიათის სტატიას აქვეყნებს აფხაზეთზე. სტატიის სათაურია „აფხაზეთის გაყიდვის შიში“. აფხაზეთში ბევრი ისურვებდა რკინის ფარდას საქართველოსა და მათ რეგიონს შორის, მაგრამ საქართველოსთან თანამშრომლობაზე არიან დამოკიდებულნი და, ამავე დროს, შიშობენ, რომ აფხაზეთი რუსეთს მიეყიდება. მიხაელ ლუდვიგმა სოხუმში იმოგზაურა და იქიდან ჩამოტანილ შთაბეჭდილებებს უზიარებს მკითხველს. ის აღწერს ვითარებას საზღვარზე, სადაც აფხაზი მესაზღვრეები საკუთარი წარმოების ჭაჭას სვამენ და, როგორც გაზეთი წერს, მტრული საქართველოს ბორჯომის მინერალურ წყალს აყოლებენ. მესაზღვრეები გამშვები პუნქტისკენ მიმავალ, როგორც შემდეგ ირკვევა, საპატარძლოს დაინახავენ და მას, საბუთის წარმოდგენის შემდეგ უშვებენ, მეორე მხარეს კი თეთრ კაბაში გამოწყობილ ქალს მექორწილეები ელოდებიან. ამ ამბის თხრობისას, ლუდვიგის თქმით, აფხაზი პოლიტიკოსი იტყოდა, ქალმა საქართველოსა და აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარი გადალახაო. ქართული პოზიციიდან, ეს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის რეგიონების ადმინისტრაციული საზღვარია. წერილის ავტორისთვის ცხადია ერთი რამ: მდინარე ენგურის ორივე მხარეს, ქართული ქვეეთნოსის, მეგრელების, წარმომადგენლები ცხოვრობენ, რომელთაც ყოველთვის ჰქონდათ ოჯახური კავშირები. ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქართველები და აფხაზები ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი, რადგან საბჭოთა პერიოდში აგებული ენგურჰესის საკუთრების პრობლემა დგას. ლუდვიგი წერს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა ზოგიერთ საკვანძო საკითხში. სერგეი ბაღაფშს სხვა კანდიდატები აბრალებენ, რომ ის რუსეთისგან დახმარების მომხრეა და ამას აფხაზეთის გაყიდვა მოჰყვება. უფრო ფართოა უთანხმოება, გაზეთის თანახმად, აფხაზური პასპორტის გამო. სერგეი ბაღაფში, სტატიის ავტორის თქმით, მომხრეა, რომ ქართველებსაც დაურიგდეთ ადგილობრივი პასპორტები. ბაღაფშს მათ საპასუხოდ, ვინც ეწინააღმდეგება ამ იდეას, უთქვამს, რომ ისინი, ვინც ფიქრობს, რომ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები არ არიან თანასწორნი და ამით აფხაზეთის დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას უშლის ხელს, ფაშისტები არიან და არა პოლიტიკოსები. ბაღაფშისგან განსხვავებით, გაერთიანება „აურაა-ს“ წარმომადგენელი ვადიმ სმირი, რომელიც რაულ ხაჯიმბას საარჩევნო შტაბს ეკუთვნის, შიშობს, რომ ქართველებისთვის პასპორტების დარიგება ქართველების რიცხვის გაზრდას გამოიწვევს. „ფრანკფურტერ ალგემაინეს“ ამ სტატიის ავტორი ინფორმირებულია, რომ მეგრელებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც აფხაზური პასპორტების აღებას ესწრაფვიან. მათ ორი მოტივი აქვთ, მიხაელ ლუდვიგის თანახმად. ერთი ისაა, რომ ისინი ფიქრობენ, რუსეთი აფხაზეთს აღარასოდეს დათმობსო, და რეალობას ერგებიან. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ აფხაზეთის მოქალაქეებს აქვთ უფლება რუსეთის მოქალაქეებიც იყვნენ, რუსეთში კი სამუშაო არის და შესაძლებელი ხდება აფხაზეთიდან გაჭირვებას გაექცე. სტატიის ავტორი წერს ასევე სერგეი ბაღაფშზე, მის სურვილზე მოხდეს კონსოლიდაცია; რომ, ბევრი აფხაზისგან განსხვავებით, მან იცის, რომ რუსეთს მათ მიმართ სიყვარული არ ამოძრავებს, რომ მისი დღევანდელი ნაბიჯების განმსაზღვრელი გეოპოლიტიკაა, რომელიც შეიძლება შეიცვალოს. სოხუმელი პოლიტოლოგის არდა ინალ-იფას განსჯა კი, გაზეთის თანახმად, ასეთია: აფხაზეთის აღიარება რუსეთის მხრიდან მაშინ იქნება საბოლოო, როცა მოსკოვის მიერ თბილისის მიზიდვის მცდელობა, თავის ორბიტაში საქართველოს დაბრუნების მიზნით, არ გაამართლებს და საქართველო ნატოში აღმოჩნდება. წერილს „ფრანკფურტერ ალგემაინე“ ასე ამთავრებს: არც ისე ხისტია სამხრეთ კავკასიაში ვითარება, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ ჩანდაო.
XS
SM
MD
LG